„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ანგარიშის თანახმად, COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19–ის დიაგნოზით გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობაა 15. კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში ჭარბობენ 70 წელს გადაცილებული პაციენტები. სქესის მიხედვით კი შემთხვევები თითქმის თანაბრად გადანაწილდა.
გარდაცვლილთა შორის 8 პირი დაინფიცირდა თბილისის, 3 - ქვემო ქართლის, 2 - აჭარის რეგიონში. 2 იყო იმპორტირებული შემთხვევა: ერთი აზერბაიჯანიდან, ხოლო მეორე - სომხეთიდან.
ანგარიშის თანახმად, ლეტალური შემთხვევების 93%-ში ძირითადი დაავადება გართულებული იყო პნევმონიით, მათ შორის 78%- ში განვითარდა მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი. სეპტიცემია აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 64%-ს.
COVID-19-ით გარდაცვლილ ყველა პაციენტს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, აბსოლუტურ უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, 40%-ს - ფილტვის ქრონიკული დაავადებები.
საქართველოში 2020 წლის პირველი 6 თვის პერიოდში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა ნაკლებია წინა წლებთან შედარებით: 7%-ით 2019 წელთან და 1%-ით 2018 წელთან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები