პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: საქართველოში უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული
22:23, 06 Aug, 2020     634

პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" საქსატატის მონაცემებზე დაყრდნობით, უმუშევრობის დონის და დასაქმების გამომწვევი მიზეზების ანალიზს აქვეყნებს. როგორც პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა აცხადებს, ციფრებზე აპელირებისა და იმის დაფიქსირების გარდა, უმუშევრობა გაიზარდა თუ შემცირდა, მნიშვნელოვანია უფრო სიღმისეულად ვისაუბროთ უმუშევრობის გამომწვევ მიზეზებზე. ამასთან იმ მეთოდოლოგიაზე, თუ როგორ ადგენს უმუშევრობის დონეს სოციოლოგიური კვლევები და რაზე დაყრდნობით დებს შედეგებს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების ანალიზი.

მაია კუკავა: "დღეისათვის გაეროს ყველა წევრ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, უმუშევრობის სტატისტიკის საერთაშორისო მეთოდოლოგია გამოიყენება, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO – გაეროს შვილობილი ორგანიზაცია) მიერ არის შემუშავებული. საერთაშორისო მეთოდოლოგიებს პირველ რიგში ის დანიშნულება აქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები შედარებადი იყოს. მაგალითად, თუ საქართველოსა და სომხეთში უმუშევრობის დონის დათვლის მეთოდოლოგია განსხვავებული იქნება, მიღებული შედეგების შედარება არ მოგვცემს საშუალებას, ვთქვათ, რომელ ქვეყანაში უფრო მაღალია უმუშევრობის დონე. გარდა ამ მიზნისა, უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიის მთავარი ამოცანაა, სწორად განაწილდეს უმუშევრობის დახმარება, არ მიიღოს დახმარება მან, ვინც რეალურად უმუშევარი არ არის და საკუთარი შრომითი შემოსავალი აქვს. აქედან გამომდინარე, უმუშევარი ადამიანის დასადგენად საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებია შემუშავებული. საქართველოში უმუშევრობის დახმარება არ არის, მაგრამ, რადგან გაეროს წევრი ვართ, ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენც მათი მეთოდოლოგია გამოვიყენოთ. ამასთან, უმუშევრობაზე დაკვირვება გვეხმარება, განვსაზღვროთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და თუ რამდენად უმჯობესდება ან უარესდება სოციალური ფონი ქვეყანაში.

მაია კუკავას განცხადებით "სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები ყოველთვის მეტია, ვიდრე - ოფიციალური მაჩვენებლები, რადგან სუბიექტური აღქმა ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე მეთოდოლოგიურ საფუძველზე გაანგარიშებული მაჩვენებელი, რადგან ადამიანებს უფრო მეტის მოლოდინი და განცდა აქვთ ვიდრე ეს გარკვეული მეთოდოლოგიით გაანგარიშებული მაჩვენებლის სიდიდეა. ამასთან, სუბიექტური შეფასებისგან განსხვავებით ოფიციალური მაჩვენებლები ეფუძნება გამოთვლის გარკვეულ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც ადამიანი შეიძლება დასაქმებულად ჩაითვალოს ან სულაც ეკონომიკურად არააქტიურის სტატუსი მიენიჭოს, მიუხედავად იმისა, თავად თვლის თუ არა იგი საკუთარ თავს დასაქმებულად. ამასთან თუ გამოკითხის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ადამიანი ერთი საათი მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ის ითვლება დასაქმებულად. "

"რეფორმერის" წევრის მაია კუკავას თქმით, მოსახლეობის დასაქმების სტრუქტურის ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის და, მათ შორის, შრომის ბაზრის ფუნქციონირების ეფექტიანობის შეფასებისათვის. ფაქტობრივად, დასაქმების სტრუქტურა ასახავს ეკონომიკის სტრუქტურას და მასში მიმდინარე ცვლილებებს, საზოგადოებრივი საქმიანობის სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, ეთნიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. ამასთან, მოსახლეობის დასაქმების მდგომარეობის ანალიზისას დიდი მნიშვნელობა აქვს მის არა მარტო რაოდენობრივ, არამედ ხარისხობრივ შეფასებას.

მაჩვენებლები რეალურ მდგომარეობას ვერ ასახავს, რადგან ამ მონაცემებში შესულია თვითდასაქმებულთა კატეგორია. ამ კატეგორიაში კი საქართველოში ზოგადი ეკონომიკური სურათიდან გამომდინარე ვერანაირად ვერ შევიდოდა მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ძალა. ამ კატეგორიაში ძირითადად წვრილი ფერმერები და სხვა საარსებო მინიმუმზე მომუშავეები შედიან. ამ ნაწილის ძირითადი საარსებო წყარო სოფლის მცირე მეურნეობა და ისეთი სახის შრომაა, რომელიც არა კაპიტალის ზრდას, არამედ საკუთარ ფიზიკურ კვლავწარმოებას ემსახურება. ამას აჩვენებს ისიც, რომ სოფლად უმუშევრობის დონე ბევრად დაბალია (5%) ქალაქთან (22%) შედარებით, ხოლო სოფლის მეურნეობის წილი ერთიან შიდა პროდუქტში საკმაოდ დაბალია. ერთი სიტყვით, ეს ფენა დასაქმების აქტიური მძებნელია, ვიდრე დასაქმებული, ამის აღწერა კი სამწუხაროდ არ ხდება.

კერძო სექტორი და საბაზრო ძალები ძირითადად მიემართებიან ისეთი სექტორებისკენ, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივის მოცემა, ორიენტირებულნი არიან მოკლევადიან მოგებაზე, არ შეუძლიათ დასაქმების და შრომის დანაწილების ზრდა, არ ზრდიან ეფექტიან მოთხოვნას, გამოირჩევიან სპეკულაციური საქმიანობით. ისეთ სექტორებს, როგორიც არის მრეწველობა, რომელიც რეალურად ეკონომიკის გამწევი ძალაა, როგორც დამატებული ღირებულების ისე მშპში წილით, არ ექცევა ყურადღება და სამაგიეროდ ხდება ტურიზმის და საბინაო მშენებლობის წახალისება, რომელიც არ გამოირჩევა ზემოთ დასახელებული კომპონენტებით.

შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შრომის ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას. საქართველოს შრომის ბაზრისთვის დამახასიათებელია კონიუქტურის შერეული ტიპი - უმუშევრობის და სამუშაო ძალის დეფიციტის ერთდროულოულად არსებობა. ამ მხრივ, ძირითად პრობლემას წარმოადგენს სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი და მოთხოვნადი პროფესიებისათვის საჭირო უნარების დეფიციტი.

საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ძალზე მწირია, ამასთან, არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკური მაჩვენებლები და სისტემატიზებული ინფორმაცია მოთხოვნად პროფესიებსა და სპეციალობებზე.

შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძვლიანი შესწავლის კვალობაზე უნდა მოხდეს მისი შესაბამისი სპეციალობებისა და კადრების მომზადება-გადამზადება, რაც შეამცირებს დისბალანსს და არაადეკვატური განათლების მქონე მუშახელს.

ქვეყანაში რეალური სექტორის - ეკონომიკის გამწევი ძალის იმ ტემპით განვითარება არ ხდება, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ძალის ბაზარზე სტაბილურობას. საქართველოს ინტეგრირებამ საბაზრო ეკონომიკაში გამოიწვია იაფი ნედლი მასალის გატანისა და მანუფაქტურული, ასევე საკვები პროდუქტების იმპორტის ზრდა. ამ დროს შიდა წარმოება მინიმალურია და არ შეუძლია კონკურენციაში ჩაბმა. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს რეალური სექტორის განვითარებას მომსახურების სფეროების ზრდის ნაცვლად, ასევე ადგილობრივი ბაზრის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაიცვას ბაზარი გარე კონკურენციისგან, შედეგად გაიზრდება ეროვნული წარმოება და იმპორტის დონე შემცირდება. საბოლოოდ გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკონომიკა ეტაპობრივად გაუმჯობესდება.

საშუალო საწარმოები გამოირჩევიან დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით. ასევე, ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას, და ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის დონის ამაღლებაში. საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერებისთვის და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის საჭიროა საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, ექსპორტის ხელშეწყობა, ინოვაციების, კვლევის და განვითარების წახალისება.

ადამიანური კაპიტალი ეკონომიკური განვითარების ინტენსიური საწარმოო ფაქტორია, რომელიც ქვეყნის ეფექტურ და რაციონალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით უფრო მაღალია მოცემული საზოგადოების ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის წილი. საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მასშტაბური ინვესტიციები განათლების სექტორში. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება უნდა იყოს ქვეყნის აბსოლუტური პრიორიტეტი.

აუცილებელია სტატისტიკური ინფორმაციისადმი თვისობრივად ახალი მიდგომის ჩამოყალიბება. საჭიროა, შეიქმნას შრომის ბაზრის მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზა და კონკრეტულად განისაზღვროს ამ ბაზის სრულყოფილებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. მასში აღრიცხული იქნებიან როგორც დასაქმებულები, ასევე უმუშევრები. ბაზა უნდა იყოს სრულყოფილი და სანდო. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კომპანიებისთვის.

მიმდინარე ეტაპზე ქვეყნის მთავარი ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის რადიკალური გაუმჯობესების პროგრამების სრულყოფა და რეალიზაცია ყველა დონეზე - აცხადებს პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა.





მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
შიდსით დაავადებულმა პედოფილმა 12 წლის გოგონა გააუპატიურა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა
არაოფიციალური გზით მივიღე, წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ - დავით ფურცხვანიძე
ფურცხვანიძე არ ასახელებს ფოტომასალების წყაროს და უარი განაცხადა გამოკითხვაზე - პროკურორი
ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია - კახი კალაძე
გასროლა ხაშურში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მეჭიაურის მძღოლის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო, ამოუცნობ პრობლემასთან გვიწევდა გამკლავება - ნათია თურნავა
მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას დიდი მხარდაჭერისთვის - რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
საინტერესო ამბები
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42
ინფექციურ საავადმყოფოში 1 კრიტიკული და 3 მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს - ეზუგბაია
დღეს, 02:42
პირველი ქართული პროდუქტი ინტერნეტ სამყაროში - #სთექი საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება
დღეს, 02:42
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია - მისი ახალი რჩეული ახალგაზრდა ბიზნესმენია
დღეს, 02:42