ლიბანის პრეზიდენტის თქმით, ბეირუთის კატასტროფის მიზეზი შესაძლოა ხელოვნური იყოს- იგი არ გამორიცხავს რომ აფეთქება გამოეწვია რაკეტას ან ბომბს. მიშელ აონმა აღნიშნა, რომ აფეთქების კონკრეტული მიზეზები 3 დღის შემდეგაც კი ჯერ დადგენილი არ არის.
მანამ, სანამ სამართალდამცავები იძიებენ პორტის თანამშრომელთა დაუდევრობის ფაქტს, რომლის ფონზეც 16 ადამიანი დააკავეს, პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საქმეზე საგარეო კვალი იკვეთებოდეს- ბომბისა და რაკეტის სახით.
ადრე არსებული ვერსიის თანახმად, აფეთქების მიზეზი იყო ის ფეირვერკები, რომლებიც საწყობში ამონიუმის ნიტრატთან ერთად ინახებოდა. ასევე არსებობს ვერსია, რომ შემდუღებლების მოქმედების შედეგად მოხდა ცეცხლის გაჩენა და აფეთქება.
ადრე მოკლული ლიბანელი პოლიტიკოსის შვილმა „თითი გაიშვირა“ ტერორისტული დაჯგუფება "ჰესბოლას" მისამართით და აღნიშნა, რომ ამ დაჯგუფების გარეშე პორტიდან არაფერი გადის და არაფერი შემოდის. ადგილობრივ მედიაში აგრეთვე ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამონიუმ ნიტრატი, რომელიც საწყობში აფეთქდა, შესაძლოა გადაამისამართეს მოზამბიკის ნაცვლად ბეირუთში.
ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 300 000-მა ადამიანმა დაკარგა სახლ-კარი, 5000-მდე დაიჭრა, ხოლო 154 კი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები