სოციალურ ქსელებში ბელორუსის ოპოზიციის ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს.
სვეტლანა ტიხანოვსკაია ამბობს, რომ მუქარის მსხვერპლი გახდა, რამაც აიძულა, უარი ეთქვა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ საქმიანობაზე და გაქცეულიყო ვილნიუსში.
“იცით, ამ კამპანიამ მე თავიდან მაფიქრებინა რომ მაქვს ძალა, რომელიც მომცემს საშუალებას, გავუძლო ყველაფერს, თუმცა როგორც ჩანს, მე ისეთივე სუსტ ქალად დავრჩი, როგორც თავიდან ვიყავი. მე ჩემთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება მივიღე, რომელშიც არავინ დამხმარებია, მხოლოდ მე გადავწყვიტე ეს, რომელშიც არც სერგეი, არც შტაბი, მეგობრები და ოჯახი არ ყოფილან ჩართულნი. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამასამართლებს და უამრავი მათგანი აგრეთვე შემიძულებს, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, რომ ისეთი არჩევანის წინაშე დამდგარიყავით თქვენც, როგორც მე.
ხალხნო, გთხოვთ თავს გაუფრთხილდით. არც ერთის სიცოცხლე არ ღირს იმის გამო, რაც ახლა ხდება. შვილები ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც კი ჩვენ სიცოცხლეში გაგვაჩნია“ - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
სოციალურ ქსელებში და ადგილობრივ მედიაშიც აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ლიდერის ბოლო ფრაზა სწორედ გამოხატავს იმ მიზეზს და განმაპირობებელ ფაქტორს, რატომაც მან დატოვა ქვეყანა- გავრცელებული მოსაზრებით, მას შვილებით ემუქრებოდნენ, თუ პოლიტიკურ საქმიანობას არ ჩამოსცილდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები