დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც შაქარაშვილის საქმეში დაღუპულის ოჯახის მოწვეული იყო, საქმესთან დაკავშირებით საუბრობს.
მისი თქმით, შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული პირველი ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგენილიყო, რამ გამოიწვია ფეხბურთელის გარდაცვალება და ასევე მისი სიფხიზლის საკითხი. ამ ექსპერტიზაში მონაწილეობდა ექსპერტი კახა ერისთავი. ამ ეტაპზე დასრულებულია მეორე ექსპერტიზის ნაწილი, სადაც 14 შეკითხვიდან პასუხი გაცემულია მხოლოდ 8 შეკითხვაზე, რაც ეხება დაზიანებების განვითარების შესაძლებელ ვარიანტებს.
მისი თქმით, ამ ეტაზე პასუხი ყველა 14 შეკითხვას იმიტომ არ გაეცა, რომ გამოძიებამ მათ მიმართა მიმართვით, რომ თუ რაიმე კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იყო, გამოძიების საჭიროების შესაბამისად პასუხი მალევე გაეცათ.
ამ შეკითხვების პასუხების ანალიზის და საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, ექსპერტიზის კომისიის წევრები მივედით ერთიან გადაწყვეტილებამდე და დადგინდა, რომ შაქარაშვილის დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული არ არის, ცალსახად გამოვრიცხეთ, რომ დაგორებით არ შეეძლო ამ დაზიანებების მიღება, ანუ იმ ბილიკზე დაგორებით დაზიანებებს ვერ მიიღებდა, რამეთუ ადგილზე უნდა ქონოდა უფრო სხვა სახის დაზიანებებს, – ამბობს გეჯაძე.
ექსპერტის თქმით, მათ გამორიცხეს შინაგანი სისხლჩაქცევების მიღების შესაძლებლობა საკუთარი სხეულის დაცემის შედეგად და დადგინდა, რომ ამ დაზიანებებს დაღუპული სხვა სახით მიიღებდა. მისი თქმით, შაქარაშვილს დაზიანებები ხელკეტის მსგავსი საგნის შედეგად აქვს მიყენებული, ცემის შედეგად და დაზიანებები ყველა არის სიცოცხლის პერიოდში.
გეჯაძე ამბობს, რომ დამატებითი 6 კითხვისთვის პასუხის გასაცემად მიმდინარეობს კვლევა, რომელიც დაადგენს სიკვდილამდე რამდენად ადრე მოხდა შაქარაშვილისთვის დაზიანების მიყენება.
მისი თქმით, ასევე დგას საკითხი, ჰქონდა თუ არა გონი დაკარგული შაქარაშვილს ან ხომ არ ჰქონდა მას ტრავმული შოკი და ამ კითხვებსაც ექსპერტიზის მეორე ეტაპზე გაეცემა პასუხი.
ასევე უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რამდენ ხანს იმყოფებოდა შაქარაშვილის ცხედარი წყალში.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ხუთი პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და სპეციალურ ბრიფინგზე აღადგინა ფეხბურთელის დაღუპვის სცენა.
მასალის გამოყენების პირობები