გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი ამბობს, რომ თუ სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კვალი დაადგინა, ოფიციალური ბერლინის რეაქცია შესაბამისი იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გერმანიის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"როგორი იქნება განაჩენი, მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. ეს იქნება საფუძველი, ჩვენი რეაქციისთვის. თუ სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს და პროკურატურის პოზიციას გაიზიარებს, ჩვენ შესაბამისი რეაქცია გვექნება", - აღნიშნა მაასმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის ზაფხულში მოკლეს. დაკავებულ ბრალდებულს გერმანიის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წაუყენა და მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები