ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებთან, აკაკი ბობოხიძესთან, გიგი წერეთელთან და სერგო რატიანთან ერთად ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, მოსახლეობათან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ ქუთაისის პარლამენტის შენობაა იმის სიმბოლო, თუ როგორ მიატოვა პროექტები, გააჩერა ქვეყანა და შეაჩერა განვითარება ივანიშვილის ხელისუფლებამ.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერი იქნება გარდამტეხი ცვლილებების დღე და ამ ცვლილებებს მოიტანს სწორედ ევროპული საქართველოს კომპეტენტური გუნდი.
„მოგესალმებით ქუთაისში, იმერეთში, ამ შენობის ფონზე, რომელიც არის ერთ-ერთი სიმბოლო გაჩერებული საქართველოს, მიტოვებული პროექტების, შეჩერებული განვითარების, იმ უიმედობის, უპერსპექტივობის, უმომავლოვის, ჭაობის, რომელშიც ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ შეიყვანა საქართველო და ჩვენი ყველას, დღევანდელი შეკრების ამოცანა გახლავთ სწორედ ეს, წერტილი დავუსვათ უიმედობას, უპერსპექტივობას, გაჭირვებასა და სიღარიბეს და ყველამ ერთად განვაახლოთ ქვეყნის შენება და წავიყვანოთ საქართველო წინ.
დიახ, 31 ოქტომბერი არის სწორედ ის დღე, როდესაც ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი როგორი გვინდა რომ იყოს ჩვენი ქვეყანა მომავალი 4 წლის განმავლობაში, იმიტომ, რომ ყველას კარგად გვესმის ის პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში დაგროვდა.
პრობლემების მოგვარებას სჭირდება გუნდი და ევროპული საქართველო არის სწორედ ის გუნდი, რომელსაც თავისი ხედვით, შემადგენლობითა და კომპეტენციით შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და ქვეყნის წინ წაყვანა.“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები