როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვ.ე. ფულადი სარგებლობის მიღების მიზნით საკუთარი შვილების მიმართ ტრეფიკინგს ეწეოდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია:
"ექსპლუატაციის მიზნით, 2019 წლიდან აიძულა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები ლ.ე. და ლ.ე., რომლებსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმით, კერძოდ მოწყალების მიღების თხოვნით, 2020 წლის ნოემბრამდე უწევდა შრომით ექსპლუატაციას. არასრულწლოვნების მიერ მოწყალების თხოვნის შედეგად და წვრილმანი ნივთების გაყიდვით შეგროვებულ თანხებს ვ.ე. ისაკუთრებდა.
ვ.ე. არასრულწლოვანი შვილებს ლ.ე.-ს და ლ.ე.-ს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობითა და მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბნებსა და დღის სხვადასხვა მონაკვეთში, მოეთხოვათ და შეეგროვებინათ მოწყალება. ვ.ე.-მ თავის არასრულწლოვან შვილებს სავალდებულოდ დაუწესა მისთვის 20 ლარის ყოველდღე მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, არასრულწლოვნების მიერ მიტანილ თანხას კი ვ.ე. თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა", - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები