"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი , აკაკი ბობოხიძე მოითხოვს, რომ სიტყვა "ოპოზიცია" არ გამოიყენონ ელისაშვილისა და "გირჩის" ნაწილის მიმართ - მისი თქმით, ისინი საუბრობენ "ოცნების" ტერმინლოგიით და ბრალდებებსაც "ქოცური" მენტალიტეტით "ისვრიან".
ბობოხიძის შეფასებით, ალეკო ელისაშვილს და პარტია “გირჩს” პოლიტიკური ფასი მხოლოდ იმიტომ დაედო, რომ ოპოზიციის მსხვილი ნაწილი პარლამენტში არ შედის და როგორც ჩანს, “ქართული ოცნებისთვის” ალეკო ელისაშვილს გარკვეული ამოცანა აქვს შესასრულებელი.
“ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას, გვაქვს ერთიანობა და იმედი მაქვს, ეს ერთიანობა ბოლომდე იქნება შენარჩუნებული. ალეკო ელისაშვილთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ალეკო ელისაშვილი ვინ არის?! მეორე მხარეა?! ანუ ხელისუფლების წარმომადგენელია და მას უნდა ველაპარაკოთ რამეზე?! ალეკო ელისაშვილს და “გირჩის” ნაწილს პოლიტიკური ფასი დაედო მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის მსხვილი ნაწილი არ შედის პარლამენტში, ამიტომ მოდით, ეს ფასი დაიდონ შევიდნენ და შეირგონ. ალეკო ელისაშვილი და “გირჩის” ნაწილი არ წარმოადგენს პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერს, რომ არა ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტის მიმართ. უნდათ შესვლა?!შევიდნენ, ოღონდ როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილს "ქართული ოცნებისთვის” ფუნქციაც და ღირებულებაც გააჩნია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ის პარლამენტში მასთან ერთად ვინმეს კიდევ შეიყვანს და ალეკო ელისაშვილს, როგორც ჩანს, ეს ამოცანა აქვს “ქართული ოცნების” წინაშე შესასრულებელი, მაგრამ ბუნებრივია, რომ ამ დავალებას ვერ შეასრულებს. ჩვენი ოპოზიციის პოზიცია არის ერთიანი, არჩევნები გაყალბდა და იმისთვის, რომ გაყალბებული არჩევნების ირგვლივ შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა ამისათვის არსებობს ერთადერთი გზა - ხელახალი არჩევნები და აქ ვართ ერთიანი, არსებობს ამის მიღწევის ბერკეტები და ამ ბერკეტების ამოქმედების დრო დადგება ძალიან მალე. ყველაზე რადიკალური პოზიციების მქონე პიროვნებიდან ალეკო ელისაშვილისგან მივიღეთ აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციების მქონე ელისაშვილი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატები მოიძია, დადო და იძულებული გახადა მართული ყოფილიყო”, - განაცხადა ბობოხიძემ.
მასალის გამოყენების პირობები