
კასპში, ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდიშვილს, გორის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, გოგა კუპრეიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაცვის მხარეს კი, აღმკვეთის გარეშე დატოვებაზე უარი უთხრა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის. მენაბდიშვილმა დუმილი დაარღვია და მოსამართლეს უამბო რა უძღვოდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მან თქვა, რომ მაღალჩინოსნის შვილი, კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად სიცოცხლის ხელყოფით ენუქრებოდა, მიმართა შესაბამის ორგანოებს თუმცა, სამართალი ვერ იპოვა.
დაკავებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს და აცხადებს, რომ გაასაჩივრებენ მოსამართლის განჩინებას.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გამოიყენა პატიმრობა. დაცვის მხარე გავასაჩივრებთ მოსამართლის განჩინებას,"- აცხადებს ქეთევან გაგლოევა.
ცნობისთვის, დაკავებულს ბრალი 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცი კასპში, ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე ორი დღის წინ შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები
