ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი, გიორგი მუჯირი ამბობს, რომ ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ ახალი ბრალდებით დააზუსტეს "მათი ქმედების მოტივაცია".
პროკურორმა კომენტარი აქციის მონაწილეთა შეძახილების ფონზე "მონა", "მონა" - გააკეთა.
"ახალი ბრალდებით დაზუსტებულია ბრალდებულთა ქმედების მოტივაცია, კერძოდ, ისინი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ დავალებისამებრ. სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოება განისაზღვრა ახალი გარემოებით.
ბრალდების მხარემ შეძლო და მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ საქართველოს ინტერესთა საწინააღმდეგო ქმედებას", - განაცხადა პროკურორმა და აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვეს.
პროკურორი არ აკონკრეტებს, ვინ აძლევდა დავალებებს ბრალდებულებს და თქვა, რომ არსებობს სხვა სისხლის სამართლის საქმეც, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები