
ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საგანგებო განცხადებას ეხმაურება ციხეებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ნადირაშვილის თქმით, სახალხო დამცველის განცხადებამ დაადასტურა ის, რაც ყველასთვის ნათელი იყო, რომ ციხეს მართავს არა ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დაუბრუნდა 90-იანი წლების ვითარებას, როდესაც ხელისუფლება და კრიმინალი ერთმანეთთან შეკრული იყო, ხოლო სახალხო დამცველის განცხადებამ ეს ყველაფერი უბრალოდ ასახა.
„სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებამ დაადასტურა ის, რაც ჩვენ ყველამ ისედაც ვიცოდით, რომ ციხეს მართავს არა მისი ადმინისტრაცია, არამედ შავი სამყარო. ის, რომ კრიმინალი ქვეყანაში არის გაზრდილი, ეს თავისთავად გამომდინარეობს და დაკავშირებულია ციხეში შავი სამყაროს მმართველობასთან და ამაში, მე მგონი, არც არაფერი არ არის გასაკვირი. ხელისუფლება, რომელიც გადაბმულია კრიმინალთან, ქუჩასთან ერთად ატარებს არჩევნებს, ცხადია ვალშია ამ კრიმინალთან და ცხადია მას უქმნის ისეთ პირობებს, რაზეც დღეს ლომჯარია საუბრობდა.
სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ უპატივცემულობის პირველი შემთხვევა არ არის, ჩვენ ფაქტები გვაქვს ნანახი, როდესაც თეა წულუკიანმა პირდაპირ ყოველგვარი კანონის დარღვევით მათი ჩანაწერები და შეხვედრების ვიდეოები გამოქვეყნა პატიმრებთან, შესაბამისად, ახალი არაფერი არ არის სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებაში, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობის მოთხოვნას ნინო ლომჯარიას მხრიდან, მე დარწმუნებული ვარ, რომ არავინ არ დაისჯება, იმიტომ, რომ ის რაც დღეს ციხეში ხდება, ეს არის პირდაპირ ხელისუფლების გადაწყვეტილება.
ჩვენ დავუბრუნდით ისეთ ვითარებას, როდესაც 90-იან წლებში ციხეს მართავდა შავი სამყარო, ამ ვითარებაში დავბრუნდით სრულფასოვნად და ეს არაფრით არ არის გასაკვირი, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება თავად არის კრიმინალთან შეკრული და თვითონ არის კრიმინალური, როდესაც ხელისუფლება არჩევნებს ატარებს შავ სამყაროსთან ერთად, ამ ადამიანებს იყენებს მოქალაქეების ზეწოლისა და შანტაჟის საშუალებად, ცხადია, ეს არის ურთიერთთანამშრომლობა და სახალხო დამცველის განცხადებები ამ ყველაფერს უბრალოდ ასახავს. ასახავს ვითარებას, რომელიც ძალიან ნათელია, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომ კრიმინალი დღეს ხელისუფლებასთან ერთად მართავს ციხესაც და მთლიანად ამ ქვეყანასაც.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
