პირველი თებერვლიდან საქართველოში რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რეისები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თურნავამ განაცხადა, მომდევნო თვეში პირველი ჯგუფის ტურისტები დაიწყებენ შემოსვლას, რომლებიც უსაფრთხო ქვეყნებიდან გამოემგზავრებიან:
"ჩვენ და საზოგადოებასაც არ ჰქონდა ამის მოლოდინი, არც არასდროს გვითქვამს რომ 1-ლი თებერვლიდან ყველაფერი აღდგება და ცხოვრება დაუბრუნდება პანდემიამდელ რეჟიმს. ხომ გესმით, რომ ეს შეუძლებელია. პანდემია ჯერ არ დამარცხებულა. უფრო მეტიც, პანდემიის დამარცხდება ცალკე აღებულ ქვეყანაში შეუძლებელია, ეს მსოფლიოს კონსოლიდაციის შედეგია. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ისე რომ არ დავარღვიოთ ის პოზიტიური ტენდენცია ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კლების, რაც დღეს გვაქვს. მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი აღდგება 2018-2019 წლის რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს. პირველი ნაბიჯები იდგმევა იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, როდესაც ჩვენ, თუ გვექნა დადებითობის მაჩვენებელი უფრო მისაღები, უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდეთ ვიზიტორისთვის, ესაც მნიშვნელოვანია. ვიჭერთ ამ ბალანსს. ვიწყებთ იმით, რომ ფრენები აღდგება, ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება. კომპანიებმა უნდა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ. ასევე, დაიწყებენ შემოსვლას პირველი ჯგუფის ტურისტები, უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან, ვაქცინაციის პირობების შესრულებით. ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და მოგახსენებთ. ამ პირობებშიც კი შევძლებთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს" - განაცხადა თურნავამ.
მასალის გამოყენების პირობები