ოპოზიციის წარმომადგენლები ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან და ფაქტს მიუღებლად მიიჩნევენ.
ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის განმარტებით, სამწუხაროა ის ამბავი, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებამ ამგვარი ნაბიჯის გადადგმისკენ მიიყვანა:
"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში განსჯის საკითხი გახდა სწორია თუ არა, რომ ადამიანს ვინმემ თავზე ნაგავი დააყაროს, მე მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ეს კითხვის ნიშანს არ უნდა იწვევდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და სამწუხაროა, რომ იმ მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენი საზოგადოება ამ ხელისუფლებამ, ის, რაც მე მეგონა, რომ ყველასთვის გასაგები იყო, რომ ადამიანს თავზე ნაგავი არ უნდა დააყარო, გახდა განსჯის საკითხი. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, საით მიჰყავს ეს ქვეყანა,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, პროტესტის ამგვარი ფორმა მისი და მისი გუნდის გემოვნებაში არ ჯდება:
"დღევანდელ ვითარებაში მშვიდობიანი პროტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. მშვიდობიანი პროტესტის ფორმა არის პოლიტიკური გემოვნების ამბავი. გუშინ მომხდარი, პირადად ჩემ გემოვნებაში არ ჯდება. ასევე არ ჯდება ზოგადად "ევროპული საქართველოს" პოლიტიკურ გემოვნებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ რაღაცებს გავაკეთებდით,"- აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც "რესპუბლიკური პარტია" დატოვა, ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა ნაგავი მიაყარეს.
მასალის გამოყენების პირობები