
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გახანგრძლივებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა.
ჯაფარიძის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, რადგან უმეტესობას ბანკის ვალები აქვს, რომელსაც შეჩერებული სამსახურების გამო ვეღარ იხდიან:
"ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს დანაზოგები არ აქვს, პირიქით - ყველა ვალებშია. როდესაც ადამიანებს მუშაობის საშუალებას არ აძლევ, ეს ნიშნავს, რომ მშიერს ტოვებ, ვალებსაც ვეღარ იხდის და შეიძლება ცოტა ხანში ქონება დაკარგონ ყველამ, მათ შორის ბიზნესმაც. ამიტომ, გასახსნელია ყველაფერი, ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თვითონ ადამიანებმა - ვისაც შეუძლია, სახლში იჯდეს იმიტომ, რომ აქვს დანაზოგი, არავინ არავის ექაჩება გარეთ ძალით. მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია სახლში ჯდომა და უნდა იმუშაონ ყოველდღიურად, რომ 10-20-30 ლარი იშოვონ, იმათ არავინ უნდა უკრძალავდეს მუშაობას და გადაადგილების უფლებას", - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქციები იმრთება. კანცელარიასთან შეკრებილ აქტივისტებს ზურაბ ჯაფარიძის გარდა, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და სხვადასხვა პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
მასალის გამოყენების პირობები
