ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებულ ერთ-ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც უწყებას არ გაუსაჯაროვებია.
მისი განმარტებით, ჩანაწერი, რომელიც 25 სექტემბერს არის გაკეთებული, პროკურატურამ დაცვის მხარეს გამოძიების დასრულების წინა დღეს, 20 იანვარს გადასცა.
მისივე თქმით, ჩანაწერში დაკავებული კარტოგრაფი ივერი მელაშვილი და ერთ-ერთი მოწმე - სავარაუდოდ, გივი კეკელიძე საქმის დეტალებზე საუბრობენ.
"ჩანაწერით დგინდება:
ა) ყველა შეთანხმებული მონაკვეთი შეესაბამება 1938 წლის საზღვრის ხაზს;
ბ) საზღვარი თანხმდებოდა 1:100 000 მორიგე რუკებით, რომელიც 1942 წელს არის გამოცემული და მასზე დაბეჭდილია 1938 წლის საზღვრის ხაზი;
გ) გარეჯის მონაკვეთი შეუთანხმებელია (ჩვენმა მხარემ არ დაუშვა მისი შეთანხმება), მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფიულად აზერბაიჯანის სასარგებლო სიტუაცია იყო", - აცხადებს მშვენიერაძე.
მასალის გამოყენების პირობები