
პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ "ოცნების" პოზიცია არის ძალიან აგრესიული და საშიში ქართული დემოკრატიისთვის.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია.
"დღეს ძალიან მძიმე დღე იყო საქართველოს დემოკრატიისთვის. "ქართული ოცნების“ პოზიცია არის ძალიან აგრესიული და საშიში ქართული დემოკრატიისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან საუბარი. თქვენ ნახეთ განცხადებები, სადაც ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, იშვიათია ასეთი ცალსახა პოზიციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ როგორც აშშ-ის საელჩოს, ასევე ევროკავშირის განცხადებიდან, რომ ეს არის საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ქართული დემოკრატიის მხარდამჭერები არიან და ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ ფასი გადავახდევინოთ „ქართულ ოცნებას“ და არ მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი დემოკრატია დაამსხვრიოს“,-განაცხადა ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები
