გიორგი ფხაკაძის ფავორიტი ქართული პირბადეები “ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველისგან
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:32, 24 Feb, 2021     5854
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში სამედიცინო მასალების მწვავე დეფიციტი გამოიწვია, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. ქვეყანაში სამედიცინო პირბადეები დიდი ხნის წინ გაქრა, თუმცა ახალ რეალობაზე გადაწყობა ბიზნესმა მალევე მოახერხა.

პირბადეების დამზადება ძალიან ბევრმა ტექსტილის საწარმომ დაიწყო, ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ სხვადასხვა ფერის და მასალის პირბადეები თავიანთი სურვილით შეერჩიათ. მიუხედავად ამისა, ბაზარზე სამშრიანი სამედიცინო ნიღბები ამ დრომდე დეფიციტშია. პრობლემის მოგვარებაში ისევ და ისევ საქართველოს მთავრობა ჩაერთო და ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. პირველი საწარმო საქართველოში, რომელმაც აღნიშნული ხაზის უმოკლეს დროში გამართა და ერთჯერადი სამედიცინო პირბადეების შეკერვა დაიწყო შპს „რესპირატორია“.

კომპანიის პირველი შემსყიდველი „ფონდი „ქართუ“-ა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდმა შპს „რესპირატორისგან“ 4 მლნ პირბადე შეისყიდა და სახელმწიფოს (ჯანდაცვის სისტემას) უსასყიდლოდ გადასცა.

„რესპირატორის“ დირექტორის, სერგო გალუსტიანის განცხადებით, ქართული პირბადეების წარმოება კარგად მიმდინარეობს, მისი თქმით, „ფონდ „ქართუს“ უკვე დაახლოებით მილიონამდე პირბადე გადაეცა. როგორც გალუსტიანი აცხადებს, მეორე დანადგარიც ჩამოვიდა, რის შემდეგაც საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდა და დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოება შეძლო.

როგორც სერგო გალუსტიანი აცხადებს, სამედიცინო პირბადეები „პე ეს პე“-ში უკვე იყიდება. თუმცა, კომპანია ახლა ნედლეულის მოძიების პროცესშია.

„რესპირატორის“ დირექტორის თქმით, ნედლეულის შესყიდვა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, როგორც იგი განმარტავს „რესპირატორი“ და სახელმწიფო ერთობლივი ძალებით ცდილობენ ნედლეულის მწარმოებლების მოძიებას და მოლაპარაკებას, რომ მასალა შეისყიდონ. "ნიუპოსტი“ ასევე დაინტერესდა რა უჯდება კომპანიას ერთი პირბადის წარმოება, თუმცა, გალუსტიანმა განგვიცხადა, რომ ვერანაირ ინფორმაციას ვერ გვეტყოდა და ტელეფონი გათიშა.

შპს „რესპირატორი“, რეესტრში 2020 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%იანი წილის მფლობელი სერგო გალუსტიანი, დირექტორები კი ასევე - სერგო გალუსტიანი და ლაშა ლაბარტყავა არიან.

სერგო გალუსტიანი შპს „რესპირატორის“ გარდა, კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი, მეწილე ან დირექტორია. მის სახელთან დაკავშირებული კომპანიებია - LLC MEGA B, შპს ედ სპეისი, შპს ად მედია და შპს „პრინტ ვიჟენ“.

transparency.ge-ის მიხედვით სერგო გალუსტიანი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია. შპს „რესპირატორის“ დირექტორმა 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 40,000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წელს - სალომე ზურაბიშვილს - 60,000 ლარი.

პირბადეების გამარტივებულ შესყიდვებთან დაკაბვშირებით კითხვები აქვს არასამთასვბრობო ორგანიზაციას, IDFI-ის ანგარიშის თანახმად შესყიდვებში "ოცნების" შემომწირველებიც მონაწილეობენ.

სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა ვირუსთან სხვა და სხვა მიმართულებით ბრძოლა, აღარ სარგებლობენ ელექტრონული ტენდერებით, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა, რაც შესყიდვების კანონმდებლობით გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და სახელმწიფო სტრუქტურას საშუალებას აძლევს საჭირო პროდუქტი შეიძინოს ტენდერის გარეშე, პირდაპირი გზით. ამისათვის, უწყებას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა სჭირდება. თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წინასწარი თანხმობის მოთხოვნაზე მეტად გვხვდება უკვე შეძენილ პროდუქტზე/მომსახურებაზე შესყიდვის შემდგომ შეთანხმება. ამის შესახებ IDFI წერს.

ორგანიზაცია დაინტერესდა რა თანხები იხარჯება არსებულ ვითარებაში უტენდეროდ, რომელ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე მოდის თანხის უმეტესი ნაწილი და რომელ კომპანიებში მიდის აღნიშნული თანხები. წინამდებარე ანალიზისთვის გამოყენებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების მოდულის (SMP მოდული) მონაცემები 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით. შესყიდვები ორ ძირითად კატეგორიას მოიცავს: სამედიცინო მოწყობილობები და სასტუმროს მომსახურება საკარანტინოდ.

როგორც IDFI წერს, გარდა ადგილობრივი წარმოებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეები სახელმწიფო შესყიდვების გზითაც შეიძინა. ამისათვის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. განხორციელდა 10 შესყიდვა ექვსი კომპანიისგან. თითოეულ შემთხვევაში ერთეული პირბადის ფასი განსხვავებული იყო.

რა წერია IDFI-ს კვლევაში:

ერთეული პირბადის ყველაზე დაბალი ფასი 0.85 ლარია. აღნიშნული შესყიდვის ხელშეკრულებაში თანხა ამერიკული დოლარის ვალუტაშია მითითებული და ინვოისის მიხედვით, თითო სამშრიანი პირბადის ღირებულება 0.27 ცენტია. ხელშეკრულება 6 აპრილსაა დადებული, შესაბამისად, სავარაუდო ფასის გამოსაანგარიშებლად მითითებული თანხა სწორედ ამ დღის კურსზეა გამრავლებული. იმავე მომწოდებელი კომპანიისგან სამინისტრომ შეიძინა ორი განსხვავებული სახეობის ე.წ. N95 პირბადეები, რომელთა ფასები დაახლოებით 5 ლარია. პირბადეების გარდა სამინისტრომ ამ კომპანიისაგან შეიძინა უკონტაქტო თერმომეტრები, სპეციალური სამედიცინო ტანსაცმელი და ბახილები, რაშიც ჯამში 1 მილიონ 330 ათას დოლარამდე გადაუხადა (6 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსით 4 მილიონ 200 ათას ლარამდე). შპს Weekend-ის 100% წილის მფლობელი ბონდო გოლეთიანია. ის მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. კერძოდ, ბონდო გოლეთიანმა ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ 25,000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ჭიჭიკო გოლეთიანმა კი - 35,000 ლარი. გოლეთიანის კიდევ ერთ ბიზნეს პარტნიორს, შალვა ერისთავს 60,000 აქვს შეწირული სალომე ზურაბიშვილისთვის.

რიგით მეორე ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანია შპს “ად მედიაა”. მათი პირბადეების ფასმა 0.93 ლარი შეადგინა, თუმცა სულ 40,000 პირბადის შეკვეთა მიიღო. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი მეწილე სერგო გალუსტიანია. ის 100%-იან წილს ფლობს კომპანია “რესპირატორში”, რომელიც 3 დღის წინ, 15 აპრილს დაარსდა და ფონდ ქართუსთვის 4 მილიონ პირბადეს კერავს. გალუსტიანმა სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა, ასევე 40,000 ლარიანი შემოწირულობა ქართული ოცნებისთვისაც აქვს გაღებული.

საყურადღებოა, რომ ხელშეკრულება 26 მარტს გაფორმდა შპს “ქართულ ტექსტილთან” 500,000 ცალი სამშრიანი პირბადის შეძენაზე, რომელიც 8 აპრილს დაკორექტირდა და ცვლილებების მიხედვით სამინისტრომ 100,000 სამშრიანი პირბადე 114,000 ათას ლარად შეიძინა, შესაბამისად, ერთი ცალი პირბადის ფასმა 1 ლარი და 14 თეთრი შეადგინა.

სწორედ შპს “ქართულ ტექსტილთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მეორე შესყიდვა 30 მარტს განხორციელდა. შპს “სავაჭრო ჯგუფთან”თავდაპირველად ხელშეკრულება 681,000 ათასი ლარის ღირებულების იყო, რაც ნიშნავს, რომ კომპანია თითო პირბადეს 1.50 ლარად ყიდდა, პირველ კომპანიაზე ძვირად. თუმცა 2 აპრილს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა ამჯერად სამინისტრომ 454,000 სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი 589,000 ლარად შეისყიდა. ცვლილებით შეკვეთილი პირბადეები ორ ნაწილად გაიყო: 400,000 პირბადე - თითოს ფასი 1 ლარი 27 თეთრი (ჯამში 508,000 ლარი) და 54,000 პირბადე - თითოს ფასი 1 ლარი და 50 თეთრი (ჯამში 81,000 ლარი). ხელშეკრულების პირობის თანახმად, 54,000 ათასი ცალი პირბადის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დადების დღესვე, 30 მარტს. ამ კომპანიასთან შემდეგი ხელშეკრულება სამინისტრომ უკვე 3 აპრილს გააფორმა და 500,000 პირბადე შეუკვეთა, თითოს ფასმა ისევ 1.27 ლარი შეადგინა.

3 აპრილს სამინისტრომ შეისყიდა პლასტიკის ნიღბები, 20 ათასი ერთეული 44,000 ლარად, შესაბამისად თითო ნიღბის ფასმა შეადგინა 2 ლარი და 20 თეთრი. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული პროდუქტი სამინისტრომ შპს “ედვინგსისგან” შეიძინა. ეს კომპანია 2019 წლის 12 მარტს არის რეგისტრირებული, არ აქვს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით მიღებული ხელშეკრულებები უფიქსირდება. გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის პირველი ხელშეკრულება კომპანიამ 6 თვის წინ მიიღო. ამასთან, თანხობრივად ყველაზე მსხვილი კონტრაქტი, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვაში დაფიქსირდა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი თაქთაქიშვილი, 2014 წელს ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს შემომწირველი იყო.

გარდა სხვადასხვა სახის ნიღბებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი რაოდენობის ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი შეიძინა. ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც აღნიშნული კომბინიზონების შესყიდვის ხელშეკრულება 6 აპრილს გაფორმდა შპს “ჯეოფერუმია”, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო ლითონის სამშენებლო მასალების რეალიზაციაა. კომპანია 2019 წლს დაარსდა და მას შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. ამ შესყიდვით კი “ჯეოფერუმმა” ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო და სანაცვლოდ, 10 სამუშაო დღის ვადაში 14,100 ერთეული ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონის მიწოდების ვალდებულება აიღო. კომპანიის დამფუძნებელი ლევან ლურსმანაშვილია. საინტერესოა, რომ ის 100%-იან წილს ფლობს შპს “ჯეოორთოში”, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების იმპორტიორი კომპანიაა და მრავალ ტენდერშიც გაუმარჯვია. სავარაუდოდ, მიზეზი, რის გამოც ლურსმანაშვილმა ამ კომპანიის სახელით ვერ მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ისაა, რომ შპს “ჯეოორთო” ამჟამად შესყიდვების შავ სიაშია შეყვანილი (ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენისათვის).

ლურსმანაშვილს 2016 წელს ქართული ოცნებისთვის 25,000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის - 10,000 ლარი. ლურსმანაშვილი ფლობს 50%-იან წილს შპს “ტანდემშიც”, რომლის დანარჩენ ორ მეწილეს, დავით კაპანაძესა და მამუკა ხელაიას ჯამში 50,000 ლარი აქვთ შეწირული ქართული ოცნებისთვისა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის.

რა ინტერესები იკვეთება გიორგი ფხაკაძესა და „რესპირატორს“ შორის?

ერთი წლის წინ მთელი მსოფლიო ახალი რეალობისა და დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. Covid19 პანდემიასთან ბრძოლა საქართველოში ზუსტად თებერვალში დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. პანდემიის დაწყების პირველივე პერიოდში დეფიციტური გახდა სადეზინფექციო და ვირუსებისგან თავის დასაცავი სამედიცინო საშუალებები, ბევრისთვის კი ამან ახალი შესაძლებლობა გააჩინა. ადამიანებმა დაიწყეს პირბადეების იმპორტი თურქეთიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, დაიწყეს ხსნარების დამზადება, საჭირო ნივთიერებებისა და ჭურჭლის გამოწერა სხვადასხვა ქვეყნიდან. მოკლედ, პანდემიამ, ზარალის გარდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დიდი მოგებაც მოიტანა.

პოპულარობის ზენიტს მიაღწია „სელებრითი“ ექიმების ლაივ ჩართვებმა, პოსტებმა და კომენტარებმა, ხშირად დაპირისპირებასაც კი იწვევდა უცხოეთიდან ჩვენი თანამოქალაქე მედიკოსების დიდაქტიკური რჩევები და დარიგებები, როცა ისინი რეალურად არც კი მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებში.

ბოლო პერიოდში ხშირად შეხვდებით პირბადის ხარისხზე მოსაუბრე და ქართული პირბადის PR მენეჯერად ქცეულ გიორგი ფხაკაძესაც, რომელიც პანდემიის დაწყებისას ამაზე აქცენტს ნამდვილად არ აკეთებდა. პირბადეების ხარისხი ნამდვილად სხვადასხვაა, ასევე სხვადასხვაა მისი დამზადების მეთოდოლოგია და შემადგენლობაც, რაც განსაზღვრავს მის სანდოობას და სტატუსის „სამედიცინო“ ან „არა სამედიცინო“ მინიჭებას. საქართველოში „რესპირატორის“ მიერ წარმოებულმა პირბადემ ხარისხის სერტიფიკატი სწორედ ფხაკაძის დახმარებით ესპანურ ლაბორატორიაში აიღო, თუმცა, საკმაოდ საეჭვოა, რა ნიმუში გაიგზავნა ესპანეთში, რადგან მათ მიერ ტესტ რეპორტში ჩაწერილი მონაცემები ნამდვილად არ ემთხვევა იმ ხარისხს, რომელიც დღეს PSP-ში იყიდება. აქვე, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ამ უკანასკნელი კომპანიის მიერ საეჭვო ვითარებაში მოგებული 12 მილიონიანი სახელმწიფო ტენდერი, რომლის შესრულებაც სწორედ ქართული პირბადეებით იგეგმება.

აქვე გთავაზობთ ქართული და ჩინური პირბადეების ფოტოებს, რომ უკეთ აღიქვათ ვიზუალურად, რა განსხვავებაა მათ შორის.

გიორგი ფხაკაძე ღიად დაუპირისპირდა სხვა სააფთიაქო ქსელებს, მაგალითან GPC და ფარმადეპოს, ასევე მაღაზიათა ქსელ „მაგნიტს“, რომლებსაც პირდაპირ მოთხოვა, რომ ქსელიდან ამოეღოთ სამშრიანი პირბადეები, ყუთზე non medical წარწერით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩინეთის საბაჟოს წესებით, მათი ქვეყნიდან medical წარწერით პირბადე ექსპორტზე ვერ გამოდიოდა, შესაბამისად, იმპორტიორებს უწევდათ გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ახლა ეს დაშვებულია, თუმცა სამედიცინო და არა სამედიცინო პირბადის დეკლარირების თანხა სხვადასხვა გახლავთ და წარმოუდგენლად აძვირებს პროდუქტის თვითღირებულებას. როგორც გავარკვიეთ, საქმე მხოლოდ წარწერაშია, რადგან ჩინური წარმოების პირბადეების ხარისხი საყოველთაოდ ცნობილია და მათ უმრავლესობას FDA, CE სერთიფიკატები და ტესტ რეპორტი მოყვება. თუმცა, ამ ბოლო დროინდელმა აპელირებამ წარწერა medical-ზე, ფასის დაწევამ და ასე შემდეგ, წაახალისა ფალსიფიცირების ფაქტები, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დღესდღეობით საქართველოში ჩინური წარმოების სამედიცინო პირბადედ „ასაღებენ“ თურქეთში წარმოებულ სრულიად უხარისხო პირბადეებს, რომლებსაც ეტიკეტსაც და წარწერებსაც ქართულ სტამბებში ამზადებენ, მარტივად აყალბებენ სერტიფიკატებსაც და ამ უკანონობაზე არათუ რეაქცია აქვს ვინმეს, არც კი საუბრობენ.

კომერციული ინტერესები აშკარაა, ახლა საინტერესოა, როდემდე მივცემთ უფლებას კონკრეტულ ადამიანებს, დაარეგულირონ ბაზარი და თავიანთი განწყობების მიხედვით მართონ ხალხის რეაქცია. უკვე ცხადია, რომ ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე მსოფლიო პანდემიის პირობებში მხოლოდ ერთეულები მდიდრდებიან და უბრალო მოქალაქეების მდგომარეობა ნაკლებად საინტერესოა მათთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42