ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ენმ-ს ლიდერის ნიკა მელიას დაკავებამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების პოლარიზაციის გაღრამავება გამოიწვია. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს დამოუკიდებელი, ოპოზიციამ კი კონსტრუქციული როლი შეასრულოს კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის:
"საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა. ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.
პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად", - განაცხადა სტანომ.
მასალის გამოყენების პირობები