რუსთავი-თბილისის ავტობანზე მიმდინარე აქციაზე, სადაც საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ, მხარის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ვიცე-მერი ბესო ტოგონიძე და შსს-ს ევაკუატორები მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ევაკუატორები მათ წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად მოიყვანეს.
"გვატყუებდნენ, გაწელეს დრო, რომ ხელისუფლება მოვიდოდა და დაგველაპარაკებოდა, მაგრამ აი, ევაკუატორები მოიყვანეს, რომ თუ გზას გადავკეტავთ, ძალა გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ", - განაცხადა აქციის მონაწილემ.
გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ გაეცნობა მოთხოვნებს და მათ შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებას შეატყობინებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები დაიშალნენ.
"მოვედი დასალაპარაკებლად, ადამიანურად. ვერ მივიღებ პრეტენზიას, რომ წინა აქციაზე არ ვიყავი - არ გამიგია მაშინ მოთხოვნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოვიდესო. აი, დღეს გავიგე, რომ შეხვედრა გინდათ და მოვედი", - უთხრა მათ გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, საწვავი 15 თეთრით გაძვირდა. ფასის მატებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო, უკვე მოჰყვა მასშტაბური აქციები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.
მასალის გამოყენების პირობები