"საქართველოში ვაქცინაციის პროცესი წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის" , - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
"ვაქცინაცია არ არის წარმატებული, პირდაპირ გეტყვით. ბევრი ფაქტორია, რატომ არ არის წარმატებული. ამ დროისთვის 20 000 ადამიანია აცრილი, როცა გეგმით ამ დროისთვის ვფიქრობდით, რომ 50 000 მაინც უნდა გვყოლოდა აცრილი. სულ მცირე, 2-ჯერ ჩამოვრჩებით იმ ტემპს, რაც გვინდოდა", - თქვა გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.
ამის შემდეგ მას წამყვანმა ჰკითხა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს წარუმატებლობა, რაზეც გამყრელიძემ უპასუხა, რომ პროცესი წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის.
"წარუმატებლობას მე არ გეუბნებით, არ მითქვამს სიტყვა წარუმატებლობა. ხო, წარმატებული არ არის. წარუმატებელი არ არის, ეს გახლავთ შედარებით დაბალი ტემპი ვაქცინაციის, რომელსაც ბევრი მიზეზი აქვს", - აღნიშნა გამყრელიძემ.
აქვე გეტყვით, რომ 11 აპრილისთვის სულ 19 694 ადამიანია აცრილი.
მასალის გამოყენების პირობები