75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად, საომარ ვითარებაში გამოყენებულ იქნა ატომური იარაღი, რომლითაც 1945 წლის 6 აგვისტოს დაბომბილ იქნა ქალაქი ჰიროსიმა ამერიკული ბომბდამშენის მიერ. აღნიშნული შეტევა განახორციელა ბ-29-ის ტიპის ბომბდამშენმა, რომელსაც სახელად პოლკოვნიკ პოლ ტიბეტის პატივსაცემად, დედამისის სახელი, ENOLA GAY დაერქვა.
ზემოხსენებულ ბომბდამშენს ორი პილოტი მართავდა, პოლ ტიბეტსი და რობერტ ლევისი. სწორედ ამ პილოტების მიერ ჩამოგდებულმა ბომბმა იმსხვერპლა ჰიროსიმას 70 000 მოქალაქე აფეთქების პირველივე წუთებში, ხოლო ათეულობით ათასი კი ატომური შეტევის შედეგად გამოწვეული შემდგომი ეფექტის, რადიაციის გამო დაიღუპა. დღესდღეობით, ENOLA GAY ვირჯინიის შტატში, შენტილიში არსებულ სმიტსონიანის საჰაერო, კოსმოსურ მუზეუმში ინახება. ერთადერთი შენობა, რომელიც აფეთქების ტალღას ჰიროსიმაში გადაურჩა დღეს წარმოადგენს მშვიდობისა და დაღუპულთა მემორიალს, რომელიც იაპონელთათვის წარსულში მომხდარი ტრაგედიის შემახსენებელია.
ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში დღესაც კი აქტიურად მსჯელობენ რომ 6 და 9 აგვისტოს განხორციელებულ ატომურ თავდასხმას პოზიტიური შედეგი იმ კუთხით ჰქონდა, რომ ამან ომის დასრულება დააჩქარა, რამაც უამრავს ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია. ჰიროსიმაში დღეს ცხოვრების რიტმი ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს- ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მიუხედავად აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ფონისა, იაპონიის მთავრობამ წლების წინ გაატარა სპეცღონისძიებები რადიაციის დონის მინიმუმამდე შესამცირებლად, რამაც ქალაქში ცხოვრება შესაძლებელი და ჯანმრთელობისთვის არასაზიანო გახადა.
მასალის გამოყენების პირობები