საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, "მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის ვლადიმერ პუტინის დავალებით". ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ უხსენებია პუტინი გუშინ, 7 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებში.
პრემიერს ასევე ჰკითხეს, აქვს თუ არა კითხვები იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, რაზეც გიორგი გახარიამ გაიმეორა, რომ "რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს"
"ბევრჯერ მითქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აგვისტოში რუსეთმა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებული გვაქვს 20% ტერიტორიებისა, ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ და როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვსაუბრობთ, თქვენ ხო არ გგონიათ, რომ ეს მიწაზეა მხოლოდ საუბარი, ადამიანებზეა საუბარი. დღეს საქართველოში გვყავს მხოლოდ ამ ომის შემდგომ 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანი, ეს არის ამ ომის შედეგები", - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები