ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება.
ტიკარაძემ განაცხადა, რომ 18 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ კოვაქს პლატფორმას უნდა გაუგზავნოს წერილი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მზაობაა ქვეყანაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით - მისივე თქმით, საქართველომ შესაძლოა პირველი ეტაპისთვის ფაიზერის ვაქცინა მიიღოს, რადგან ქვეყანა კოვაქს პლატფორმასთან თანამშრომლობს.
"ჩვენ ვართ გაერთიანებული კოვაქს პლატფორმაში, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პირველი ეტაპისთვის მივიღოთ ფაიზერის ვაქცინა. კოვაქს პლატფორმიდან ჩვენ მივიღეთ წერილი და ორშაბათს, 18 იანვარს უნდა მოხდეს საპასუხო წერილის გაგზავნა სამინისტროს მხრიდან, სადაც ჩვენ დეტალურად უნდა გავცეთ მათ პასუხი იმის შესახებ, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის შემოტანა და სავარაუდო თარიღად დასახელებული არის 2021 წლის პირველი კვარტალი
დარწმუნებული ვარ, ჩვენი დოკუმენტი მათ დააკმაყოფილებს და საქართველოს ექნება შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ვაქცინაცია მივიღოთ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით უცნობია, რომელ ვაქცინაზე შეაჩერებს საქართველო არჩევანს ეს იქნება, ამერიკულ-გერმანული "ფაიზერი", ბრიტანული "ასტრაზენეკა", თუ ჩინური "სინოფარმა", ან "სინოვაკი".
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 13 იანვარს განაცხადა, რომ მთავრობა მხოლოდ ამერიკულ-გერმანული "ფაიზერისა" და ბრიტანული "ასტრაზენეკას" ვაქცინების შემოტანას განიხილავს და "კატეგორიულად" არ განიხილავს - ჩინურს.
მასალის გამოყენების პირობები