"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლი, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა "ენმ"-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნათელი გახდა, რომ ჩვენ დავადექით პუტინის გზას.
გიორგი რურუა თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყნისათვის არასახარბიელო მიზნებს პროტესტი და სანქციები შეაჩერებს.
პოლიტპატიმრის შეფასებით, "ქართული ოცნების" მტკიცება, რომ ქვეყანა დასავლური კურსით ვითარდება, მხოლოდ ტყუილია.
"...ნიკა მელიას უკანონო დაკავებით, ბიძინა ივანიშვილმა კი მოიფხანა გული, მაგრამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.სიმართლეს ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ საქართველოს გაძლიერებისთვის, სწორი განვითარებისთვის და ახლა ჩვენი მოქმედების დროა - დაუღალავი პროტესტი, პრინციპულობა,შეუპოვრობა.
ბიძინა ივანიშვილის შავბნელ ზრახვებს, ქვეყნის შიგნით პროტესტი და ამ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით გამოწვეული სანქციები შეაჩერებს მხოლოდ.
მინდა ვთხოვო ჩემს მეგობრებს, ჟურნალისტებს, შევადაროთ ჩვენი მეგობრების განცხადებები პლახიატნუკის და იანუკოვიჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. დარწმუნებული ვარ ბევრ საერთო ნარატივს ამოვიკითხავთ.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მიერ გაკეთებული განცხადებების განმარტება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებისთვისაც. რადგან ქართული ოცნების დეპუტატები ურცხვად გვეუბნებიან, რომ ჩვენი დასავლური კურსი უცვლელია და საქმით საპირისპიროს აკეთებენ, ჩემი აზრით მიზანმიმართულად, ამას დაბნეულობა შემოაქვს და ვფიქრობ განმარტება სჭირდება მოსახლეობას ყველასთვის გასაგებ ენაზე, საითკენ მიყავს ხელისუფლებას მიზანმიმართულად ჩვენი ქვეყნა.
ნიკა მელიას უკანონო დაკავებამ ნათელი გახადა, რომ ჩვენ დავადექით პუტინის გზას. თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა არ დავნებდეთ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - წერს რურუა.
მასალის გამოყენების პირობები