"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დაიტანჯა იმაზე ფიქრით ვინ შემოვა პარლამენტში და ვინ არა - როგორც თავად მიიჩნევს, ოპოზიცია უნდა შემოვიდეს საკანონდებლო ორგანოში.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, იმ პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში შემოსვლა სურთ, გაბედულად უნდა იმოქმედონ, ამიტომ მოუწოდებს "გირჩსა" და სხვა პარტიებს "თქვან, რომ შემოვლენ და საკითხებზე იმუშავებენ".
"მოვუწოდებდი "გირჩს“ და სხვებსაც, ვისაც შემოსვლა უნდა, გაბედონ! თქვან, რომ შემოვლენ და საკითხებზე იმუშავებენ. ვისაც შემოსვლა უნდა, მათი მხრიდან უფრო გაბედულად მოქმედებაა საჭირო, უკვე დავიტანჯე იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა და ვინ - არა.
ნახევარ წელზე მეტი გავიდა, ღატაკი, საცოდავი ქვეყანაა, რომელიც საშინელი პრობლემების წინაშე დგას. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ქვეყნის და ხალხის პრობლემების მოგვარებაზე უნდა ლაპარაკობდე და ფიქრობდე.
ოპოზიცია უნდა შემოვიდეს, 2 კინკილა კაცი ვართ, 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებთ მეტსაც.
საარჩევნო რეფორმა დავაინიცირებინეთ, თუ არა?! უბრალოდ „ოდირის“ დასკვნას ველოდებით, ამ გაუთავებელი მოლაპარაკების დასრულებას“,- აღნიშნავს ელისაშვილი.
ელისაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მყოფმა დეპუტატებმა ხალხზე უნდა იფიქრონ.
მისივე თქმით, მისი პარტიიდან 22 , რომ იყვნენ "ბრდღვნას გაადენენ საკითხებს".
"ჩვენი პარტიიდან 22 რომ ვიყოთ, ბრდღვნას გავადენდით საკითხებს, ეს დროც მოვა. ყველა ნახავს რისთვის ვართ შესულები, რამდენი ვიქნებით და რამდენ საქმეს გავაკეთებთ, იმასაც ვნახავთ. ჩვენთან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები რაღაცებით არიან გართულები“,-აცხადებს ელისაშვილი გადაცემაში "360 გრადუსი".
მასალის გამოყენების პირობები