„კრემლის მთავარი მიზანია საქართველოს გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ესწრაფოდეს ევროკავშირში ინტეგრაციას“ - ევროპარლამენტარები

პოლიტიკა 1659785449

კუბილიუსი რასა

ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი, რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გავრცელებულ განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ დასავლეთმა წარსული შეცდომებიდან გაკვეთილი უნდა გამოიტანოს. გარდა ამისა, ისინი საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ანტიდასავლურ განცხადებებს აკრიტიკებენ.

"14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, რუსი სამხედროები საქართველოში შეიჭრნენ. შედეგად, საქართველოს ტერიტორიის 20% დღემდე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

ეს იყო პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო ომის პირველი შემთხვევა სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ კრემლის ამ აგრესიულ ქცევაზე მკაფიო და ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა. აქედან გამომდინარე, პუტინის რუსეთმა გააგრძელა მისი სამხედრო პოლიტიკა, 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა. ამ მოვლენებიდან 8 წლის შემდეგ კი მან დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

წარსულიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება და სტიმული საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მისაღწევად.

რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, თუმცა კრემლის მთავარი მიზანია საქართველოს გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ესწრაფოდეს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა, ქართული ოცნების ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც აღიქმება, როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს შესაძლებლობას, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში.

ერთადერთი გზა, საქართველომ თავი დაიცვას კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა ტიპის თავდასხმებისგან, არის შეასრულოს ევროსაბჭოსა და ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პირობა უახლოეს მომავალში, დაწყებული დეპოლარიზაციით და დამთავრებული დეოლიგარქიცაზიით.

ოლიგარქიის გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიაზე კარგად ცნობილი მოვლენაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როცა საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებებში ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, მხოლოდ დამატებით მტკიცებულებას იძლევა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქი, რადგან საქართველოს პრემიერმინისტრი, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები და ქართული ოცნების ლიდერები მის დასაცავად გამოდიან.

ევროპარლამენტი ელის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული პირობების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებს, ქმედებებს და არა მხოლოდ ბავშვურ განცხადებებს, რომლითაც ყველაფერში აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს ადანაშაულებენ.

მოვუწოდებთ საქართველს ყველა პოლიტიკურ ძალას და სამოქალაქო საზოგადოებას, გააერთიანონ ძალისხმევა 12 პირობის სწრაფად შესასრულებლად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია გახდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წინამორბედი, თუ ამ მიზნისთვის გაერთიანდებიან.

ჩვენ გვჯერა საქართველოსი და ქართველი ხალხის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900