საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული თარიღი - 14 აგვისტოს 30 წელი სრულდება აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან

პოლიტიკა 1660429260

აფხაზეთი

14 აგვისტოს 30 წელი სრულდება აფხაზეთში რუსეთის იმპერიის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედებებიდან, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდა, როგორც უდიდესი ადამიანური ტრაგედია - 300 ათასზე მეტი აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, ათასობით რჩეულმა ვაჟკაცმა საკუთარი სიცოცხლე მიიტანა სამშობლოს სამსხვერპლოზე, დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე, დაინვალიდდა ათასობით ადამიანი.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. 1 ოქტომბერს, რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 30 000-მდე ქართველი მოკლეს. აფხაზეთი იძულებით 250 000-მდე ქართველმა დატოვა.

 

1992-93 წწ. სამხედრო კონფლიქტის ქრონოლოგია:

1992 წლის 14 აგვისტო:

აფხაზეთში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურების უსაფრთხოების დაცვის მიზნით აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი ჯარებისა და სამხედროების შეზღუდული კონტიგენტი გადაადგილდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

სეპარატისტულმა ბანდ–ფორმირებებმა ქართულ შენაერთებს ცეცხლი გაუხსნეს. პირველი შეტაკებები მოხდა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში;

სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები სოხუმის შემოგარენში დაბანაკდნენ;

ვ. არძინბას ერთპიროვნული  გადაწყვეტილების საფუძველზე სეპარატისტულმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მობილიზაცია გამოაცხადა და შეიარაღებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს სოხუმის სტრატეგიული პუნქტები;

ასე დაიწყო 1992-93 წწ. საომარი მოქმედებები აფხაზეთში.

1992წ. 15 აგვისტო:

სეპარატისტებმა არ მოაწერეს ხელი  შეთანხმებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც  ერთობლივი 200-200 კაციანი აფხაზურ-ქართული სამხედრო შენაერთი მდ. ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა სატრანსპორტო კომუნიკაციებს.

1992 წ. 18 აგვისტო:

ვ. არძინბას სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დატოვა სოხუმი;
ქართული შენაერთები შევიდნენ სოხუმში;
კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომელიც შექმნილ იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, იღებს გადაწყვეტილებას „ბოევიკები" გააგზავნოს აფხაზეთში.

1992 წ. 19 აგვისტო:

სეპარატისტები ტოვებენ გაგრას და იქ ქართული შენაერთები განლაგდნენ.

1992 წ. 3 სექტემბერი:

მოსკოვში რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორების შესახებ.

1992 წ. 5-30 სექტემბერი:

ქართულმა მხარემ შეასრულა შეთანხმება და მის საფუძველზე გაგრის ზონიდან გაიყვანა შეიარაღებული შენაერთები;

1992 წ. ოქტომბერი:

სეპარატისტულმა შენაერთებმა დაარღვიეს შეთანხმება და მთიელ ხალხთა კონფედერაციის „ბოევიკებთან" ერთად, რომლებსაც სამხედრო ტექნიკითა და სამხედრო-საზღვაო ფლოტით მხარს უჭერდა რუსეთი, აღებულ იქნა გაგრა.

1992 წ.  ნოემბერი - 1993 წ.  მაისი:

რუსეთის სამხედრო რესურსების დახმარებით აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებენ გაგრისა და ქ. ტყვარჩელის ზონებს, გუდაუთის რაიონს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმების მეშვეობით, აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული „ბოევიკები" რეგულარულად ახორციელებენ მასირებულ შეტევებს აფხაზეთის დანარჩენ რაიონებზე.

1993 წ. 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც პირველად დაადანაშაულა რუსეთი აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკის ხელშეწყობაში. შესაბამისი მიმართვა გაეგზავნა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელშიც რუსეთის ქმედებები შეფასდა როგორც აგრესია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას.

1993 წ. 27 ივლისი:

ქ. სოჭში რუსეთის შუამავლობით დაიდო შეთანხმება „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ".

1993 წ. 1-20 აგვისტო:

ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდ. გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.

1993 წ. 1-15 სექტემბერი:

აფხაზეთში და განსაკუთრებით სოხუმში მასიურად ბრუნდება დევნილი მოსახლეობა. იწყება სასწავლო წელი. ქალაქში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები;

1993 წ. 16 სექტემბერი:

სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასიური შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე. იერიში ძირითადად ხორციელდებოდა სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

1993 წ. 27 სექტემბერი:

რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრთილო კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზი სეპარატისტების მიერ აღებულ იქნა ქ. სოხუმი.

1993 წ. 30 სექტემბერი:

რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით, სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.

1993 წ. 27 სექტემბერი - ოქტომბერი:

დაიწყო ქართული მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა;

აფხაზეთი თითქმის დაიცალა ქართული მოსახლეობისაგან, რის შედეგად 350 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული

გახდა დაეტოვებინა მშობლიური კუთხე და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა;

განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც დადასტურებულ იქნა ეუთოს 1994 წ. ბუდაპეშტის, 1996 წ, ლისაბონისა და 1999 წ. სტამბოლის სამიტების რეზოლუციებში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია დაუდგინდა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტენოპეის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. კლუბის ცნობით, მას ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც დღევანდელ საწვრთნელ პ...

საზოგადოება 1713411982

ხოფერია
„ბლეყვე…“ - ხათუნა ხოფერია ალეკო ელისაშვილზე

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: „ელისაშვილმა იმდენი იძახა მომაწექითო… მიაწვნენ და შეაგდეს “ კანარეიკაში”   ბლეყვე…“

სოცმედია 1713411712

კალაძე კახ
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას,  ეკლესიას,  სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში“ - კახა კალაძე

„ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც  ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ამ ღირებულებებით გვინდა ჩვენ  ევროპა და ევროპული მომა...

პოლიტიკა 1713411539

ამინდი
ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. სინოპტიკოსების ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგ...

საზოგადოება 1713411432

საზოგადოება
"ეს პროცესი ყაიმით ვერ დასრულდება, ეს უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებით" - ნიკა მელია

"ეს პროცესი ყაიმით ვერ დასრულდება, ეს უნდა დასრულდეს ხალხის გამარჯვებით", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე საუბრობს.   აქ ყაიმით...

პოლიტიკა 1713411280

კახა კალაძე
„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ - კახა კალაძე

„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებ...

პოლიტიკა 1713411219