აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის პატრონი მისი კუთნილი შენობის გადაწვაში ოლიგარქის ბრალეულობას ხედავს.
ემიგრაციაში მყოფი მუხრან ბურჭულაძის თქმით, ივანიშვილმა იცოდა, აღნიშნული ადგილი რა მიმზიდველი იქნებოდა ინვესტორებისთვის. ის ეჭვს გამოთქვამს, რომ ხანძრის გაჩენა სახელმწიფო დონეზე მოხდა:
"გოთიკური არქიტექტურა ეს არის უნიკალური კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლი და რა თქმა უნდა, ღირებულების თვალსაზრისით ივანიშვილისთვის არანაირი ფასეულობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს ადგილი არის განსაკუთრებულად მიმზიდველი ინვესტორებისათვის და მე ვამბობდი, რომ ის აუცილებლად მოხდენდა პირად ანგარიშსწორებას პირველ რიგში, ჩემს მიმართ და დამსჯიდა სამაგალითოდ, იმიტომ, რომ მან კარგად იცის, რომ რამდენად უწმინდესი ძეგლია ის ჩემთვის. როგორ მიითვისა სრულიად საქართველო ამ ადამიანმა ჩვენ უკვე ვიცით და როგორ ყიდულობს ქართუ ბანკი და როგორ ასახლებს მოსახლეობას აბასთუმნიდან, ართმევს სახლებს და საბოლოო ჯამში ისე მოხდება, რომ სრულიად საქართველო აღმოჩნდება ერთი კაცის ჯიბეში. ცეცხლი გაჩნდა სხვენში, რომ მერე თქვას ივანიშვილმა, ან მისმა ყმა ექსპერტებმა, რომ რაღაც მოკლე ჩართვა მოხდა. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო დონეზე მოხდა ეს შავბნელი საქმე", - აცხადებს ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობას ცეცხლი გაუჩნდა, შედეგად კი 11 ოჯახი დაზარალდა - ისინი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩნენ. გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები