ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის "ინდური შტამის" რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. მისი განმარტებით, ამ შემთვევებთან დაკავშირებით გარკვეული ზომები გამკაცრდა:
„მართალია ახლა წინა ტალღის მსგავსი არ არის, თუმცა მეორე საშიშროება გვემუქრება. ჩვენთან ძირითადად „ბრიტანული შტამი“ მოძრაობს, თუმცა „ინდური შტამისაგან“ დაზღვევა პანდემიის დროს ბოლომდე რთულია. საქართველოშიც რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული. ჩვენ გადაწყვეტილებაც მივიღეთ და საკანონმდებლო ცვლილება შევიტანეთ, რომ განსაკუთრები ინდოეთიდან შემოსული ადამიანებს, 14-დღიანი კარანტინი დავუწესეთ, ჩვენთან დიდი ნაკადი სწავლობს და ისინი ხანგრძლივი პერიოდით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. შესაძლოა ეს უფლებრივ ნაწილში განიხილონ ადამიანებმა, თუმცა უნდა განვსაზღვროთ საშიშროება უფრო მეტია თუ სიკეთე, დისკომფორტი უფრო მეტია თუ პრაგმატული მიდგომა. ამ შემთხვევაში, ყველა შევთანხმდით, რომ ჯობდა თავიდან აგვეცილებინა დიდი გართულება“, - განაცხადა კახაძემ.
ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა და ინდური შტამის საქართველოში შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია:
"ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა. ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა, ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყანაში ნამდვილად არის, მაგრამ მოგეხსენებათ, რასაც ჩვენ ვასეკვენირებთ და ვიკვლევთ შტამებს, ძირითადად არის ბრიტანული შტამი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები