საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით, ნიკა მელიას პატიმრობა საინტერესო აღარ არის. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი პრობლემაა და პოლიტიკოსების დადგმული სპექტაკლები მისთვის უინტერესოა.
თუმცა, ინტერესის არქონის მიუხედავად, ღარიბაშვილმა იქვე განმარტა, კანონი აღსრულდა და მისი აღსრულებისთვის "არასდროს არავი დაეკითხებიან":
"არ არის ეს საინტერესო, აღარ არის საინტერესო. მე ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში უამრავი პრობლემა გვაქვს, ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ - არ მაინტერესებს.
მე გეტყვით, ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა - რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის არ შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს, ყველა დაემორჩილოს კანონს და ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას და არავინ არ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ არავის არ შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა - აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები