საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ანჩსხატის გადაცემის მოთხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართა და ღია წერილი გაიგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ეს საკითხი დიდი ხანია დაყენებულია, თუმცა იყო მოთხოვნა, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო. როგორც წერილშია აღნიშნული, ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩატარდა და ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ ანჩისხატი ტაძარში დააბრძანონ:
"ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.
ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.
მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად", - აღნიშნულია წერილში.
მასალის გამოყენების პირობები