ეროვნული ბანკი "ჭარბვალიანობის რისკების შესარბილებლად", 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღებას ამკაცრებს

სესხის შეზღუდვა სები

საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს. ცვლილება შეეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, ანუ PTI-ს, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. ამის შესახებ ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით bm.ge წერს.

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამჟამად მოქმედი 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილების მიზანი ჭარბვალიანობის რისკების შემცირება და ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნებაა.

ცვლილება იმ მსესხებლებს შეეხება, რომელთა ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1500-დან 2500 ლარამდეა. მათთვის დასაშვები სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური მოცულობა 50%-დან 25%-მდე მცირდება. შესაბამისად, ერთი და იმავე შემოსავლის მქონე პირისთვის ბანკიდან ხელმისაწვდომი სესხის მოცულობა, ფაქტობრივად განახევრდება. ანუ ეროვნული ბანკი 1500 ლარიდან 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს ბანკებიდან ასაღები კრედიტის მაქსიმალურ ლიმიტს უნახევრებს.

როგორ იცვლება PTI-ის ზღვრები

ყოველთვიური წმინდა შემოსავალი მოქმედი PTI ლარში 2027 წლის 1 თებერვლიდან 2027 წლის 1 სექტემბრიდან
1,500 ლარზე ნაკლები 25% 25% 25%
1,500–1,999 ლარი 50% 25% 25%
2,000–2,499 ლარი 50% 50% 25%
2,500 ლარი და მეტი 50% 50% 50%

ეს ცხრილი ეხება ლარში გაცემულ სესხებს, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის შემოსავალი იმავე ვალუტაშია. უცხოურ ვალუტაში სესხებზე, როდესაც შემოსავალი იმავე ვალუტაში არ არის, მოქმედი და ახალი ზღვარი შესაბამის კატეგორიებში 20% და 30%-ს შეადგენს. PTI-ის არსებული სტრუქტურა ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ნაწილია.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ჭარბვალიანობის რისკებით არის განმარტებული:

"ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების მორიგი რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით. შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია. ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას,"- წერს ეროვნული ბანკი.

რა იცვლება პრაქტიკაში

მაგალითად, დღეს 1501 ლარის წმინდა ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირს, ლარში სესხის შემთხვევაში, PTI-ის 50%-იანი ზღვრის პირობებში, სესხის ყოველთვიური მომსახურება მაქსიმუმ 750.50 ლარი შეიძლება ჰქონდეს. წლიურ ჭრილში ეს ნიშნავდა კრედიტის მომსახურებაზე 9000 ლარის მიმართვას.

2027 წლის 1 სექტემბრიდან იგივე შემოსავლის მქონე პირისთვის ზღვარი 25% გახდება. შესაბამისად, მაქსიმალური ყოველთვიური მომსახურება 375.25 ლარამდე შემცირდება. ანუ თუკი პირს აქამდე მოქმედი ნორმით შეეძლო საკუთარი ხელფასიდან წლიურად 9000 ლარის კრედიტის მომსახურებაზე მიმართვა, ახლა ეს თანხა წლიურად 4500 ლარამდე მცირდება.

მაგალითი მოქმედი წესი 2027 წლის 1 სექტემბრიდან
წმინდა შემოსავალი 1,501 ლარი 1,501 ლარი
PTI-ის ზღვარი 50% 25%
მაქსიმალური ყოველთვიური სესხის მომსახურება 750.50 ლარი 375.25 ლარი

რატომ ცვლის ეროვნულ ბანკი წესს

ეროვნული ბანკის განმარტებით, PTI-ის თავდაპირველი ზღვრები 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე იყო დაფუძნებული და 2022 წელს განახლდა. ცენტრალური ბანკის განცხადებით, მას შემდეგ ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის გამო, მისი შეფასებით, ფიქსირებული 1500-ლარიანი ზღვარი ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებას.

ეროვნული ბანკის ლოგიკა ისაა, რომ თუ PTI-ის ზღვარი უცვლელი დარჩება, ადამიანების უფრო მაღალ შემოსავლიან კატეგორიაში გადასვლა შესაძლოა მხოლოდ ნომინალური ხელფასების ზრდას ასახავდეს და არ ნიშნავდეს მათი რეალური გადახდისუნარიანობის ან საკრედიტო რისკის გაუმჯობესებას.

ამ არგუმენტით, ეროვნული ბანკი 1500-ლარიან ზღვარს 2500 ლარამდე ზრდის, მაგრამ თავად PTI-ის პროცენტული მოთხოვნა არ იცვლება: 25%-იანი ზღვარი უბრალოდ უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებზეც გავრცელდება. შედეგად, რეგულაციის მთავარი პრაქტიკული ეფექტი სწორედ 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების დასაშვები ტვირთის შემცირება იქნება.

ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას ასევე იმით ასაბუთებს, რომ ცვლილების ეტაპობრივად განხორციელება მისი ერთჯერადი მკვეთრი გავლენის თავიდან აცილებას ემსახურება. შესაბამისად, გამკაცრება ორ ეტაპად შევა ძალაში: ჯერ 1500-2000 ლარის, შემდეგ კი 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის.

ამასთან, თავად ეროვნული ბანკის 2025 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შინამეურნეობების საკრედიტო სტანდარტები ჯანსაღია, PTI-ისა და LTV-ის განაწილება დადებით სურათს აჩვენებს და შინამეურნეობებს მაკროეკონომიკური შოკების შემთხვევაში ბუფერები აქვთ. ამავე ანგარიშში ცენტრალური ბანკი მიუთითებს, რომ შინამეურნეობების დაკრედიტების ზრდა მაღალია და კრედიტზე ხელმისაწვდომობაც კარგია.

შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილება ერთდროულად ორ მიზანს აერთიანებს: ეროვნული ბანკი არსებული PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ნომინალურ ეკონომიკურ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანას ცდილობს, მაგრამ ამის შედეგად 2027 წლიდან დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეების ნაწილისთვის ახალი სესხის მომსახურების დასაშვები ტვირთი მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც მათთვის საკრედიტო ხელმისაწვდომობის გამკაცრებას ნიშნავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325