ნესტან კუტივაძე: წიგნი სიყვარულის უფლებასა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“

კულტურა 1784644283

გეგე დადიანის წიგნი

გეგე დადიანი (გოჩა მირცხულავა) საყურადღებო და გაბედული მწერალია. ის ჩვენი სამშობლოსათვის, სახელმწიფოსათვის მტკივნეულ თემებზე წერს, წერს, მოქალაქეობაზე, ადამიანობაზე, ინდივიდზე, პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, სიყვარულის უფლებასა და ბედნიერებაზე. ეს თემები მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და გაცილებით რთულ მიზეზ–შედეგობრივ საკითხებს მოიცავს, ვიდრე შეიძლება ჩანდეს. მკითხველის სამსჯავროზე  მისი პირველი რომანის, „საშიში იდეალისტები“, შემდეგ ახალი წიგნია „ის აქ არის – ანგელოზის კაშკაშა ღამე“. ქართული მწერლობა არასდროს გაქცევია სიყვარულის, როგორც ფენომენისა, თუ მასთან დაკავშირებული ტრაგიზმის განსახოვნებას, მაგრამ გეგე დადიანს ის რაკურსი შემოაქვს, რომლისთვისაც ქართულმა ლიტერატურამ ვერ მოიცალა და რომელიც ძალიან აკლია. აქვე ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ავტორი ოსტატურად დადის დანის პირზე, ტექსტში ეროტიკული პასაჟები ბუნებრივად ერწყმის გმირთა ფსიქიკურ შრეებს და საბოლოოდ ესთეტიკურ ფენომენად გარდაიქმნება, რაც არაა მარტივი და დიდ შინაგან კულტურას მოითხოვს.

რომანს გურამ დოჩანაშვილის სიტყვები, „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, აქვს წამძღვარებული ეპიგრაფად. ამით ავტორმა განსაზღვრა ტექსტის მთავარი იდეაც და საკუთარი სათქმელიც. 

გეგე დადიანის მიერ, ერთი შეხედვით,  დაგვიანებულ სიყვარულზე მოთხრობილი ჩამთრევი ამბავი ღრმა ფილოსოფიურ თუ სოციალურ პრობლემებს წარმოაჩენს. ტექსტი, უპირველესად, ყალბი მორალური  კლიშეების ანტიჰუმანიზმს ასახავს, აჩვენებს, რომ ხშირად ოჯახური ტრადიციები, საზოგადოებრივი რეპუტაცია ნიღაბია, რომელიც ეგოიზმსა და სისასტიკეს მალავს, რომ საზოგადოებრივი აზრის შიშით მიღებული გადაწყვეტილება  ანადგურებს ცოცხალ, ნამდვილ გრძნობებსა და ადამიანურ ღირებულებებს.

ინდივიდის ბედნიერება ხშირად იმაზეა დამოკიდებული, დაძლევს თუ არა პიროვნულ თავისუფლებასა და საზოგადოებრივ მორალს  შორის არსებულ წინააღმდეგობას, 

სტერეოტიპების წნეხს. ასე ხდება რომანის გმირების შემთხვევაშიც. ლუსიესა და ელისეს დიდი სიყვარული საზოგადოებრივ წარმოდგენებს ეწირება და ვერ იქცევა ბედნიერებად,  ადამიანურ სიხარულად. მთავარი პრობლემაც აქ იჩენს თავს. გმირების ჭეშმარიტი გრძნობა შეეჯახა დილემას, რომელიც ოჯახის მოჩვენებითი პრესტიჟისა და ადამიანური ბედნიერების ურთიერთგამომრიცხავ დაპირისპირებას მოიცავს. ამბავი გარეგნულად ოჯახის ღირსების გადარჩენით სრულდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ფსევდოგამარჯვებაა. დაინგრა ორი ადამიანის ნამდვილი სიყვარული, რომელიც არავის აყენებდა ზიანს. მათ ვერ შეძლეს საკუთარი ბედნიერებით ტკბობა, რადგან საზოგადოების გავლენას ვერ გაექცნენ, ამ სოციუმისაგან ვერ მიიღეს ერთად ყოფნის უფლება. სწორედ ამ წინააღმდეგობაში ვლინდება ტექსტის დრამატიზმი და ღრმა ჰუმანისტური არსი.

საგულისხმოა, რომ ამბის მთხრობელი, შვილიშვილი, ზოგადად ჰგავს გეგე დადიანის წინა რომანის „საშიში იდელიასტების“ პერსონაჟებს. ისიც იდეალისტი და პრინციპების ერთგული, სამართლიანობის მაძიებელია, გაცილებით თავისუფალი თაობის წარმომადგენელია, რომელიც მისთვის ძალზე ახლობელი ადამიანებისაგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს საკუთარ გადაწყვეტილებებზე. ლოგიკურია, რომ სწორედ შვილიშვილი ამბობს უარს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ფარსზე, აშიშვლებს ფასადურ ოჯახურ ტრადიციებს და ავლენს უფროსი თაობის თვალთმაქცობას. შვილიშილის პერსპექტივიდან კიდევ უფრო კარგად ჩანს უფროსი თაობის ეგოიზმი.  ამბის დასაწყისში მისი მამხილებლური პათოსი საბოლოოდ მოხუცის შვილების მიმართ ემპათიაში გადაიზრდება, რადგან მამისა და მამიდის აზრით ეგოისტი და პატივმოყვარე ელისე სინამდვილეში აღმოჩნდება მსხვერპლი, რომელმაც სწორედ მათ გამო თქვა უარი საკუთარ ბედნიერებაზე.

რეალურად ბაბუა, უფროსი ელისე, რომანტიკოსი, მგრძნობიარე ადამიანი, ვერ მიდის  ოჯახის წინააღმდეგ და იკეტება საკუთარ თავში, მაგრამ ერთგული რჩება საკუთარი თავბრუდამხვევი სიყვარულის. ეს ყოველივე კარგად აჩვენებს მის უმწეობას აგრესიული სოციალური გარემოს წინაშე. ამ თვალსაზრისით, ბაბუა ტრაგიკული გმირია, რომელმაც შვილების კეთილდღეობას სიცოცხლის ბოლო წლების ბედნიერება შესწირა.

მთლიანად საზოგადოების გავლენის ქვეშაა მოქცეული ქალიშვილი. გასაგებია, რომ მისთვის მამისა და მეგობრის ურთიერთობა მოულოდნელია, დაუჯერებელია, მაგრამ იოლად გადალახავდა ამ ამბით მიღებულ პირველ შოკს, ასე ძალიან რომ არ ყოფილიყო მოქცეული „სხვების აზრის ტყვეობაში“ (როგორც პროზაიკოსი აღნიშნავს), არც მამის და არც საკუთარ ცხოვრებას ტრაგედიად არ აქცევდა. მკაფიოა, რომ მამიდა (ქალიშვილი) თავისებური კონფორმისტია, მამის სიყვარულს მეგობრის მიმართ ოჯახის სირცხვილად მიიჩნევს და ამჯობინებს, არ დაარღვიოს არსებული სოციალური სტერეოტიპები. ამდენად მისი რეაქციაც (მამის უარყოფა) განპირობებულია შიშითა და სირცხვილით. ის მამის სიყვარულს აღიქვამს არა როგორც ადამიანურ უფლებას, არამედ როგორც საზოგადოებაში მიღებული ნორმის, სოციალური სტატუსის შელახვას. ამდენად მისი დამოკიდებულებაც, სიყვარულიც მამის, მშობლის, მიმართ ანგარებიანია და  ამ ვითარებითაა განსაზღვრული.

კონფორმისტია რომანის კიდევ ერთი გმირი – რბილი ხასიათის მქონე ვაჟიშვილი, დუმილი რომ ამჯობინა,  კონფლიქტს გაერიდა, საკუთარ პასუხისმგებლობასაც გაექცა და,  ნებსით თუ უნებლიეთ, უსამართლობის მონაწილე გახდა, მაგრამ ვერ დაემალა საკუთარი შვილის მსჯავრს.

უნდა აღინიშნოს, რომ შიშის, სირცხვილის კულტურა („რას იტყვის ხალხი“) აქტუალურია პოსტტოტალური ეპოქის საზოგადოებისთვის. ეს შრე გეგე დადიანის ტექსტის საყურადღებო და მნიშვნელოვანი პლასტია, რომელიც თხზულებაში ზედმეტი აქცენტირების გარეშე რეპრეზენტირდება, მაგრამ რეალურად მთლიანად, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მართავს გმირების ქცევას.

რომანში გადმოცემულ ამბავში კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება ახალგაზრდა ლუსიეს, უპირობო სიყვარული ადამიანისადმი, რომელთანაც დიდ ბედნიერებას განიცდიდა და არასდროს დაშორებია ემოციურად, სულიერად. ნიშანდობლივია, რომ მათი სიყვარულის ისტორია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცალმხრივად მაინც გრძელდება და ლოგიკური წერტილი დაუსვა უმცროსმა ელისემ ბაბუის მიერ დატოვებული სურვილის შესრულებით. საბოლოოდ მწერალი საკმაოდ სევდიან და დრამატულ ამბავს სიყვარულის ზეიმად აქცევს. მკითხველს სჯერა გმირების მიერ განცდილი ხანმოკლე, მაგრამ დიდი ბედნიერებისა.

გეგე დადიანის რომანის პერსონაჟები სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, თანამედროვე ადამიანები არიან. ის დეტალი, რომ პასუხისმგებლობას და სიმართლეს უმცროსი თაობა ითხოვს, აჩვენებს, რომ ცრუ ღირებულებების ჯაჭვი ადრე თუ გვიან უნდა გაწყდეს. შვილიშვილი ხდება ოჯახის გამაერთიანებელი, წინა თაობის სინდისის ქენჯნის, მათი გულწრფელი სინანულის გამომწვევი. ამით ხაზგასმულია, რომ საზოგადოების გაჯანსაღება იწყება ოჯახიდან - ურთიერთპატივისცემით, პასუხისმგებლობითა და სიმართლის აღიარებით. ავტორის აზრით, სიყვარულს შეუძლია ადამიანების შერიგება, შინაგანი განწმენდა და სულიერი კათარზისი.

„ის აქ არის – ანგელოზის კაშკაშა ღამე“ ჯერ კიდევ მყარი საზოგადოებრივი სტერეოტიპების, ყალბი კლიშეებისა და სოციალური შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართული რომანია, სოციალური დრამაა, რომელშიც აქცენტები სიყვარულსა და ოჯახზე  კეთდება. წიგნი მკითხველს სიყვარულის, პიროვნული პასუხისმგებლობის, სამართლიანობისა და ბედნიერების უფლების შესახებ აფიქრებს. მწერალს სჯერა, რომ სიყვარულს, გულწრფელობასა და ურთიერთპასუხისმგებლობას ადამიანის სულიერი განახლების ძალა აქვს, ხოლო საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა შესაძლებელია. დინამიკურად განვითარებული სიუჟეტის, ოსტატურად დახატული პერსონაჟების, ფსიქოლოგიური სიღრმისა და  მხატვრული კულტურის წყალობით, რომანი მნიშვნელოვანი სოციალური და ზნეობრივი პრობლემების შემცველი საყურადღებო ტექსტია უდავოდ.

ავტორი - ნესტან კუტივაძე, პროფესორი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400