როგორია ანგელოზის კაშკაშა ღამე? გეგე დადიანის ახალი რომანის წარდგენა

კულტურა • 1789810214

გოჩა მირცხულავა

ლიტერატურათმცოდნე ნინო ვახანიას რეპორტაჟი გეგე დადიანის ახალი რომანის შესახებ.

იცოდით, რომ 20 ივლისის ღამე სიყვარულის ღამე ყოფილა, ანგელოზის ღამე? 2026 წლის 18 ივლისს სიყვარულზე სასაუბროდ შევიკრიბეთ „ბიბლუსის“ მყუდრო ლიტერატურულ კაფეში. ჩვენს დროში იშვიათი გახდა სიყვარულზე საუბარი, თვით სიყვარულიც გაიშვიათდა. იმ დღეს კი შეკრების მიზეზი და საბაბი გეგე დადიანის მეორე რომანი — „ის აქ არის (ანგელოზის კაშკაშა ღამე)“ აღმოჩნდა. წიგნი გამომცემლობა „დიდ ფაქტორში“ წელს დაიბეჭდა.

წარდგენისას ისიც ითქვა: როცა ჟურნალისტები შემოდიან მწერლობაში, ძალიან საფრთხილოა, რომ ჟურნალისტური სტილისტიკა არ შემოიტანონ პროზაშიო. თუმცა მკითხველმა ერთხმად დაადასტურა, რომ ამ რომანში ჟურნალისტიკის კვალიც არსადაა.

შეხვედრას თვითონ ავტორი, გოჩა მირცხულავა წარუძღვა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლს ვესწრებოდით. ამ განცდას კიდევ უფრო ამძაფრებდა ახალგაზრდა პიანისტის, მარიამ ჩახვაძის მიერ დაკრული წყნარი, ნაზი მელოდია, რომელიც ფონად გასდევდა ბატონი გოჩას საუბარს და შეხვედრის ბოლოსაც საამოდ გაისმა დარბაზში.

„უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმიტომ, რომ დღეიდან წიგნი მხოლოდ ჩემი საკუთრება აღარაა, — დაიწყო მწერალმა, — დღეიდან იგი ეკუთვნის მკითხველსაც და სწორედ ამის გამო ვღელავ ძალიანო“.

გაირკვა, რომ ვალდებულებად მიაჩნდა, ამ სიყვარულზე დაეწერა. თითქოს ჩვეულებრივი ამბავია — ათასჯერ მოთხრობილი, მაგრამ მაინც ყველასგან განსხვავებული. რომანის გმირებს პროტოტიპები ჰყავთ ცხოვრებაში. მათ მომცეს ძალა და უფლება, რომ ეს ამბები მომეთხროო. ადამიანები მთელი ცხოვრება ვიბრძვით სხვადასხვა უფლებისთვის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანის — სიყვარულის უფლების — მოპოვებისას ადვილად ვმარცხდებით, ვნებდებით. ვადგენთ, ვის ვინ შეეფერება და ვის აქვს სიყვარულის უფლება, ამ დროს კი გვავიწყდება, რომ „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს...“

ხმაში ჩაღვრილი სევდითა და ნაღვლით, თუმცა აშკარა აღტაცებით საუბრობდა ავტორი. იმპერატიულადაც მოგვიწოდა: „გიყვარდეთ, მიეცით სხვებს სიყვარულის უფლება და ნურასოდეს გახდებით სხვისი სიყვარულის ცენზორები!“

ყველას ემადლიერებოდა, ვისაც კი ოდნავ მაინც რამე აკავშირებდა წიგნთან. სამადლობელი გულწრფელად და ემოციურად გამოხატა: „როცა წიგნი დავასრულე, პირველი, ვისაც ვთხოვე, წაეკითხა, იყო მწერალი დავით ქართველიშვილი. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით, ნანახი ახლაც არა მყავს... მინდოდა, წიგნის შესახებ აზრი გამოეთქვა ადამიანს, რომელსაც არ აქვს ჩემ მიმართ რაიმე წინასწარი ლოიალური განწყობა. თუმცა იმ დროს მიმიცია, როცა საკუთარი წიგნის გამოცემისა და წარდგინების ფორიაქში ყოფილა, მაგრამ ძალიან სწრაფად წაიკითხა, მითხრა, რომ უნდა დამებეჭდა და წინასიტყვაობის დაწერაც შემომთავაზა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულიო“.

„ამასთანავე მინდოდა რედაქტორი, რომელიც მაქსიმალურად ობიექტური მსაჯული იქნებოდა. მე უამრავ რედაქტორთან მიმუშავია, თვითონაც ვყოფილვარ რედაქტორი... გადავწყვიტე, რედაქტორობა მეთხოვა ქართული ლიტერატურის გამორჩეული მკვლევარისთვის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისთვის, ქალბატონ ნესტან კუტივაძისთვის. არც მას ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი მისი რეცენზია ჩემს პირველ წიგნზე „სاشیშ იდეალისტებზე“. მივმართე, გულის ფანცქალით ველოდი პასუხს და ზუსტად ერთ კვირაში მომწერა ისეთი რამ, რომ მეტყველების უნარი დავკარგე და ვიტირე კიდეც (მარტო ვიყავი)“.

და აქ ბატონმა გოჩამ ქალბატონი ნესტანის შეტყობინება წაგვიკითხა. იმედი მაქვს, ძირითად სათქმელს უცვლელად გადმოგცემთ: „გამარჯობა, ბატონო გოჩა, წავიკითხე ეს მართლაც ძალიან ჩამთრევი წიგნი. თქვენ ისე ოსტატურად დადიხართ დანის პირზე, წერთ თემაზე, რომლისთვისაც ქართულმა ლიტერატურამ ვერ მოიცალა და რომელიც ძალიან აკლია. დრამა და ბედნიერების შეგრძნება... ერთი მხრივ, დიდი გაბედულება და, მეორე მხრივ, სტერეოტიპის ბორკილები. რა თქმა უნდა, ვიქნები თქვენი წიგნის რედაქტორი“.

„ის არამხოლოდ დამთანხმდა რედაქტორობას, არამედ მან წიგნში დაინახა ის, რაც მე მიმაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვნად და ამისთვის მას უდიდეს მადლობას ვუხდიო“, — აღფრთოვანებას ვერ მალავდა ამდენი ხნის შემდეგაც. ქალბატონ ნესტანთან მუშაობა იყო საოცრად კომფორტული. „დაახლოებით ორ კვირაში მოვრჩით ყველაფერს, მან იმ ორ კვირაში ჩემთან ერთად იცხოვრა თითოეული გმირის ცხოვრებითო“.

მადლობა გადაუხადა დიზაინერს, გიორგი ნავროზაშვილს, მეგობარს, რომელსაც უთქვამს: შენ ოღონდ წერე და სხვას ყველაფერს გადავდებო, და ასეც მოქცეულა.

მადლობა არ დაიშურა ყველა გულშემატკივრისთვის და ყველასთვის, ვინც წიგნის გამოცემაში შეიტანა თავისი წვლილი.

გამორჩეული მადლობა ერგო წიგნის პერსონაჟ ლუსიეს პროტოტიპს, რომელიც რაღაც ეტაპზე უშუალოდ ყოფილა ჩართული წერაში. ჩვენთვის იგი მაინც ინკოგნიტოდ დატოვა — თუ საჭიროდ მიიჩნევს, თვითონ გაამჟღავნებს თავის ვინაობასო.

პასუხი შეკითხვაზე — ვისთვის, რომელი ასაკის მკითხველისთვის არის წიგნი? — ასეთი გახლდათ: წიგნი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, დედებისთვის და მამებისთვის, პაპებისთვის და ბებიებისთვის, ყველასთვის, ვისაც ოდესმე ჰყვარებია ან ვისაც ოდესმე ჰყვარებიათ და იმათთვის, ვისაც ახლაც უყვარს, ახლაც ჩაბმულია სიყვარულის ორომტრიალში...

პერსონაჟებზე არ უსაუბრია, არც მტყუან-მართალი გაურჩევია, მხოლოდ ორი რამით დაინტერესდა და ჰაერში გამოკიდებული დაგვიტოვა შეკითხვები: ვინ აწესებს წესებს სიყვარულისთვის და აქვს თუ არა ადამიანს უფლება, უყვარდეს ისე, როგორც თავად გრძნობს?

განაცხადა: წიგნის წაკითხვის შემდეგ თუ ერთი ადამიანი მაინც გადაწყვეტს, რომ არასოდეს განსაჯოს სხვისი სიყვარული, არასოდეს განიხილოს, ვის ვინ შეეფერება, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვისო.

ილუსტრაციების იდეა თვითონ ავტორისა ყოფილა. უნდოდა თურმე, რომ ილუსტრაციები გაეკეთებინა ირაკლი ნაკუდაიძეს, რომელიც მისი პირველი წიგნის ილუსტრატორია, მაგრამ იგი სხვა პროექტზე მუშაობდა და ვერ მოიცალა. „ასე რომ, ილუსტრაციებიც თვითონვე გავაკეთე; რამდენიმე მათგანში ჩემი სახე მაქვს გამოყენებულიო“, — გვითხრა და თითოეულ მაგიდაზე ცალკე ამობეჭდილი ეს ილუსტრაციები საჩუქრად მოგვართვა დამსწრეთ.

შემდეგ პირველი გამომსვლელი წარადგინა: „დარბაზში არის ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა წაიკითხა ეს წიგნი, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში ამ ასპარეზზე, რასაც მწერლობა ჰქვია, მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული — პირველი წიგნის პირველი რეცენზიის ავტორია. გარდა იმისა, რომ თვითონ არის შესანიშნავი მწერალი და მკვლევარი, იგი გახლავთ ყველა მწერლისა თუ მკვლევარის, ყველასი, ვინც კალამს მოკიდებს ხელს, ქომაგი და გულშემატკივარი...“

და ბატონმა გოჩამ სიტყვა გადასცა, რა თქმა უნდა, ბატონ როსტომ ჩხეიძეს.

„ჰიპერბოლიზებული წარდგენა იყო ჩემიო“, — თავმდაბლურად თქვა გამომსვლელმა და შემდეგ რომანზე ისაუბრა. როცა გამოვიდა გოჩა მირცხულავას პირველი რომანი „საშიში იდეალისტები“, წარდგენა მოინდომა, მაგრამ იყოყმანა, იმიტომ, რომ ფსევდონიმით (გეგე დადიანი) იყო გამოსული წიგნი და არ უნდოდა, ფსევდონიმი გაშიფრულიყო. ჯერ კიდევ ეჭვობდა, რამდენად ღირებული იყო ეს წიგნი და გადაიფიქრა. მერე კი, როცა გამოხმაურებები მოჰყვა, მხოლოდ მაშინ გავმართეთ განხილვა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებაში.

ბატონმა როსტომმა გაიხსენა ტომას ვულფის ნათქვამი: ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია პირველი წიგნის გამოცემა, მაგრამ მეორე წიგნი გაცილებით უფრო ძნელიაო. პირველის გამოცემისას არავინ გიცნობს, არ ჩქარობ, მკითხველიც შეღავათით ეპყრობა. მეორე წიგნის შეფასებისას კი ყველა უშეღავათოა. მით უმეტეს, თუ პირველი წარმატებული იყო... მკითხველის მოლოდინი ცალკე გთრგუნავს, შენი თავის წინაშე პასუხისმგებლობა კიდევ ცალკე და ნეტავ შეიძლებოდეს, რომ პირველ წიგნს პირდაპირ მესამე მოჰყვეს ხოლმეო.

როგორც პუბლიცისტი, გოჩა მირცხულავა შესანიშნავია და აღიარებულია, მაგრამ არ ივარგებს, რომ პროზას დააჩნდეს პუბლიცისტის ხელი. რომანი არის ისეთი ჟანრი, რომელსაც შეუძლია შეირწყას პიესაც, დოკუმენტალიზმიც, ესეიც, მაგრამ ვერ შეირწყავს პუბლიცისტიკას. ამიტომ პროზა უნდა იყოს სრულფასოვანი, ცალკეული პუბლიცისტური პასაჟებიც კი რაღაცას აკლებს. თავის დროზე თამაზ ბიბილური, სრულიად უსამართლოდ მივიწყებული პროზაიკოსი, შემოვიდა მწერლობაში ჟურნალისტიკიდან და ისიც ამბობდა, რომ პროზა ცალკეა, ცალკეა ჟურნალისტიკაო. თეონა დოლენჯაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე ჟურნალისტიკიდან მოვიდნენ და არიან სრულფასოვანი პროზაიკოსები. ჰემინგუეი, მარკესი... ხომ იყვნენ ჟურნალისტები, იყვნენ შესანიშნავი ჟურნალისტები, მაგრამ ის სტილისტიკა არ გადმოუტანიათ პროზაში. ეს მეორე წიგნი სრულიად განსხვავდება პირველისგან. დავით ქართველიშვილი შესავალ წერილში წერს: მეგონა, აქ იქნებოდა პოლიტიკური რეალობის ანალიზი და ამიტომ შიშით დავიწყე კითხვაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ სხვა ჟანრი ყოფილა.

სასიყვარულო რომანი ჩვენს დროში აღარ იწერება. რომანი კი არა, ლექსებში უნდა ეძებო სიყვარული. თუ არის, ისიც უფრო განსჯაა სიყვარულის შესახებ, ვიდრე თვით გრძნობა. მით უმეტეს დასაფასებელია, როცა ამას ნახულობ ვრცელ მოთხრობასა თუ რომანში, რომელიც ამ ჟანრის შესანიშნავი ნიმუშია.

ბატონმა როსტომმა ახსენა ჯონ გოლზუორთის „ბებრის ყვავილობა“, რაც შეიძლებოდა ქვესათაურადაც კი წარწეროდა წიგნსო. აქ ასახულია ძალიან მძაფრი ოჯახური დრამა და ავტორს შეეძლო ამ ამბავსაც გაჰყოლოდა, მაგრამ მაშინ ჩაიკარგებოდა სასიყვარულო ხაზი. სიუჟეტი არ არის რთული. პირველი რომანის სიუჟეტი გაცილებით უფრო რთულია, გაცილებით უფრო ჩახლართულია, გაცილებით უფრო მძაფრია. აქ უფრო ზედაპირზეა ყველაფერი, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. შინაგანად არის ძალიან მძაფრი და ოსტატის დაწერილი. კიდევ ერთხელ მოგვაგონებს და შეგვახსენებს, რომ სიყვარული არ არის მარტო განსჯის საგანი. მისი ფილოსოფიური განსჯაც საინტერესოა და სოციოლოგიური ძირებიც, მაგრამ განცდაა მთავარი. სიყვარული სტიქიური მოვლენაა და თუ განსჯი, უკვე სხვა ხდება. უკვე ნამდვილი სიყვარული აღარაა.

სიყვარული ის არის, რომ თვითონ ადამიანი ვერ ხვდება, რას განიცდის, რატომ ტირის, რატომ აწყდება აქეთ-იქით — ხან ყველაფერი მოწესრიგებულია ურთიერთობაში და მაინც აწყდება გულით... ეს ყველაფერი ფილიგრანულადაა რომანში დახატული. შინაგანად ძალიან დამუხტული, არქიტექტონიკა მოწესრიგებული, სტილურად მძაფრი. გამიზნულია ყველა ადამიანისთვის, ვისაც სიყვარული განუცდია, განიცდის ან აწი უნდა განიცადოს. ამ განცდის მარადიულობა თითქოს ძველმოდურია, მაგრამ რაც ძველმოდური ჩანს, ის არის მარადიული და ამ მარადიულ ვნებებზე არის უამრავი დაწერილი. თითქოს ახალს ვეღარ დაწერ, თუმცა დაწერ, როცა შინაგანად განიცდი და როცა ნამდვილი მწერალი ხარ.

გამომსვლელმა იმედი გამოთქვა, რომ ეს რომანიც მოიპოვებს ისეთ პოპულარობას, როგორიც პირველმა რომანმა მოიპოვა. თან დაბეჯითებით ივარაუდა: ამას მოჰყვება მესამე და მეოთხე წიგნები აუცილებლად, იმიტომ, რომ მკითხველის მოლოდინი მწერალს ამას აიძულებს.

დაასკვნა, რომ „ის აქ არის (ანგელოზის კაშკაშა ღამე)“ არის ნამდვილი შენაძენი ქართული პროზისა.

ამ საგულისხმო წარდგენის შემდეგ გოჩა მირცხულავამ წაიკითხა ამონარიდები დავით ქართველიშვილის წინასიტყვაობიდან. მერე თქვა: „ჩვენ რაც არ ვიცით, რასაც არ გვასწავლიან და, ალბათ, რაც არ ისწავლება, არის სიყვარულიო. ცხოვრების რაღაც ეტაპზე მონაპოვრად მივიჩნევთ ამას და მერე თითქოს ისევ მიილევა. მაგრამ არა, არ მიილევა არასოდეს. სიყვარული მუდმივად შენთან არის, ძვირფას სამკაულს ჰგავს, რომელიც ხელზე გიკეთია. შეიძლება მოიხსნა, ძვირფას ზარდახშაში შეინახო და სულ შენთან იქნება. რამდენჯერაც უნდა შეგიყვარდეს შემდეგ, ეს იმ ზარდახშაში იქნება. გაქვს იმის შესაძლებლობა, ამოიღო, შეხედო, მიეფერო, უკან ჩააბრუნო... ერთადერთი რამ, რაც მიმაჩნია, რომ სიყვარულს ებრძვის, ეს არის სტერეოტიპებად ჩამოყალიბებული აზრი. სიყვარული პატარა ბავშვივითაა. ხელის შემშველებელი სჭირდება — თუ დაეცემა, რომ წამოაყენოს, გაამხნეოს, გაატაროს. გვჭირდება ხოლმე ისეთი მეგობარი, ვინც იცის შენი ყველაზე საშინელი ჩონჩხების შესახებ, კარადაში რომ გაქვს შენახული, და მაინც გემეგობრება. ასეთი მეგობარი სჭირდება შეყვარებულ ადამიანს. უპირველესი მნიშვნელობა აქვთ მშობლებს, რომლებიც შვილების მხარდამჭერნი უნდა იყვნენ, და მნიშვნელობა აქვს ოჯახის ნებისმიერ წევრს, რომელმაც ხელი უნდა შეაშველოს სიყვარულს, არ ჩააქროს მოგიზგიზე ცეცხლი...“

ჩემს მოკლე გამოსვლაში ვთქვი: ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ სიყვარული ბრმაა. ამიტომაც აღორძინების ხანის მხატვრობაში სიყვარულს პერსონიფიცირებულად გამოსახავდნენ ყმაწვილი, ანცი ბიჭის სახით, რომელსაც ჩანთაში სიყვარულის ისრები უწყვია, ხოლო თვალები აკრული აქვს. არავინ იცის, ვის მოხვდება მისი გასროლილი ისარი. არავის დაუწესებია და არც შეიძლება განისაზღვროს წესი და კანონი იმისთვის, ვინ ვინ უნდა შეიყვაროს; ეს თავისთავად ხდება და როდესაც აკრძალულია, უფრო მეტი სიმძაფრე და უფრო მეტი ვნება ახლავს ხოლმე. ქართულ ლიტერატურაში ეს თემა ახალი არ არის; საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა ნაწარმოებები, რომელთაც სიყვარულის საგალობლებლად, სიყვარულის აპოლოგიად მივიჩნევთ. რუსთაველის პოემა ხომ მწვერვალია და აქეთ, ჩვენს დროში, ალექსანდრე ყაზბეგი გავიხსენე — სწორედ, ასე ვთქვათ, აკრძალული სიყვარულის პერიპეტიების გამომხატველი მწერალი, რომელიც ყველა ნაწარმოებში გვეუბნება, რომ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზია არა სიყვარული, არამედ ის ხელის შემშლელი ფაქტორები, რომლებიც ნამდვილ სიყვარულს ეღობება წინ. ქართულ ლიტერატურაში დადგენილ ამ ხაზს მიჰყვება, განაგრძობს და ავითარებს ბატონი გოჩაც. შესაძლოა გამოჩნდეს მკითხველი, რომელიც ერთგვარად გაამართლებს რომანის იმ პერსონაჟს (მთხრობელის მამიდას), რომელიც მამის სიყვარულს ეღობება წინ. საქმე ისაა, რომ ეს საზოგადოებრივი აზრია, არ ეფუძნება მხოლოდ ერთი პიროვნების სუბიექტურ მოსაზრებას, არამედ განმტკიცებული და გამოცდილია ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ასეთ დროს ვის რა უნდა ჰქონდეს მორალის დაცვის საწინააღმდეგო? მაგრამ თხზულებაში ავტორი მხატვრულად გვიჩვენებს და დამაჯერებლად გვიხატავს სიტუაციას, როცა სიყვარულისთვის წინ აღდგომა ცრუმორალისტობაა და არაფერი აქვს საერთო ზნეობისა და სულიერი სისუფთავის დაცვასთან. გამახსენდა ნაირა გელაშვილის რომანი „მე ის ვარ“. სიუჟეტურად და სათქმელითაც ეს ორი სრულიად განსხვავებული ნაწარმოებია და ასეც უნდა იყოს. რამდენი ადამიანიც არსებობს ამქვეყნად, იმდენნაირი სიყვარულია. ავტორმა მონახა სხვა ხაზი, სხვა გზა, სხვა ჭრილი, რომელიც იძლევა დაფიქრების, განსჯის, მსჯელობის საშუალებას — იმ რაკურსის შეცვლის შესაძლებლობას, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ და აღვიქვამთ სამყაროს. მსოფლმხედველობის შეცვლა, ცხადია, ერთბაშად ვერ და არ ხერხდება. მხატვრული ნაწარმოები უცებ ვერ ცვლის ადამიანის შეხედულებებს, წარმოდგენებს, მაგრამ ცვლის დროთა განმავლობაში.

გოჩა მირცხულავას რომანი არ არის ფილოსოფიური ტრაქტატი, მხატვრული ნაწარმოებია, რომელიც თავიდან ბოლომდე სიამოვნებით წაგაკითხებს თავს, ხოლო წაკითხვის შემდეგ რჩება განცდა, გრძნობა, ემოცია — რჩება ის, რაც სიტყვაკაზმული მწერლობისგან უნდა დარჩეს გემოვნებიან მკითხველს.

ქალბატონი ეკა შინდაგორიძე, სააგენტო „ნიუ-პოსტის“ მთავარი რედაქტორი, გამოეხმაურა დარბაზიდან: „სიყვარულისთვის რამდენად ხარ მზად, გამოიხატება იმით, რამდენად შეგიძლია, სიყვარულისთვის მსხვერპლი გაიღო. „გიყვარდეს, ნიშნავს, სიკვდილისთვის იყო მზად“. მსხვერპლის გაღების უნარი ყველას არ აქვს. არც სიყვარულის უნარი აქვს ყველასო“.

მერე ისევ ავტორმა განაგრძო: „წერის განმავლობაში მე ვიცხოვრე თითოეული გმირით. ყველას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ ფაქტთან, მოვლენასთან დაკავშირებით თავისი შეფასება, მაგრამ დაანგრიო სხვისი სიყვარული, ხელი შეუშალო სხვას, ამის უფლება არავინ უნდა მისცეს საკუთარ თავს. წაართვა ადამიანს სიყვარულის უფლება, არის ყველაზე სასტიკი რამ, რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. სიყვარული იმდენად უნივერსალურია, რომ ერთი, საერთო ფორმულა მის ასახსნელად ვერცერთმა გენიოსმა ვერ მოიგონა. სიყვარული ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია. თუ ადამიანს აქვს პასუხი შეკითხვაზე, რატომ უყვარს, ეს სიყვარული არც არის“.

ჩვენი საზოგადოების პრობლემად მიიჩნია, რომ ჩვენ სკოლაში უამრავ რამეს ვასწავლით ბავშვებს, მაგრამ არ ვასწავლით ცხოვრებას. იმ აფეთქების მერე, იმ მუცელში დატრიალებული პეპლების მერე, იმ თავში ავარდნის მერე, ვიღაც რომ ეტყვის, ამის შეყვარება როგორ შეიძლებაო, ახალგაზრდა არც მოუსმენს და ვერც გაიზიარებს იმ მრჩევლის აზრს. სიყვარული ღვთით ბოძებული ნიჭია და ეს ნიჭი ღმერთს ყველასთვის არ დაუბერტყავს.

ბატონი როსტომი იმით დაინტერესდა, თუ რამ გადააწყვეტინა ცნობილ ჟურნალისტს რომანების დაწერა? სიყმაწვილეში წერდით ლექსებსა და მოთხრობებს თუ მოულოდნელად მოგაწვათ ამის სურვილიო.

პასუხმა საუბარს კალაპოტი შეუცვალა. მწერალს მოგონებები წამოეშალა: „ძალიან პატარამ რაღაც დავწერე, ჩემი ქართულის მასწავლებელს, ლამზირა კვირკველიას მივეცი და ისეთი გადაწითლებულ-გადასწორებული დამიბრუნა, რომ მერე ხელი აღარ მიხლიაო... ვწერდი იგავ-არაკებს ჩემთვის. ზოგი ახლაც მომწონს, მაგრამ გამოქვეყნებას ვერ გავბედავო“.

წლების წინ ნიკა რურუას უთხოვია, მიეწოდებინა მისთვის ანალიტიკური წერილი, რომელიც წაკითხული ჰქონდა ადრე. ვერ იპოვა თურმე, ნიკა კი დაჟინებით სთხოვდა არამარტო იმ მასალას, არამედ ურჩევდა, შეეკრიბა წერილები და გამოეცა კრებული. ერთხელ, რუსთაველზე სეირნობისას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს რომ ჩაუარა, თვალწინ წარმოუდგა, როგორ მივიღეთ იქ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც მერე მრავალჯერ გადაგვახიეს თავზე. შინ დაბრუნებულს კი უკვე სცოდნია, რომ ანალიტიკურ სტატიებს კი არ შეკრებდა და გამოსცემდა, არამედ დაწერდა რომანს. და კიდეც დაწერა „საშიში იდეალისტები“.

სიტყვამ მოიტანა და ბატონმა გოჩამ არ დამალა, რომ დედამისს თავის დროზე თვითონ არ მისცა უფლება, საკუთარი ცხოვრება ჰქონოდა. სევდითა და სინანულით იხსენებდა ამ ამბავს, განიცდიდა ახალგაზრდობისდროინდელ შეცდომილებას. რომანი „ის აქ არის“ დანაშაულის გამოსყიდვად არა, მაგრამ ერთგვარ მონანიებად მიიჩნია.

ყურადღება მიგვაქცევინა, რომ ორიოდე დღეში დადგებოდა 20 ივლისი — ანგელოზის კაშკაშა ღამედ სახელდებული და თითქოს საგანგებოდ, რაღაც განზრახვით, რომანის განხილვა 18 ივლისს გაიმართა.

„მწერალი არა ვარო“, — თავმდაბლურად გვითხრა ავტორმა, — „მე მხოლოდ რაღაცებს ვყვები, მთხრობელი ვარ და თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ვწერ, ეს ჩემთვის პატივიაო“.

ბატონმა როსტომმა არ დააყოვნა და იქვე გამოთქვა თავისი აზრი: „თითქოს შემთხვევით დაიწერა ეს წიგნი, მაგრამ ეს ის შემთხვევითობაა, რომელიც კანონზომიერებით არის გამოწვეულიო. თქვენ მზად იყავით დასაწერად და ბიძგი შეიძლება სულ მოულოდნელად მიეცეს ადამიანსო. ერთი წიგნი დაწერეთ, მეორე, მესამე მზად გაქვთ... თქვენ თვლით თუ არა თავს პროზაიკოსად, ეგ მნიშვნელოვანი არ არის; მნიშვნელოვანია, რომ სალიტერატურო კრიტიკა მიგიჩნევთ პროზაიკოსად და ეს ძალიან მახარებსო. ლიონ ფოიხტვანგერს აქვს ნათქვამი: რამდენიმე ადამიანი გადავარჩინე დახრჩობას, მაგრამ მიხარია, რომ ხუთი გადავარჩინე მწერლობასო, თუმცა ოცდაათ შემთხვევაში უძლური აღმოვჩნდიო. ბატონი გოჩას ნაწერები მხატვრული თხზულებები კი არა, პუბლიცისტიკა რომ იყოს, ახლობლობის გამო პირველი ვიქნებოდი, ვინც ამ სიმართლეს ეტყოდა. პროზაიკოსობა მთხრობელობაა, სხვა კი არაფერიო“.

მოკლედ, მაგრამ გულისხმიერად და თბილად ისაუბრეს წიგნისა (და სიყვარულის) შესახებ ქალბატონმა ლელა ჯეჯელავამ და ბატონმა მამუკა გამყრელიძემ.

საფინალო აკორდად ისევ ბატონმა გოჩამ წაიკითხა რამდენიმე მონაკვეთი წიგნიდან და პოეტურად დაამთავრა: „მაშ ასე, დღეიდან ეს წიგნი მე არ მეკუთვნის, ეს ამბავი აღარ ეკუთვნით ამ წიგნის გმირებს, დღეიდან ეს მკითხველის ამბავიც არის. დროა, ანგელოზის კაშკაშა ღამის ზეიმისთვის დავიწყოთ მზადება...“

ისმოდა წყნარი მელოდია და ამ ფონზე მშვიდი, მელანქოლიური და საზეიმო განწყობა ბუნებრივად ერწყმოდა ერთმანეთს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325