გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გაიღვიძოს ხანგრძლივი ძილისგან და ხელახლა დაანთოს ის ცეცხლი, რომელიც აქვე, ათასწლეულების წინ აინთო - მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ
მსოფლიო • 1791474039
საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:
მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია, სადაც ისტორიას, თითქოს, ძალა გამოელია - შორეული, ცოცხალ მეხსიერებას მიღმა დიდი ხნის წინ გადასული კულტურების ნაშთები. მაგრამ აკროპოლისი სულ სხვაა.
ათასწლეულების განმავლობაში ცივილიზაციას, რომელმაც ჩემს ზურგს უკან აღმართული ეს სიდიადე შექმნა, დასავლური სამყაროს წარმოსახვა ჰქონდა დაპყრობილი. ჩვენი სახელმწიფო მოღვაწეების, ხელოვანებისა და ფილოსოფოსების თაობები შეჰყურებდნენ მას — შეჰყურებდნენ განცვიფრებითა და კრძალვით. დროის სვლას კი სჩვევია შეგრძნებების განელება: დიადი გამარჯვებები თუ კატასტროფული დამარცხებები სახელმძღვანელოებში პატარა სქოლიოებამდე კნინდება, კიდევ ერთ მშრალ ფაქტად, რომელიც ჩვენმა მოსწავლეებმა ზეპირად უნდა ისწავლონ და შემდეგ დაივიწყონ. მაგრამ ანტიკური ხანის ბერძნებს თითქმის მისტიკური ძალაუფლება აქვთ ჩვენს მეხსიერებაზე. ისინი კვლავ და კვლავ გვიხმობენ თავისკენ.
ქრისტესშობამდე 480 წელს ამ ქალაქს ქსერქსეს არმია მოადგა და მისი სიწმინდეები ცეცხლს მისცა. ათენელთა უმრავლესობას იმ დროისთვის უკვე დაეტოვებინა ქალაქი ხომალდებით და მახლობელ კუნძულს შეეფარა. თუმცა დარჩა მცირედი ჯგუფი, რომელმაც უარი თქვა მშობლიური კერის მიტოვებაზე. მათ აკროპოლისის კლდოვან სიმაგრეს შეაფარეს თავი, რათა უკანასკნელი, საოცარი ბრძოლა გადაეხადათ: კლდის წვერიდან უზარმაზარ ლოდებს აყრიდნენ სპარსელ დამპყრობლებს და ეპოქის უძლიერეს იმპერიას დღეების განმავლობაში აკავებდნენ. საბოლოოდ, მტერმა მრავალრიცხოვნობით სძლია მათ. სპარსელებმა გაძარცვეს ტაძრები, დაწვეს სალოცავები და მიწასთან გაასწორეს აკროპოლისი. მაგრამ როდესაც ათენელები დაბრუნდნენ, მათ შეაგროვეს ძველი აკროპოლისის ნანგრევები და იმავე ბორცვში დაკრძალეს, სადაც ის იდგა. ათწლეულების შემდეგ კი, პერიკლეს დროს, იქვე პარფენონი აღმართეს. მას შემდეგ, 25 საუკუნის განმავლობაში, პარფენონი ამაყად დგას. მის ჩრდილქვეშ იმპერიები აღზევდნენ და დაემხვნენ. ხოლო იმ ადამიანთა შთამომავლებმა, ვინც ის ააგო — ათენისა და რომის შვილებმა — თავიანთი ცივილიზაცია დედამიწის კიდეებამდე მიიტანეს.
ამერიკის რესპუბლიკის დაარსებიდან ორ-ნახევარი საუკუნის შემდეგ — დედამიწის მეორე ნახევარსფეროში, იმ ადგილიდან შორს, სადაც ახლა ვდგავარ — მე დღეს აქ ვდგავარ, როგორც ამ რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი და ესპანეთიდან ახალ სამყაროში ჩასული დასახლებულების შთამომავალი, რათა დავამოწმო ვალი, რომელსაც ვერც დროის სვლა და ვერც მანძილის სიშორე ვერასდროს გაანელებს. ამერიკის ისტორია, ჩემი ქვეყნის ისტორია, ანტიკური ხანის ხელნაწერებითაა დაფარული. საბერძნეთი პირდაპირაა ამოკვეთილი ჩვენი მთავრობის არქიტექტურაში: მტკიცე სვეტებში, გუმბათებსა და მონუმენტებში, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს ამშვენებს. ქალაქს, სადაც ჩვენი კონსტიტუცია დაიბადა — ფილადელფიას — თავადაც ბერძნული სახელი ჰქვია. ჩემი ქვეყნის დამფუძნებლები მოხიბლულნი იყვნენ იმ მემკვიდრეობით, რომელიც თქვენგან ერგოთ. ისინი საოცრად ღრმად იცნობდნენ ისტორიას — მკაფიოდ გააზრებული ჰქონდათ საკუთარი უნიკალური ადგილი მასში — მაგრამ წარსულის ვერცერთმა ეპოქამ ვერ დაიპყრო მათი ყურადღება და წარმოსახვა ისე, როგორც ანტიკურმა ხანამ. ბევრს უკვირს იმის გაგება, რომ „ფედერალისტურ წერილებში“ ყველაზე ხშირად ციტირებული ავტორი არა განმანათლებლობის ეპოქის რომელიმე ფილოსოფოსი ან პოლიტიკური თეორეტიკოსი, არამედ პლუტარქე იყო — საბერძნეთისა და რომის დიად მოღვაწეთა ბერძენი ბიოგრაფი.
ამერიკის დამფუძნებელთა იდეებზე — და ზოგადად, მათზე წინამორბედ ყველა დასავლელ ფილოსოფოსსა თუ სახელმწიფო მოღვაწეზე — ანტიკური საბერძნეთის გავლენის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა. უმეტესობა ჩვენგანისთვის ეს საბაზისო ისტორია ნაცნობია. ათენმა მოგვაცა დემოკრატია. პლატონმა და არისტოტელემ საფუძველი ჩაუყარეს დასავლურ ფილოსოფიას. კანონის, სათნოების, მოქალაქეობისა და რესპუბლიკური მმართველობის შესახებ ჩვენი წარმოდგენები სწორედ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა. ჩვენი პოლიტიკური ლექსიკის უდიდესი ნაწილიც კი — სიტყვები, როგორიცაა დემოკრატია, ტირანია და თვით სიტყვა „პოლიტიკაც“ — სწორედ აქედან იღებს სათავეს. დიახ, ეს ყველაფერი სიმართლეა. მაგრამ ის, რაც ამ ადგილის გვმართებს — როგორც ამერიკელებს და როგორც დასავლელებს — სინამდვილეში ბევრად, ბევრად ღრმაა. ეს ინსტიტუტები და იდეები იყო იმ უფრო ფუნდამენტური თვისებების გარეგნული გამოხატულება, რომელთაც ანტიკურ ბერძნებში ვხედავთ — თვისებებისა, რომელთა დაყვანაც შეუძლებელია რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ სისტემასა თუ თეორიაზე. აქ, ათენში, ჩვენ ვიხილეთ ყველა იმ არსებითი ნიშან-თვისების პირველი სრული რეალიზება, რამაც შემდგომში განსაზღვრა დასავლეთი: უტეხი ინდივიდუალიზმი და დაუოკებელი ამბიცია; გაბედული ძიება და ინოვაცია; აღმოჩენების, თავგადასავლების, რისკისა და დიდებისკენ სწრაფვა. დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა სამყაროსა და იმ პრინციპების მიმართ, რომლებითაც ის ფუნქციონირებს; ბუნების საიდუმლოებათა შეცნობისა და კოსმოსის დაფარული არსის წვდომის დაუოკებელი წყურვილი. შეუძლებლობის იდეასთან შეუგუებლობა, ყოველგვარი საზღვრებისა და შეზღუდვების დარღვევა, უცნობის სიღრმეებში ჭვრეტის დაუცხრომელი სურვილი. ეს არ ყოფილა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ფილოსოფიური სკოლის ფორმულები თუ დოგმები. ეს იყო მთელი ერის დამახასიათებელი ნიშანი — გამოხატული მათ ტრადიციებში, ამბებში, წარმოსახვაში; იმ თვისებებში, რომელთაც ისინი ითხოვდნენ თავიანთი მოქალაქეებისგან; იმ ღირებულებებში, რომელთათვისაც ცოცხლობდნენ, იბრძოდნენ და კვდებოდნენ. შეიცნო ისინი — ნიშნავს შეიცნო საკუთარი თავი.
ის, რაც აქ, ამ ადგილას აყვავდა, იყო დასავლური სწრაფვა — ფარდა აეხადა ყველაფრისთვის, რაც უმეცრებას, სიბნელესა და მანძილს ადამიანის გონებისგან დაეფარა. ბერძნებს მხოლოდ ისტორიის ფორმირება კი არ მოუხდენიათ, ბერძნებმა თავად ისტორიის ფენომენი გვაჩუქეს. ის, რაც ბევრი ანტიკური ცივილიზაციის შესახებ ვიცით, თითქმის მთლიანად ბერძენი მკვლევრებისა და ისტორიკოსების ჩანაწერებს ეფუძნება — მოგზაურებისა და ისტორიკოსების, რომლებიც არ შემოიფარგლნენ მხოლოდ საკუთარი ხალხის მატიანის წერით, არამედ გაემართნენ გარეთ, რათა დაკვირვებოდნენ და აღეწერათ უცხო ხალხთა და კულტურათა ისტორიები მთელ მსოფლიოში. სადაც სხვები შიგნით იხედებოდნენ, ბერძნები იყვნენ პირველნი, ვინც მზერა გარეთ მიმართეს, რათა გამოჰყოლოდნენ ყველაფერი უცხოსა და ახლის ხილვით გამოწვეულ აღტაცებასა და დიდებას. სწორედ ამ თვისებამ აიძულა დასავლეთი, შეექმნა და აღემართა ის, რაც სხვებს არ შეეძლოთ; ამან გამოგვყო უამრავი სხვა კულტურისა თუ ცივილიზაციისგან, სადაც სტაბილურობა და არსებობის შენარჩუნება ცხოვრების უმაღლეს მიზნად ითვლებოდა. მაგრამ ბერძნებისგან მემკვიდრეობით მიღებული გვაქვს არა მხოლოდ უცნობის კვლევის ამბიცია, არამედ რწმენა იმისა, რომ უცნობის შეცნობა შესაძლებელია. დარწმუნებულობა იმაში, რომ სამყაროს აღწერა, გაზომვა, რუკაზე დატანა და გაგება შესაძლებელია — და რომ კოსმოსში არსებობს რაციონალური წესრიგი, რომელიც იმართება გარკვეული ფუნდამენტური კანონებით, კანონებით, რომელთაც ადამიანი თვალს ადევნებს და გონებას შეუძლია ჩაწვდეს. ეს იყო დასავლური აზროვნების საძირკველი: ჩვენი მათემატიკა, მეცნიერება, მედიცინა. ჩვენი ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია. მან გაუკაფა გზა იესო ქრისტეს სახარებას, რათა ნაყოფიერი ნიადაგი ეპოვა ევროპაში და აყვავებულიყო ქრისტიანული სამყაროს იმპერიად. ეს იყო ქრისტიანული ღვთისმეტყველების სიმდიდრის საძირკველი — ავგუსტინესი, აქვინელისა და ბუნებითი სამართლის მთელი ტრადიციისა. მან შობა ცივილიზაცია, რომელიც გამოირჩეოდა არა მხოლოდ საერთო კულტურით, არამედ საერთო ანთროპოლოგიით — ადამიანისა და სამყაროში მისი ადგილის საერთო გაგებით. მისი შთამომავლები იზიარებდნენ არა მხოლოდ ბუნებრივი წესრიგის იდეას, არამედ სათნოების, ბედისწერისა და ხვედრის; ჭეშმარიტების, სიკეთისა და მშვენიერების უნიკალურ გაგებას; კოდექსს, რომელიც კარნახობს ადამიანს, თუ როგორ უნდა იცხოვროს; ობიექტურ სტანდარტებსა და იდეალებს, რისკენაც უნდა ისწრაფოდეს.
ანტიკური საბერძნეთისთვის სრულყოფილებისკენ სწრაფვა ადამიანის არსებობის უზენაეს პრინციპს წარმოადგენდა. მათ მთელი სამოქალაქო ცხოვრება შეჯიბრის, ამბიციისა და კონკურენციის ირგვლივ მოაწყეს: ფილოსოფიაში, პოეზიაში, ქანდაკებაში, დრამატურგიაში, ათლეტიზმში, ხელოვნებაში, ომსა და სახელმწიფო მართვაში. კლასიკური ბერძნული ქალაქი იყო არენა დიდი ადამიანებისთვის, რათა გამოეცადათ და დაემტკიცებინათ საკუთარი თავი, დაეხვეწათ პოტენციალი მუდმივი ბრძოლით — ყოფილიყვნენ საუკეთესონი, ყველაზე ძლიერნი, ყველაზე მშვენიერნი და ყოველდღიურად მიახლოებოდნენ სრულყოფილებას.
ვიცი, რომ თანამედროვე ადამიანის ყურისთვის ის, რაც ახლა აღვწერე — ცხოვრების ეს წესი — შესაძლოა უცნაურად, ან სასტიკადაც კი ჟღერდეს. ჩვენი დროის მრავალი იდეოლოგიის იდეალად, გულახდილად რომ ვთქვათ, იქცა სრული უსაფრთხოების სამყარო, დაცლილი რისკისა თუ მარცხისგან, სადაც არ არსებობს არც გამარჯვების დიდება და არც დამარცხების სირცხვილი. დღესდღეობით, ძალიან ხშირად, ჩვენ ქვემოთ ვაშენებთ. ჩვენს სტანდარტებს ისე ვაყალიბებთ, რომ არავინ წააგოს; უფრო მეტად უარესთა კომფორტზე ვზრუნავთ, ვიდრე საუკეთესოთა პოტენციალზე. ყველაზე გამორჩეულ მოვლენებსა თუ მიღწევებს საშუალოზე, ჩვეულებრივზე, ორდინალურზე ვხდით დამოკიდებულს. ადამიანები, რომლებმაც პარფენონი შექმნეს, ზემოთ აშენებდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ცხოვრებაში ყველაზე ამაღლებული და ღირსეული მისწრაფება იყო სხვათა გადაჭარბება, სწრაფვა იმისა, რომ ყოფილიყვნები საუკეთესო ყველაფერში. ანტიკური ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები აღავსებული იყო. აღავსებული იყო მგზნებარე ვნებებით, მეტოქეობით, დაჯგუფებებითა და კონფლიქტებით. მაგრამ სწორედ გამორჩეულობისთვის იმ მუდმივი ბრძოლიდან — სწორედ იქიდან იშვა ხელოვნების, ფილოსოფიის, პოლიტიკური და ინტელექტუალური ენერგიის ის დიადი აყვავება, რამაც ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქთა ერთობა მსოფლიოში უდიდესი ცივილიზაციის აკვნად აქცია.
Thumos — როგორც მას ანტიკური ბერძნები უწოდებდნენ — ვნების, სიძლიერის, სიმამაცისა და სიამაყის ცეცხლი — დიადი ცივილიზაციის გულია. მის გარეშე? მის გარეშე ერები კარგავენ ბრძოლის ნებას, სწრაფვის ნებას, გადარჩენის ნებას. დღეს დასავლეთის დიდმა ნაწილმა დაივიწყა ეს თვისება. დროთა განმავლობაში, ჩვენ, დასავლეთში, დავიწყეთ იმით სირცხვილი, რამაც გამორჩეულად გვაქცია. უხერხულობას ვგრძნობდით იმის გამო, რომ ჩვენი მიღწევები მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისგან გამოგვყოფდა. ჩვენი კეთილდღეობა, რატომღაც, დანაშაულის გრძნობის წყაროდ იქცა. აღარ გვჯეროდა, რომ იმსახურებდით და შრომით მოვიპოვეთ ჩვენი სიდიადე. სიტყვა „ნაციონალიზმი“ სალანძღავ სიტყვად იქცა. ამიტომ დავამხეთ ჩვენი ძეგლები; დავგმეთ საკუთარი ისტორია. და უამრავ ადგილას ჩვენს შვილებს ვასწავლეთ, რცხვენოდეთ იმ ქვეყნების, რომელთაც მემკვიდრეობით მიიღებდნენ. ამ პროცესში გავხსენით ჩვენი საზღვრები, გავიტანეთ ჩვენი მრეწველობა ქვეყნის გარეთ და დავუშვით ჩვენი ჯარების დასუსტება და დაქვეითება. ყოველ გასულ წელს, თითქოს, სულ უფრო მეტად ვთმობდით ჩვენს სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებების მიღებას გადავცემდით გლობალურ ბიუროკრატიას, რომელიც ჩვენი კონტროლის მიღმა დგას. მაგრამ სხვები სიამოვნებით შეეცადნენ იმ ვაკუუმის შევსებას, რაც ჩვენ დავტოვეთ — ვაკუუმისა, რომელიც ჩვენმა სისუსტემ წარმოშვა. და სანამ დასავლეთის თვითრწმენა ირყეოდა, მისი მოწინააღმდეგეები და მეტოქეები მხოლოდ უფრო თავდაჯერებულნი ხდებოდნენ, აშენებდნენ რა საკუთარ სიმდიდრესა და ძალაუფლებას ჩვენს სანაცვლოდ.
დღეს კი გზაჯვარედინზე ვდგავართ. ვინაიდან მომდევნო ათწლეული და ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაწერს მომდევნო საუკუნის ისტორიას. ჩვენ მიერ არჩეული კურსი განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა დასავლეთი თავის ადგილს მსოფლიოს სათავეში, თუ შეეგუება ატროფიის, მონობისა და დაცემის მომავალს. ჩვენ ან ახლა ავირჩევთ მოქმედებას, ან საერთოდ დავკარგავთ არჩევანის უფლებას.
პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ ეროვნული ძლიერების უაპელაციო განმტკიცებას: დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს კრიტიკულ მიწოდების ჯაჭვებზე, მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაცია, აღვადგინოთ ჩვენი თავდაცვა და ვიბრძოლოთ მომავლის ტექნოლოგიებსა და ინდუსტრიებში დომინირებისთვის. ჩვენ ვირჩევთ ახალი მწვერვალების დაპყრობას: მოწინავე წარმოებაში, სუპერ-ინტელექტში; დრონებში, შეიარაღებასა და საბრძოლო ხელოვნებაში; ჩიპებში, წიაღისეულში, კიბერსივრცესა და ადამიანური შესაძლებლობების ყველა სხვა სფეროში. გამოვათავისუფლოთ ჩვენი ენერგია, აღვადგინოთ ჩვენი ქარხნები, დავაბრუნოთ ჩვენი ასტრონავტები მთვარეზე და დავიწყოთ კოსმოსის ათვისების ახალი ეპოქა. მიუხედავად ყველა მათი ამაღლებული იდეალისა, ანტიკური ბერძნები გულუბრყვილოები არ ყოფილან. მათ ესმოდათ, რომ ერებს აქვთ ინტერესები. მათ ესმოდათ, რომ სახელმწიფო მართვა მოითხოვს გონიერებასა და დიპლომატიას, მაგრამ ასევე ესმოდათ, რომ ის მოითხოვს ძალის გამოყენების უნარსაც, როდესაც გონიერება და დიპლომატია უძლურია. მათ ესმოდათ, რომ ძალაუფლება მოითხოვს არა მხოლოდ თავდაცვის საშუალებების ქონას, არამედ იმის სანდოობასაც, რომ მზად ხარ გამოიყენო ის. ეს არის პოლიტიკისა და სახელმწიფო მოღვაწეობის კლასიკური გაგება, რომლის აღდგენასაც ტრამპის ადმინისტრაცია იმედოვნებს — აღდგენას არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ჩვენი ცივილიზაციისთვის. გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გაიღვიძოს ხანგრძლივი ძილისგან და ხელახლა დაანთოს ის ცეცხლი, რომელიც აქვე, ათასწლეულების წინ აინთო. ამის ნიშნები უკვე ჩანს.
მთელ კონტინენტზე ვადევნებთ თვალს იმას, რაც, ვიმედოვნებთ, იქნება თაობათა ცვლის დასაწყისი: თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა, ახალი პარტნიორობებისა და პროგრამების ნაკადი, გაფართოებული წარმოება, რაც გასულ წელს ჰააგაში აღებული ისტორიული თავდაცვითი ვალდებულებების გაგრძელებაა. საბერძნეთი ამ ცვლილების ცენტრშია. ამ ერის ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუცვლელი მეგობარია როგორც ევროპისთვის, ისე შეერთებული შტატებისთვის ყველაფერში — ენერგეტიკიდან და მიგრაციიდან დაწყებული, თავდაცვით დამთავრებული, სადაც საბერძნეთი სანიმუშო მოკავშირეა. ჩვენი უწრფელესი იმედია, რომ მთელი ევროპა მიჰყვება თქვენს მაგალითს.
თუმცა ვნებებმა, შესაძლოა, დროდადრო დაძაბა შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის არსებული ემოციური კავშირები, ჩვენ არ უნდა დავუშვათ მათი გაწყვეტა. ერთად ჩვენ უნდა გავამაგროთ ალიანსი, რომელსაც შესწევს უნარი, დაუპირისპირდეს ჩვენი ეპოქის საფრთხეებს. და ჩვენ ეს შეგვიძლია. ვინაიდან არ გვჯერა, რომ ტრანსატლანტიკური მეგობრობა ნულოვანი ჯამის თამაში უნდა იყოს. პირიქით: ჩვენი ხედვაა ალიანსი, რომლის ძალაც აღემატება მისი შემადგენელი ნაწილების ჯამს. ეს არის ხედვა, რომელიც გასულ თვეს ვიხილეთ მოქმედებაში, შეერთებულ შტატებს, დანიასა და გრენლანდიას შორის უპრეცედენტო ახალ შეთანხმებაში — შეთანხმებაში, რომელიც გარდაქმნის არქტიკას და განამტკიცებს მთელი ნატოს უსაფრთხოებას. ამ გარიგების სამივე პარტნიორი გამარჯვებული გამოვიდა. მთელი ევროპა — ნატო და შეერთებული შტატები — ამის წყალობით უფრო უსაფრთხო, ძლიერი და დაცული გახდა. ჩვენ გვსურს ერთად გავიმარჯვოთ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ერთად.
დღეს მოდურად იქცა იმის დაჯერება, თითქოს პროგრესული საგარეო პოლიტიკა საკუთარ ხალხზე წინ გლობალური თანამეგობრობის დაყენებას ნიშნავს. ვფიქრობ, აქაც ბევრი რამ გვმართებს სასწავლი ანტიკური საბერძნეთის მოღვაწეთაგან, რადგან მათ იცოდნენ, რომ საკუთარი ერისადმი ერთგულებაში ეგოისტური ან ცუდი არაფერია, ისევე როგორც არაფერია ეგოისტური ან ცუდი იმაში, როდესაც იბრძვი მისი ინტერესების უპირველეს ყოვლისა დასაცავად. მათ მტკიცედ სჯეროდათ დიადი ადამიანის იდეალისა: გამორჩეული ინდივიდისა, რომელიც უკვდავებას საკუთარი საქმეებით მოიპოვებს. მაგრამ მათ სჯეროდათ, რომ დიდება და აღიარება მოიპოვებოდა შრომით, თავგანწირვითა და იმის მიღწევით, რაც შენზე დიდია. ანტიკური ბერძნული სამყაროს განმეორებადი გმირი იყო ადამიანი, რომელიც მზად იყო გაეღო ნებისმიერი ფასი იმ საქმისთვის, რომელიც იმსახურებდა მის ერთგულებას. ამას ვხედავთ სოკრატეში, რომელმაც უარი თქვა ჭეშმარიტების ძიების მიტოვებაზე საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. ამას ვხედავთ 300 სპარტელის ლეგენდარულ გმირობაში — გარშემორტყმულნი და უთანასწორო ბრძოლაში მყოფნი სპარსეთის უზარმაზარ არმიასთან — რომლებმაც უარი თქვეს გადარჩენის შანსზე და არჩიეს ებრძოლათ უკანასკნელ კაცამდე, ვიდრე მიეტოვებინათ თავიანთი პოსტი თუ მოვალეობა. და ამას ვხედავთ აქილევსის ეპიკურ მითში, რომელსაც სთავაზობენ სახლში დაბრუნებას და ხანგრძლივ, მშვიდ ცხოვრებას — მაგრამ ის ირჩევს დარჩეს ტროაში და დაიღუპოს მარადიული დიდების ძიებაში. ეს — სწორედ ეს თვისებები ჩამოაყალიბებდა დასავლურ ზნეობრივ წარმოსახვას. ქრისტიანი მოწამიდან, რომელმაც უარი თქვა სარწმუნოების ღალატზე, პატრიოტამდე, რომელმაც სიცოცხლე მისცა თავისი ქვეყნისთვის; წმინდა თომას მორებიდან ალამოს ბრძოლამდე, რაც გასდევს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის უკვდავ დამასრულებელ სიტყვებს: „ჩვენ ურთიერთს ვუძღვნით ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს ქონებასა და ჩვენს წმინდა ღირსებას“.
სწორედ ბერძნებისგან ერგო დასავლეთს მემკვიდრეობით მოვალეობის გრძნობა — უტეხი ერთგულება საკუთარი კოდექსის, საკუთარი საქმისა და საკუთარი ქვეყნისადმი. ჩვენი გმირები, დასავლეთის გმირები არიან ისინი, ვინც ირჩევენ დარჩნენ თავიანთი მოვალეობის ერთგულნი სწორედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე რთული და მტკივნეულია: ადამიანი, რომელიც შებოჭილია თავისი სიტყვით; ჯარისკაცი, რომელიც არ მიატოვებს თავის საგუშაგოს; კაპიტანი, ლეგენდარული კაპიტანი, რომელიც თავის ხომალდთან ერთად იძირება. ეს სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც, მაგალითად, ახლაც ვხედავთ ისეთი ფანატიკოსებისგან, როგორებიც ირანის რადიკალი მოლები არიან, რომელთა სიკვდილის კულტიც ბავშვ თვითმკვლელ ტერორისტებს ეროვნულ გმირებად აცხადებს, ხოლო მოწამეობას თვითმიზნად წარმოაჩენს. ჩვენი გმირები — ჩვენი გმირები შეიძლება მზად იყვნენ დაიღუპონ თავიანთი საქმისთვის; მაგრამ ჩვენი გმირები არ ეთაყვანებიან სიკვდილს. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვაფასებთ სიცოცხლეს, ვცნობთ გმირობას მათში, ვინც მზადაა გაწიოს ის, ვიდრე უღალატოს თავის პრინციპებს.
ახლა ჩვენ დასავლეთის მიერ ამ ცნებების — გმირობის, პატივის, მოვალეობის — გაგებას მოცემულობად აღვიქვამთ. ვვარაუდობთ, რომ ეს თვისებები, რაღაცნაირად, უნივერსალურია ყველა ადამიანისთვის, ყველა დროში და ყველა ადგილას. ეს ასე არ არის. ისინი არის უნიკალური ხასიათის პროდუქტი, უნიკალური ხასიათისა, რომელიც აქ ჩამოყალიბდა და განსაზღვრა მის შემდგომ აღმოცენებული მთელი ცივილიზაციის ისტორია. ცივილიზაციისა, რომლის დასაცავადაც დღეს იმავე ვნებით უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს. ადამიანებს, რომლებმაც პარფენონი ააგეს, ცვლიდნენ ევროპული ქრისტიანული სამყაროს არქიტექტორები, რომლებმაც აღმართეს მილანის, კელნისა და ფლორენციის ტაძრები. ადამიანის ფორმის სრულყოფის სწრაფვამ, რაც ანტიკურ ბერძენ მოქანდაკეებს ამოძრავებდათ, ახალი გამოხატულება პოვა მიქელანჯელოში. ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სამყაროს სტრუქტურის ძიება მემკვიდრეობით მიიღო კოპერნიკმა, შემდეგ გალილეომ, კეპლერმა და ნიუტონმა. ახალი ცოდნის წყურვილმა შობა მაგელანის პირველი ექსპედიცია დედამიწის გარშემო, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა და, საბოლოოდ, აპოლო 11-ის მოგზაურობა მთვარეზე. თვისებები, რომლებმაც ალექსანდრე იმჟამად ცნობილი მთელი სამყაროს დაპყრობამდე მიიყვანა, ხელახლა გამოჩნდა კეისარში, შემდეგ კარლოს დიდსა და კორტესში. ამერიკაში კი იმავე ტრადიციამ ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი. ღია და ველური მიწა გახდა დასავლური წარმოსახვისა და ამბიციის დიდი აღორძინების ადგილი. ბერძნული მისწრაფება ახალი ჰორიზონტებისკენ იქცა ამერიკულ ფრონტიერის სულად. ათენისა და რომის ცივილიზაციამ სანაპიროს ჩანასახოვანი რესპუბლიკა კონტინენტურ იმპერიად გარდაქმნა. ყოველი თაობის უდიდესი ამერიკელები ატარებდნენ თავიანთი წინაპრების უტყუარ ნიშნებს — დაბადებულს ათენში, ჩამოყალიბებულს რომის მიერ, მონათლულს ქრისტიანულ სამყაროში, გამობრძმედილს შუა საუკუნეების ევროპის ქურაში, დაჯილდოებულს თავისუფლების ინგლისური გენიით და შემდეგ ატლანტიკის ოკეანის გაღმა გადატანილს, რათა ხელახლა შობილიყვნენ ახალი სამყაროს ნაპირებზე.
ერთად, ჩვენ ახლა ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ეს სული. ჩვენ ვდგავართ გარდატეხის წერტილში — გარდატეხის წერტილში არა მხოლოდ ჩემი ერის ისტორიაში, არამედ გარდატეხის წერტილში მთელი ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში. საფრთხეები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ, ისეთივე რეალურია, როგორც ანტიკური ხანის დრამატულ სცენაზე იყო.
ეროვნული ინტერესები არ გამქრალა საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე. ომი არ გაუჩინარებულა უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდობა ვარჩიეთ. სხვა სახელმწიფოები განაგრძობდნენ შეიარაღებას, გავლენის ძიებას, კონკურენციას ტერიტორიებისთვის, ტექნოლოგიებისთვის, რესურსებისთვის, ბაზრებისთვის, ენერგიისა და ძალაუფლებისთვის. ახლა კი კვლავ ომია. კვლავ ახალი კონკურენციაა დიდ სახელმწიფოებს შორის. კვლავ არის მოწყვლადობა, აგრესია, ტერორიზმი, ახალი საფრთხეებისა და თავდასხმების მთელი სამყარო. ამიტომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ინსტიტუტები და ჩვენი ალიანსები, რათა ერთად დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეებს — გავიაზროთ, რომ ამ ყოველივეს მიზანი იმ ერთა სუვერენიტეტის გაუქმება კი არ არის, რომლებიც მათ შეადგენენ, არამედ მათ დასაცავადაა. და რომ ერებს არ სჭირდებათ თავიანთი უნიკალური იდენტობის უარყოფა იმისათვის, რომ აღიარონ საერთო ინტერესები. ჩვენ შევქმენით ამის მოდელი ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქ, საბერძნეთში. ჩვენს თავდაცვით პარტნიორობაში, ენერგეტიკასა და ტექნოლოგიებში, ჩვენს საერთო ამბიციაში, დავიცვათ ევროპის საზღვრები მასობრივი მიგრაციის საფრთხეებისგან. ჩვენი მეგობრობა ჩემი ერის არსებობის პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. როდესაც საბერძნეთი 1821 წელს ფეხზე დადგა, რათა ოსმალეთის საუკუნოვანი მმართველობის შემდეგ დამოუკიდებლობა აღედგინა, ამერიკელებმა ამ ბრძოლაში რაღაც ნაცნობი შეიცნეს.
სამი წლის შემდეგ, დიდმა ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ, დანიელ უებსტერმა, ცნობილი სიტყვით მიმართა კონგრესს და დაეხმარა ბერძნული რევოლუციის საქმე ახალგაზრდა ამერიკის რესპუბლიკის წარმომადგენელთა წინაშე გამოეტანათ. მან გამოსვლა დაიწყო მათი ყურადღების მიპყრობით ყველაფერზე, რაც მათ ირგვლივ იყო. აი, რა თქვა მან თავის სიტყვაში:
„მმართველობის ეს თავისუფალი ფორმა, ეს ხალხური კრება... თავისუფალი დებატებისა და საჯარო განხილვის ეს პრაქტიკა, გონების პაექრობა გონებასთან... ნაგებობაც კი, რომელშიც შეკრებილვართ, ეს დახვეწილი სვეტები, ეს შემკული არქიტექტურა — ყველაფერი გვახსენებს, რომ საბერძნეთი არსებობდა და რომ ჩვენ, ისევე როგორც კაცობრიობის დანარჩენი ნაწილი, მისი დიდი მოვალენი ვართ“.
ეს სიტყვები დღესაც ისეთივე ჭეშმარიტია, როგორც მაშინ, როდესაც ის წარმოითქვა. და ყველამ ჩვენგანმა — არა მხოლოდ ამერიკელებმა, არამედ ევროპელებმა და ჩვენმა მეგობრებმა მთელ დასავლეთში — ხელახლა უნდა ისწავლოს გაკვეთილები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს ამ ადგილიდან და მისი ისტორიიდან.
საბერძნეთის ისტორია არაა მხოლოდ თვალის შესავლებად ჩვენი ინსტიტუტების პირველსაწყის ფორმებზე. საბერძნეთის ისტორია გვიჩვენებს საკუთარი თავის ანარეკლს. ის გვიჩვენებს, რომ ჩვენი მემკვიდრეობა დიადი გმირების მემკვიდრეობაა და რომ უნდა ვამაყობდეთ — რომ უზომოდ უნდა ვამაყობდეთ — იმით, საიდანაც მოვდივართ. აღტაცებაში უნდა მოვყავდეთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გამოკვეთეს ამ მხარეში. ჩვენი ცივილიზაციის ისტორია უდიდესი ამბავია, რაც კი ოდესმე კაცობრიობისთვის ყოფილა ცნობილი. და ის დაიწყო აქ, დასავლეთის პირველი მამაკაცებითა და ქალებით. მათგან — სწორედ მათგან — შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოებები, სიმამაცე და ძალა, რათა დავუპირისპირდეთ იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ ჩვენს დროში.
[ნიუპოსტის თარგმანი]
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










