რა არის ცნობილი მოჯთაბა ხამენეიზე, რომელიც ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს
მსოფლიო • 1773037441
ირანის „ექსპერტთა ასამბლეამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის რიგით მესამე უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი გახდა. ისრაელის მიერ განხორციელებული იმ საჰაერო დარტყმის შემდეგ, რომელსაც მამამისი, აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლა, 56 წლის მოჯთაბა საჯაროდ პირველად უნდა გამოჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ იმავე იერიშს ემსხვერპლა ახალი ლიდერის მეუღლე, ზაჰრა ჰადად ადელიც, რომელიც ირანის თეოკრატიულ წრეებთან მჭიდროდ დაკავშირებული ოჯახის წარმომადგენელი იყო.
ეს არის ქვეყნის ისტორიაში ძალაუფლების გადაცემის მხოლოდ მეორე შემთხვევა. პირველად ეს 1989 წელს მოხდა, როცა ქვეყნის დამფუძნებელი, რუჰოლა ხომეინი გარდაიცვალა. თუმცა, დღეს ვითარება გაცილებით დრამატულია. ახალი ლიდერის დანიშვნა ხდება იმ პირობებში, როცა ქვეყანა ფაქტობრივად ომშია.
,გამოცემა „The Times of Israel“-ი ისრაელის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ თავად მოჯთაბა შესაძლოა მძიმედ იყოს დაჭრილი და სწორედ ეს ხსნის, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში ის რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა .
ბიოგრაფია
მოჯთაბა ხამენეი 1969 წელს მეშჰედში დაიბადა. ანალიტიკოსები მის გზას „სტრატეგიულ ტრაექტორიას“ უწოდებენ. 17 წლის ასაკში ის მოხალისედ წავიდა ირან-ერაყის ომში და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ერთ-ერთ გამორჩეულ ბატალიონში მსახურობდა.
სწორედ ომის პერიოდში ჩამოუყალიბდა მას მჭიდრო კავშირები სამხედრო ელიტასთან. მისი თანამებრძოლები მოგვიანებით ირანის უსაფრთხოების სისტემის საკვანძო ფიგურები გახდნენ. მათ შორის იყვნენ ყასემ სულეიმანი და ჰოსეინ ტაები. ამ კავშირებმა მას საშუალება მისცა, მამის ჩრდილში ყოფნისას შეექმნა საკუთარი გავლენის ქსელი, რომელიც დღეს მისი ძალაუფლების მთავარი გარანტიაა.
მოჯთაბა ხამენეის გავლენა ირანის ძალოვან სტრუქტურებზე კარგა ხანია ცნობილია ვაშინგტონისთვის. ჯერ კიდევ 2019 წელს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ (OFAC) მას სანქციები დაუწესა. მაშინ უწყება განმარტავდა, რომ მოჯთაბა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთ სამთავრობო პოსტზე არ იყო არჩეული, ოფიციალურად წარმოადგენდა უზენაეს ლიდერს და მჭიდროდ თანამშრომლობდა „ყუდსის ძალებთან“. ეს უკანასკნელი ირანის მიერ რეგიონული დაჯგუფებების კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი.
გარდა ამისა, ამერიკული მხარის მონაცემებით, ხამენეი უშუალოდ იყო დაკავშირებული მოხალისეთა გასამხედროებულ შენაერთ „ბასინჯთან“, რომელიც ირანის მოქალაქეების პროტესტის და აჯანყებების ძალისმიერი ჩახშობისთვის გამოიყენება.
როგორც euronews- ი წერს, სანამ მისი ძმები მოსტაფა, მასუდი და მეისამი კულტურული თუ ადმინისტრაციული საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, მოჯთაბა უსაფრთხოების სამსახურების კურატორად იქცა. მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა დღემდე გამოცანად რჩება, რადგან ის საჯარო გამოსვლებს ყოველთვის ერიდებოდა. ზოგი მას რადიკალების მოკავშირედ მიიჩნევს, ზოგი კი ფიქრობს, რომ მისი რეალური სახე მხოლოდ ახლა გამოჩნდება.
არანაკლებ საინტერესოა მისი ფინანსური მდგომარეობა. დასავლური მედია მას მილარდელად მოიხსენიებს და ევროპაში, კერძოდ ლონდონსა და ვენაში არსებულ უძრავ ქონებაზე მიუთითებს. თუმცა, ირანის შიგნით ის ბიზნესმენად არასდროს აღქმულა. მისი სიმდიდრე პირდაპირ არის გადაჯაჭვული იმ სახელმწიფო ფონდებთან და ეკონომიკურ სტრუქტურებთან, რომლებსაც „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აკონტროლებს.
ახალ ლიდერს ლეგიტიმაციის პრობლემა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც ექნება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გააკეთა მკვეთრი განცხადება.
„ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს. მე აუცილებლად უნდა ვიყო ჩართული ამ პროცესში“, - აღნიშნა ტრამპმა ABC News-თან ინტერვიუში.
საერთაშორისო მედია წერს, რომ ამჟამად მოჯთაბა ხამენეის წინაშე სამი უმძიმესი გამოწვევა დგას. დაუმტკიცოს ირანელ ხალხს, რომ მამის ღირსეული მემკვიდრეა, შეაჩეროს ისრაელის სამხედრო მანქანა და გამონახოს საერთო ენა ვაშინგტონთან, რომელიც მის დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1776583264
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...
სოცმედია • 1776583076
„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...
მსოფლიო • 1776582759
უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1776582533
"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...
კრიმინალი • 1776582471
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...
მსოფლიო • 1776582355











