უნგრეთმა კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის არქივები გახსნა - გამოქვეყნდა 60 000-მდე ინფორმატორის ვინაობა
მსოფლიო • 1793874218
უნგრეთმა ოთხშაბათს კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც 60 000-მდე ინფორმატორის ვინაობაა დასახელებული. ამის შესახებ ევრონიუსი წერს.
"ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის საკუთარ რეპრესიულ წარსულთან თვალის გასწორების მნიშვნელოვანი ეტაპია.1990 წელს დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლის მიუხედავად, კომუნისტური ხანის არქივების გასაჯაროების მცდელობები წლების განმავლობაში უშედეგოდ მთავრდებოდა. კრიტიკოსები ამას მომდევნო მთავრობების იმ სურვილს უკავშირებდნენ, რომ არ გამოაშკარავებულიყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური ფრთის ცნობილი საზოგადოებრივი მოღვაწეები.
ეს პროცესი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მაგიარმა დაასრულა, რომელმაც სექტემბერში წარადგინა კანონპროექტი არქივებზე საზოგადოებისათვის სრული წვდომის მინიჭების შესახებ.
„36 წლის შემდეგ, ჩვენ საბოლოოდ ვასრულებთ იმას, რაც 1990 წლის რეჟიმის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო — დაპირება, რომელიც მოგვიანებით უარყვეს და იცრუეს“, — განაცხადა მაგიარმა სახელმწიფო უშიშროების არქივში გამართულ ბრიფინგზე. „ათწლეულების განმავლობაში, საჯარო წვდომის შეზღუდვა იძლეოდა პოლიტიკური ისტერიის, შანტაჟის, ზეწოლისა და ხმის ჩახშობის შესაძლებლობას“.
არქივებში პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ტელესახეების გვარები ფიგურირებს. თუმცა, არქივის ხელმძღვანელის, ბენდეგუზ გერგო ჩეხის განცხადებით, ინფორმატორების „დიდი ნაწილი“ იყვნენ „ადამიანები, რომელთაც ეროვნულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე კვალი არ დაუტოვებიათ“.
მთავრობა გეგმავს ამოქმედოს ცხელი ხაზი, რომელიც ემოციურ მხარდაჭერასა და კონსულტაციას გაუწევს ამ მხილებით დაზარალებულ პირებს. „დღევანდელი გასაჯაროების შემდეგ, უამრავი ოჯახი დადგება იმ ინფორმაციის წინაშე, რომლის გადატანაც მათთვის რთული იქნება“, — აღნიშნა მაგიარმა და საზოგადოებას მოუწოდა, ამ ფაქტს „ღირსებითა და ჰუმანურობით“ მოეკიდონ.
წინა რეჟიმის საიდუმლო სამსახურების საქმიანობის სრული გასაჯაროების შესახებ კანონის თანახმად, 1990 წლამდე არსებული სახელმწიფო უშიშროების ოთხი ტიპის ჩანაწერი ღიად ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი მსურველისთვის.
ოთხშაბათს დილით, მათგან სამი ტიპის დოკუმენტი უკვე განთავსდა ვებგვერდზე nyitottaktak.hu.
მათ შორის არის „6-იანი ბარათი“ — ქსელის წევრის სარეგისტრაციო ფურცელი. ის შეიცავს აგენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელს, დაბადების ადგილსა და თარიღს, დედის სახელსა და პროფესიას), ასევე აგენტის საქმიანობის ძირითად დეტალებს — იმ გარემოებებსა და მოტივაციას, რამაც იგი აგენტობამდე მიიყვანა, და იმას, თუ რამდენ ხანს რჩებოდა ქსელის წევრად.
ასევე გამოქვეყნდა 1957-1962 წლების გადაბირების რეესტრი და ყოფილი აგენტების პერსონალური მონაცემებისა და კოდური სახელების მონაცემთა ბაზა. სულ, სავარაუდო შეფასებით, გამოქვეყნებული დოკუმენტებით 50 000-დან 60 000-მდე აგენტის სახელი გახდა ცნობილი.
საზოგადოებას ოთხშაბათიდან აქვს უფასო წვდომა ამ მონაცემებზე საძიებო სისტემით, რომელიც იძლევა გაფილტვრის საშუალებას დაბადების მონაცემებით, სახელით, დაბადების ადგილითა და თარიღით, ასევე კოდური სახელით. დოკუმენტების მეორე ნაწილი, რომელიც 9 000-მდე ინფორმატორის შესახებ დამატებით დეტალებს შეიცავს, თებერვალში გამოქვეყნდება.
უნგრეთი 1949-1989 წლებში ერთპარტიული კომუნისტური მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც ახშობდა ყოველგვარ განსხვავებულ აზრს. ცივი ომის დროს, აღმოსავლეთ გერმანიისა და საბჭოთა ბლოკის სხვა ქვეყნების მსგავსად, ხელისუფლება საზოგადოებრივი განწყობების გასაკონტროლებლად ინფორმატორთა ფართო ქსელს იყენებდა.
ადამიანებს, ხშირად იძულების წესით გადაბირებულებს, ევალებოდათ კოლეგების, მეგობრებისა და ნათესავების დასმენა რეჟიმისადმი არალოიალურობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
სავარაუდო მონაცემებით, საიდუმლო პოლიციამ მატიაშ რაკოშისა (1952-1953) და იანოშ კადარის (1956-1988) რეჟიმების ოთხი ათწლეულის განმავლობაში სულ 150 000-მდე აგენტი გამოიყენა. თუმცა, მათგან მხოლოდ მესამედის ვინაობაა ცნობილი, ხოლო დეტალური ინფორმაცია მხოლოდ 10%-ზე არსებობს. მრავალი ჩანაწერი დაკარგა 1956 წელს და ანტისაბჭოთა რეჟიმის ცვლილებისას, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1997 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა.
სახელმწიფო უშიშროების სამსახურების ისტორიული არქივის (ÁBTL) გენერალურმა დირექტორმა, გერგო ბენდეგუზ ჩეხმა განაცხადა, რომ საუბარია დაახლოებით ათ ათას საქმეზე, რაც ასობით ათას გვერდს მოიცავს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო უშიშროების ჩანაწერების შინაარსი ყოველთვის არ არის მართალი და ნამდვილად არ არის სრული.
არქივების გახსნის შესახებ დებატები უნგრულ პოლიტიკას კომუნიზმის დაცემის შემდეგ თან სდევდა. 2002 წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, სოციალისტი პოლიტიკოსი პეტერ მედიესი სკანდალში გაეხვია, როდესაც ცნობილი გახდა, რომ იგი კომუნისტურ ეპოქაში საიდუმლო აგენტად მუშაობდა. ამ შემთხვევამ გამჭვირვალობისკენ ახალი მოწოდებები წარმოშვა და პარლამენტმა 2003 წელს მიიღო კანონი, რომელმაც მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებს საშუალება მისცა გაეგოთ, თუ ვინ ასმენდა მათ.
1956 წლის ინსტიტუტის ფონდის ისტორიკოსმა ლასლო ეორსიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. „ჩვენ ვიღებთ გაცილებით მეტ ინფორმაციას, ვიდრე ადრე, იმის შესახებ, თუ ვინ გადაიბირა ხელისუფლებამ და როგორ მუშაობდა მაშინდელი უშიშროების აპარატი“.
თუმცა, ისტორიკოსები მოუწოდებენ საზოგადოებას, ნუ განსჯიან ვინმეს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი სახელი ინფორმატორთა სიაშია. „ვიცი საკმაოდ ბევრ მაგალითს, როდესაც ვინმე გადაიბირეს, მაგრამ მას პატაკი არ დაუწერია, არამედ დიდი რისკი გასწია და ხელისუფლებას დაუპირისპირდა. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ნამდვილ გმირადაც კი ჩაითვალოს“, — აღნიშნა ეორსიმ.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










