არც ჰამლეტები, არც დონ კიხოტები: გვარამიას ლიტერატურულ-სტრატეგიული ხედვა და სააკაშვილის ირონიული პასუხი
პოლიტიკა • 1786701635
ოპოზიციურ სპექტრში მორიგი პოლიტიკური და იდეოლოგიური დისკუსია გაიშალა. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც არსებული პოლიტიკური ვითარება და ავტორიტარიზმთან ბრძოლის სტრატეგია ლიტერატურული არქეტიპებისა და ისტორიული პარადიგმების გამოყენებით გაანალიზა.
გვარამიას შეფასებით, საზოგადოებამ უარი უნდა თქვას უმოქმედო რეფლექსიაზე (ჰამლეტობა) და იდეოლოგიურ ფანატიზმზე (დონკიხოტობა), ხოლო გამარჯვების ერთადერთ გზად რაციონალური, გეგმაზომიერი და კოლექტიური ბრძოლა (ავთანდილობა) მიაჩნია.
გვარამიას ამ პოსტს სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გამოეხმაურა. სააკაშვილმა ოპოზიციონერი ლიდერის რთული ენით დაწერილ ტექსტს ირონიული პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ გვარამიას პოზიცია, შინაარსობრივად, სამშობლოსთვის თავგანწირვის უარყოფას ნიშნავს.
გთავაზობთ ორივე პოლიტიკოსის ფეისბუქ-პოსტს სრულად და უცვლელად:
ნიკა გვარამიას პოსტი:
„ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე სათქმელი რთულად მეთქვა, 3 ლიტერატურული არქეტიპის და ერთი მითიურ-ისტორიული პარადიგმის გამოყენებით.
როგორც ახლა უყვართ თქმა, „ხალხურად“ მომდევნო დღეებში განვმარტავ, განვავრცობ, შემოგთავაზებთ. ახლა კი ვისაც დრო და სურვილი გექნებათ, ეს ჩახლართული ტექსტი წაიკითხეთ იმის გასაგებად, როგორ ვუყურებ ვითარებას:
ჰამლეტი: რეფლექსია, ანალიზი, სკეპტიციზმი და ეგოიზმი, რომელიც კლავს მოქმედებას. შედეგი: ოფელიას, ანუ არა იდეალური, არამედ რეალური ქალის სიკვდილი, როგორც მთავარი ღირებულებითი ორიენტირის. რეფლექსიურ თვითტკბობას (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.
დონ კიხოტი: იდეალიზმი, რწმენა და თავგანწირვა, რომელიც მოკლებულია ანალიზს და ვერ აღწევს შედეგს. იდალგო ებრძვის ქარის წისქვილებს მის მიერ გამოგონილი იდეისთვის, რომლისაც თავად სჯერა და სწორედ ეს გულწრფელობა და თავდადება აშორებს რეალობას. იდეოლოგიურ ფანატიზმს (მათ შორის, კარგი ხალხისას) ყოველთვის ეწირება ნამდვილი ფასეულობა.
შექსპირს და სერვანტესს შევხედოთ და ვისწავლოთ, როგორ არ უნდა ვქნათ.
იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა ვქნათ, მივყვეთ რუსთაველს, ავირჩიოთ ავთანდილის არქეტიპი: რაციონალური ლიდერები და სტრატეგები. ისინი იღებენ სამშობლოსგან დავალებას (თინათინი), ფაქტებზე (და არა ილუზიებზე) დაყრდნობით სახავენ გეგმას, აერთიანებენ განსხვავებულ ჯგუფებს და იძენენ მოკავშირეებს (და არა მოკავშირეებს აქცევენ მტრებად). ამის შემდეგ კი გადადიან ეფექტურ, კოლექტიურ მოქმედებაზე ქაჯეთის ციხის (ავტორიტარული სისტემის) დასანგრავად. და იმარჯვებენ! და გადაარჩენენ სამშობლოს!
ახლა კი პარადიგმა იმის გასარკვევად, არა ვინ ვიყოთ, არამედ როგორ მოვიქცეთ: გორდიას კვანძი, ავტორიტარიზმის და პროპაგანდის სიმბოლო. ლეგენდა ამბობდა: „ვინც ამ კვანძს გახსნის, აზიის მბრძანებელი გახდება“. სისტემამ (მისტიკამ, წინასწარმეტყველებამ, ანუ ჩვენს რეალობაში პროპაგანდამ) შექმნა აღქმა, რომ „გახსნა“ ნიშნავს თითებით წვალებას, ასე ვთქვათ, „აბურდულის განბურდვას“. ალექსანდრემ მშრალად შეხედა ფაქტს: კვანძი უნდა განადგურდეს, რათა ურემი გათავისუფლდეს. გაკვალული გზები ყოველთვის არ მუშაობს და მანტრასავით მათი მუდმივად გამეორება უგუნურებაა. მნიშვნელობა აქვს არა რიტუალს, არამედ მხოლოდ შედეგს: ალექსანდრემ დაკრა მახვილი და გააგრძელა გზა აზიის დასაპყრობად. და გაიმარჯვა, გახდა აზიის მბრძანებელი!
ავტორიტარული პროპაგანდა ყოველთვის ცდილობს, საზოგადოებას წინ დაუდოს ასეთი „გორდიას კვანძები“: ხელოვნური, ჩახლართული ფსევდო-პრობლემები, შეთქმულების თეორიები, ცრუ დილემები, იდეოლოგიური დებატები, რათა ყურადღება გადაიტანოს მთავარისგან, ერთმანეთს დაგვაპირისპიროს, ენერგიისგან დაგვცალოს, ორთქლი გამოგვაშვებინოს. ამ დროს კი გამოსავალი ყოველთვის ალექსანდრესეული რაციონალიზმია: უარი თქვა სისტემის მიერ შემოთავაზებულ წესებზე, შეხედო ფაქტებს ცივი გონებით და ერთი კონკრეტული, სტრატეგიული მოქმედებით გაჭრა დაწყევლილი კვანძი, გადაჭრა პრობლემა.
ალექსანდრე გვასწავლის დამოკიდებულებას პრობლემისადმი: ნუ ითამაშებ სისტემის წესებით. ავთანდილი კი გვასწავლის გეგმაზომიერებას, მიზანმიმართულებას, დაუღალაობას, ორგანიზებას, ერთიანობის ძალას.
ავტორიტარული ილუზიებისა და პროპაგანდის დასამარცხებლად, საზოგადოებას სჭირდება არა იდეოლოგიური ფანატიზმი (დონკიხოტობა) ან ინტელექტუალური ნიჰილიზმი და ხელების ჩამოშვება (ჰამლეტობა), არამედ ცივი, ფაქტებზე დაფუძნებული სტრატეგია და ორგანიზებული, კოლექტიური მოქმედება საერთო მიზნისთვის (ავთანდილობა).
ამიტომაც, არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!
როცა დრო ცოტაა და შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უნდა გავჭრათ გორდიას კვანძი! უნდა გავჭრათ ერთად!“
მიხეილ სააკაშვილის გამოხმაურება:
„ძვირფასო ნიკა გვარამია, რა საჭირო იყო ასეთი ჩახვეული პოსტი, რა სერვანტესი, რა ავთანდილი! პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე.
ჩვენც არ დაგეთანხმებოდით და ყველანი დავრჩებოდით ჩვენს პოზიციაზე და ყველა გავაგრძელებდით ჩვენს გზას. (ავთანდილს თუ FB გვერდი აქვს არ დათაგოთ, არ შეატყობინოთ)“
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










