დღეს სოხუმი დაეცა - რას ჰყვება აფხაზეთის ომზე და ვის გასამართლებას ითხოვს საქართველოში მცხოვრები აფხაზი

პოლიტიკა 1664251461    474

სოხუმის დაცემა

დღეს 27 სექტემბერია - საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სევდიანი დღე... 29 წლის წინ, სწორედ ამ დღეს სოხუმი დაეცა. რა გახდა სოხუმის დაცემის მიზეზი? - ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა და ამიტომ დეტალებში არ წავალ... ამ უმძიმეს დღეს, ჩემი პირადი ჟურნალისტური არქივიდან ინტერვიუს შემოგთავაზებთ აფხაზ მარი შამბასთან, რომელიც ამჯერად ბათუში ცხოვრობს. მაშ ასე, რას ჰყვება აფხაზეთის ომზე და ვის გასამართლებას ითხოვს მარი შამბა? 

მარი შამბა ჩემი მეგობრის, უფლებადამცველ მერაბ ბლადაძის თანამეცხედრეა – ერთმანეთი ბრიუსელში, ევროპარლამენტში სემინარზე გაიცნეს და სამი წლის წინ შეუღლდნენ… საერთოდ, მარისა და მერაბის სიყვარული შეიძლება, ერთგვარ სახალხო დიპლომატიად ჩაითვალოს – ბოლოს და ბოლოს, მარი ცნობილი აფხაზური გვარის წარმომადგენელი, ამასთან, სერგეი შამბას ბიძაშვილია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, თავისი ცხოვრება ქართველისთვის დაეკავშირებინა… სხვათა შორის, მარისთან ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე სხვა დროსაც მილაპარაკია. ახლა კი გადავწყვიტე, ჩვენი დიალოგი გამესაჯაროვებინა… მოკლედ, აივანზე სამნი ვსხედვართ – მე, მარი და მერაბი… ბათუმში კოკისპირულად წვიმს… ვსაუბრობთ…

 

– მარი, საქართველოში რა მოგწონს და რა არ მოგწონს?

–  სიმართლეს გეტყვი: ის არ მომწონს, რომ ადამიანები თავიანთ თავში დარწმუნებულები არ არიან… ისე, თუკი მოსკოვურ ცხოვრებასა და საქართველოს შევადარებ, მოსკოვში მაინც ემიგრანტი ვარ… მახსოვს, მოსკოვში ერთი ჩემოდნით ჩავედი – სახლ კი არა, ტანსამელიც არ მქონდა.

– თუკი მოსკოვში თავს ემიგრანტად გრძნობ, არ გერჩია, ომის საშინელებას თბილისში გამოქცეოდი?

– ეს რა შეკითხვაა? – საქართველოში რა მინდოდა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ომი ახალი მომხდარი იყო.

– ომის დროს სოხუმში იყავი?

– დიახ და სოხუმი კიტოვანისა და იოსელიანის შემოსვლიდან ორი თვის მერე დავტოვე.

– სერგეი შამბა შენი სისხლით ნათესავი თუ, უბრალოდ, მოგვარეა?

– ჩვენი ბაბუები ბიძაშვილები არიან. სერგეის მამა ძალიან მიყვარდა – სოხუმში პროკურორი იყო…

– სერგეი შამბა თავიდანვე სეპარატისტი იყო?

– ვანიჩკა, შენი აზრით, სეპარატიზმი რა არის?..  აფხაზეთში ტანკებით რომ შეხვალ და წინააღმდეგობას გაგიწევ, ესაა სეპარატიზმი? მაგ ლოგიკით აჭარაშიც სეპარატისტები ცხოვრობენ, ისინიც შეიარაღდნენ და კიტოვანი-იოსელიანის ბანდები აჭარის გასაძარცვად არ შეუშვეს… საერთოდ, ეს ძალიან დიდი, სიღრმისეული თემაა, რაზეც ლაპარაკი, რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგრამ მოდი, ეს თემა პოლიტიკოსებს დავუტოვოთ, თუმცა შემიძლია, გითხრა, რომ სერგეი შამბას ძალიან კარგი ოჯახი – შესანიშნავი დედა, ცოლი ჰყავს…

– მისი ცოლი, თუ არ ვცდები, ქართველია, არა?

– არა, აფახაზია…

– მარი, ე.წ. აფხაზური სეპარატიზმის მამად სერგეის ძმა, ტარას შამბა ითვლება…

–  ვანო, აფხაზები სეპარატისტები არ არიან…..ტარასს ძალიან კარგად ვიცნობ… მოსკოვში მთელ აფხაზებს ეხმარება…

– ვიდრე ომი დაიწყებოდა, აფხაზებს ქართველებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– ძალიან კარგი!

– აბა, რა მოხდა?

– არ ვიცი… სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. აფხაზური საშუალო სკოლა დავამთავრე და ჩემს კლასში მხოლოდ აფხაზები კი არა, ქართველები, ებრაელები და ბერძნებიც სწავლობდნენ, თუმცა ნაციონალურ თემაზე არასოდეს გვიკამათია. ჩვენ, ყველას ჩვენი ეროვნება – კულტურა, ხელოვნება გვიყვარდა, მეგობრულად ვცხოვრობდით. მეტიც, აფხაზები და ქართველები ერთმანეთს ომის დროსაც ვეხმარებოდით.

– ანუ, ქართველებსა და აფხაზებს რუსები გვეომებოდნენ?

– ქართველები, აფხაზები და ჩრდილოკავკასიელები ომობდნენ… საერთოდ, აფხაზები ძალიან ცოტანი ვართ და თუ ამ ცოტას ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს გამოვაკლებთ, სამხედრო პირები ძალიან ცოტანი გამოდიან… როცა აფხაზეთში კიტოვანი და იოსელიანი შემოვიდნენ, აფხაზები იძულებულნი გახდნენ, ხელი იარაღისთვის მოეკიდათ…

– მარი, მაპატიე, გაწყვეტინებ, მაგრამ განმიმარტე: შენ აფხაზი ხარ თუ აფსუა?

– აფხაზი და აფსუა ერთიდაიგივეა და როცა ვკითხულობ, აფხაზი სხვაა, აფსუა კი – სხვაო, ძალიან მიკვირს. „ქართველი“ და „გრუზინი“, ან „საქართველო“ და „გრუზია“ ხომ ერთიდაიგივეა? ასეა აფხაზი და აფსუაც. უბრალოდ, აფხაზურად აფხაზი აფსუაა.

– მაშასადამე, როგორც აფხაზი, აღიარებ, რომ იგივე ომის დაწყებისას, აფხაზეთში აფხაზები ცოტანი იყავით, არა?

– დიახ, ეს ცნობილი ფაქტია!

– ჰოდა, გამაგებინე, რაღა დამოუკიდებლობას ითხოვდით და ითხოვთ?

– გეტყვი, მაგრამ არ დაწერო.

– რატომ არ დავწერო?

– იმიტომ არ უნდა დაწერო, რომ რასაც გეტყვი, ბევრს არ მოეწონება.

– ასეთი რა უნდა მითხრა?

– რა და, – რატომღაც მგონია, რომ ქართველები თავიანთი ისტორიკოსების მსხვერპლნი გახდნენ.

– რას გულისხმობ?

– თაობებს ჩააგონეს, რომ აფხაზეთში აფხაზები საიდანაღაც ჩამოვიდიდნენ.

– და განა, ასე არაა?

– არა.

– კარგი, რა, მარი, აფხაზეთი ხომ საქართველოს ძირძველი ტერიტორიაა?!

– ჩვენ ოდითგანვე ერთად, მეზობლურად, ერთი სახელმწიფოს – საქართველოს შემადგენლობაში ვცხოვრობდით  და ასეც გავაგრძელებდით, რომ არა ეს წყეული ომი..

 

– ეს გასაგებია, მაგრამ აფხაზეთი ოდითგან საქართველოა!

– უკვე გაგეცი ამ შეკითხვაზე პასუხი… ერთს დავამატებ: აფხაზების ისტორია სისხლიანი ისტორიაა! აფხაზები რუსეთისგან დასჯილი ერია!

– მარი, რაკიღა აფხაზი ქალი აღიარებ, რომ აფხაზები რუსეთისგან არიან დასჯილები, ესე იგი, ეს იმას  ნიშნავს, რომ ქართველები და აფხაზები, რომლებიც საუკუნეები ძმურად ცხოვრობდნენ, ერთმანეთს რუსეთმა გადაამტერა?

– ეს ინტრიგაა!

– ანუ, რუსული ინტრიგა?

– რუსეთს აფხაზეთში რაღაც ტონუსი რომ დაეჭირა, ამ თემით სპეკულირებდა!

– რომელი თემით?

– აფხაზეთის ისტორია ცოტა სხვა ისტორიაა…

– ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა…

– ოსებს ოსეთი აქვთ, აზერბაიჯანელებს – აზერბაიჯანი, სომხებს – სომხეთი, მაგრამ აფხაზებს სხვა მიწა არ აქვთ!.. აფხაზები ძალიან თავმოყვარეები ვართ და ჩვენი გაბრაზება არ შეიძლება!

– ისე, ქართველებიც თავმოყვარეები ვართ და არც ჩვენი გაბრაზება შეიძლება!

– აფხაზებმა ცუდი შეიძლება, რუსებს აპატიონ, მაგრამ ქართველებს არ აპატიებენ!

– რატომ?

– იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ძმურად ვცხოვრობდით! რუსეთი კი, იმპერიულად მოქმედებდა, თუმცა სიტუაცია იქამდე, სადამდეც მივიდა, ქართველებმაც მიიყვანეს.

– მარი, ქართველები რა შუაში ვართ?

– ჩემი სახლი ქართველებმა გაძარცვეს!

– მოდი, ასე ვთქვათ: ქართველებსა და აფხაზებს ურთიერთმტრობისკენ რუსეთმა წაგვფითილა. არ მეთანხმები?

– რატომ არავინ კითხულობს, კიტოვანს იარაღი ვინ მისცა და დღეს სადაა?

– ესე იგი, ფიქრობ, რომ კიტოვანს ზურგს კრემლი უმაგრებდა?

– დიახ!

– აფხაზები რუსულ პროვოკაციას რატომ წამოეგეთ?

– ქართველები რატომ წამოეგეთ? კიტოვანის ბანდა რომ არ შესულიყო, თავის დროზე ხალხი აჭარაშიც იარაღდებოდა. ან დაგავიწყდათ, კიტოვან-იოსელიანმა სამეგრელოს რა გაუკეთეს. როცა ამბობენ, აფხაზები ქართველები არიანო, სწორი არაა. შეიძლება, კარგი ყოფილიყო, რომ ჩვენც ქართველები ვიყოთ, მაგრამ აფხაზები აფხაზები არიან! კიტოვანი და იოსელიანი აფხაზეთში ისე შემოვიდნენ, როგორც გერმანელი ფაშისტები!.. მხოლოდ დედაჩემი კი არა, ბიძაჩემიც ტყვედ აიყვანეს და გამოვისყიდეთ.

 

– სხვათა შორის, აფხაზები ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ…

– ამის შესახებ ბევრჯერ მსმენია, მაგრამ დამამტკიცებელი ფაქტები არ მინახავს.

– როგორც ამბობენ, ვიდეოკადრები არსებობს…

– ამ კადრების ნახვა მენც მაინტერესებს, მაგრამ არ მჯერა, რომ აფხაზები ქართველების თავებთ ფეხბურთს ითამაშებდნენ!

– აბა, ის რატომ გჯერა, რომ აფხაზებს ქართველები კლავდნენ?

– ვანიჩკა, ჩემი და ბებიაჩემის სახლი გაძარცვეს… როცა ბებიაჩემის სახლს ძარცვავდნენ, შემთხვევით ჩემი მეგობარი მივიდა – ბებიას საჭმელი მიუტანა და კინაღამ გააუპატიურეს, მაგრამ ქართველმა მეზობლებმა უშველეს! სხვათა შორის, ჩემი ქალიშვილი ქართველია…

– მარი, გულწრფელად მითხარი, ომის შემდეგ ქართველების მიმართ აგრესია გქონდა?

– არა და შეიძლება, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახიდან არავინ დაღუპულა, თუმცა ვიცი აფხაზური ოჯახი, საიდანაც ომში ოთხი ვაჟი დაიღუპა… საერთოდ, ბოროტმოქმედები აფხაზებშიც არიან და ქართველებშიც! ისინი, ვინც საშინელებებს ჩადიოდნენ, არც ქართველები იყვნენ და არც – აფხაზები. ისინი დამნაშავეები იყვნენ! ამიტომ, მომხრე ვარ, რომ ე.წ. მეორე ნიუნბერგის პროცესი გაიმართოს, რომელზეც ორივე მხარის დამნაშავეები გასამართლდებიან! აფხაზებს და ქართველებსაც მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა  საშუალება, რომ კარგად და მშვიდობიანად ვიცხოვროთ! სოხუმში სახლი მაქვს, ნათესავებიც მყავს, რომლებიც ჩემს მეუღლეს, მერაბ ბლადაძეს და მის ნათესავებს ელოდებიან, რომ ჩავიდნენ და სუფრა გაუშალონ, მაგრამ არ შემიძლია, ჩემი ქმარი სოხუმში ჩავიყვანო!

– რატომ არ შეგიძლია?

– ეს შეკითხვა პოლიტიკოსებს უნდა დაუსვა!

 

– ნათესავები არა, მაგრამ გეშინია, რომ სოხუმში შენს მეუღლეს ცუდად სხვა აფხაზები მოექცევიან?

– არა, უბრალოდ, სავიზო რეჟიმია და ბევრი პროცედურის გავლაა საჭირო. მე კი მინდა, დილით რომ გავიღვიძებ, მერაბს ვუთხრა, წამო, ყავა სოხუმში დავლიოთ-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, ორი საათის გზაა – წავიდეთ, ილორი, ნათესავები მოვინახულოთ და საღამოს უკან დავბრუნდეთ!

– მარი, შენმა ნათესავებმა რომ გაიგეს, ქართველ მერაბ ბლადაძეზე თხოვდებოდი, ხომ არ გაბრაზდნენ?

– სიმართლეს გეტყვი: უმეტესეობა არ გაბრაზებულა, თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებიც გაბრაზდნენ.

– რატომ გაბრაზდნენ?

– რატომ და, – თვლიან, რომ ქართველებმა ძალიან ბევრი ტკივილი და მწუხარება მოუტანეს…

– მერაბი, როგორც ვიცი, ბრიუსელში  გაიცანი, როცა მიხვდით, რომ ქართველი გიყვარდებოდა, ხომ არ ინანე, რატომ შემიყვარდაო?

– არა! ვანიჩკა, წეღანაც გითხარი, რომ ბოროტმოქმედებსა და ერს ერთმანეთისგან ვანსხვავებ! სხვათა შორის, ომის დროს აფხაზებს თვითონ აფხაზებიც ძარცვავდნენ და კლავდნენ. ასეთები ქართველებიც იყვნენ და არიან. მახსოვს, როცა სოხუმში აფხაზების გაძარცვას მორჩენ, ქართვლებმა ქართველების გაძარცვა დაიწყეს, მაგრამ დამნაშავესა და ბოროტმოქმედს ეროვნება არ აქვს!

– ე. წ. მეორე ნიუნბერგის პროცესზე ქართველების, აფხაზების და რუსების მხრიდან, შენი აზრით, ვინ უნდა გასამართლდნენ?

– გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაირკვეს, კონფლიქტი რამ წარმოშვა. საერთოდ, ამ ომმა ორივე მხარეს ძალიან ბევრი მითი შექმნა, მაგრამ სიმართლე ქართველებმაც უნდა გაიგონ და აფხაზებმაც. სიმართლე უნდა ითქვას, სრული ლუსტრაცია მოხდეს და გაირკვეს, აგენტები ვინ იყვნენ და ვის დავალებებს ასრულებდნენ…

– სიმართლის გარკვევა, გეთახმები, აუცილებელია, მაგრამ შენი აზრით, მთავარი დამნაშავეები ვინ არიან?

– პირველ რიგში, – კიტოვანი…

– ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ კიტოვანი სად იყო, როცა 1989 წელს, აფხაზეთში სიტუაცია დაიძაბა. ზოგი ამბობს, რომ ყველაფერი ლიხნის კრებით დაიწყო…

– ასეთი შეკრებები მხლოლოდ აფხაზეთში კი არა, მაგალითად, ირლანდიაშიც წელიწადში 25-ჯერ იმართება, მაგრამ ხალხი შეიკრიბოს და ილაპარაკოს – ამის სერიოზულად აღქმა როგორ შეიძლება?!

– რუსეთი ოკუპანტია?

– დიახ, ოკუპანტია! როგორი სისხლისღვრაც უნდა ყოფილიყო, რომ არა რუსული ფაქტორი, ქართველები და აფხაზები მაინც შევრიგდებოდით და ეს სიმართლეა!

– აფხაზები და ქართველები რუსეთმა უნდა შეგვარიგოს?

– ძალიან ბევრი დრო გავიდა და აფხაზები ქართველების გარეშე ცხოვრებას ეჩვევიან… საქართველოში ჩამოსვლა ძალიან ბევრ აფხაზს უნდა. სოხუმში რომ ჩავდივარ, ჩემი ნათესავი აფხაზი, რომელიც ამ ომში მონაწილეობდა – ბატალიონის მეთაური იყო, მეუბნება ხოლმე, მაინტერსებს, საქართველოში როგორ ცხოვრობენ, როგორი ფასებიაო… საშუალება რომ იყოს, აფხაზები სავაჭროდ საქართველოში ჩამოვიდოდნენ, ქართველები კი, – აფხაზეთში, ვიღაც ვიღაცაზე დაქორწინდებოდა, ვიღაც ვიღაცას დაუმეგობრდებოდა და ასე, ნელ-ნელა კონტაქტი აღდგებდოდა, ერთმანეთს ისევ დავუახლოვდებოდით და ის საზღვარი, რომელიც სისხლით აღიმართა, გადაილახებოდა… აფხაზებს აინტერსებთ, ქართველები როგორ ცხოვრობენ!

– მარი, ამბობენ, რომ კრემლი აფხაზების გარუსების პოლიტიკას ატარებს…

– ასე არაა. ისიც მითია, რომ აფხაზეთში ყველაფერი თითქოს რუსებმა იყიდეს. აფხაზეთში კანონია, რომლის თანახმადაც, უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია. აფხაზეთის მოქალაქეობას კი მხოლოდ ის იღებს, ვინც აფხაზია, ან აფხაზეთშია დაბადებულ-გაზრდილი.

– ე. წ. აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება ქართველ დევნილსაც შეუძლია?

– არა!

– მარი, აფხაზეთის მოქალაქე ხარ?

– აფხაზეთისაც და რუსეთისაც.

– საქართველოს მოქალაქეობას რატომ არ იღებ?

– სამმაგი მოქალაქეობა არ შეიძლება. ისე, საქართველოში ცხოვრების უფლება მაქვს, თუმცა რატომაც არა?! – შეიძლება, საქართველოს მოქალაქეობა მივიღო!

– მარი, არ გეწყინოს და, ქართული რატომ არ იცი?

– აფხაზურ ოჯახში დავიბადე… ისე, ჩვენთან, სოხუმში ქართული ქართველებმაც არ იცოდნენ! ჩვენთან სამი „სახელმწიფო ენა“ იყო – ქართული, აფხაზური და რუსული. ამიტომ, ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესეობამ სამივე ენა იცოდა.

– მარი, სოხუმში სტუმრად რომ დამპატიჟო, აფხაზები როგორ მიმიღებენ?

– ყველაზე რთული საზღვარზე გადასვლაა, სადაც რუსი და აფხაზი მესაზღვრეები დგანან, მაგრამ თუ საზღვარზე გადახვალ, პრობლემა არ გექნება და ისე მიგიღებენ, როგორც სტუმარს. აფხაზეთში ქართველები დღესაც ცხოვრობენ…

– რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ხურჩაში ქართველი, გიგა ოთხოზორია მოკლეს…

– როგორც ვიცი, მკვლელი დაკავებულია. საერთოდ, მკვლელობას გამართლება არ აქვს! მე ქრისტიანი ვარ და ნებისმიერი მკვლელობა ჩემთვის ღმერთისა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულია! ეს აფხაზებისა და ქართველების კონფლიქტი კი არა, კონკრეტული დანაშაულია, რომელიც სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ!

– ის, რაც 1992 წელს აფხაზეთში მოხდა, როგორ ფიქრობ, ქართულ-რუსული ომი იყო თუ ქართულ-აფხაზური?

– ეს სამხრივი ომი იყო… სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ კიტოვანი რუსული პროექტი იყო! ყველა გაიძახის, აფხაზები ცუდები არიანო, მაგრამ კიტოვანზე, რომელიც რუსეთში, გენერლების აგარაკზე ცხოვრობს, რატომღაც არავინ არაფერს ამბობს! შერიგება რომ დაიწყოს, ქართველებმა კიტოვანის გადმოცემა უნდა მოითხოვონ!

– მარი, კიტოვანს რომ შეხვდე, რას ჰკითხავ?

– ძალიან მინდა, თვალებში ჩავხედო და ვუთხრა: არამზადა, გახსოვს, შენი ბანდიტი გვარდიელები აფხაზეთში ხალხს რომ კლავდნენ?! შემიძლია, მოკლულთა გვარებიც დავუსახელო!  იმასაც ვკითხავ, ახსოვს თუ არა, ჩემი ოჯახი როგორ გაძარცვა – მისმა გვარდიელებმა 1975 წელს გარდაცვლილი ბაბუაჩემის პიჯაკიც მოიპარეს! კიტოვანს, ასევე, ვკითხავ, ახსოვს, დედაჩემი როგორ დააპატიმრა?!

– დედაშენი კიტოვანმა დააპატიმრა?

– კიტოვანი-იოსელიანი-ყარყარაშვილი – ეს ერთი კომპანია იყო. დედაჩემი აფხაზეთის ცენტრობანკის მმართველი იყო და ბანკიდან არ გაიქცა. დედაჩემი ძირძველი სოხუმელი იყო, ქართველებისთვის ცხოვრებაში ცუდი არაფერი გაუკეთებია და ორი კვირა ტყვედ ჰყავდათ.

– რატომ დაატყვევეს?

– რაღაც ფინანსური მაქინაციის გაკეთება უნდოდათ, რისი უფლებაც დედაჩემმა არ მისცათ… სხვათა შორის, დედაჩემის წინააღმდეგ საქმე ქართველებმაც აღძრეს და აფხაზებმაც, მაგრამ ერთი დოკუმენტიც ვერ ნახეს, რომელზეც დედას ხელი არასწორად ექნებოდა მოწერილი.

 

– დედაშენმა ტყვეობას თავი როგორ დააღწია?

– ვიყიდეთ.

– ანუ?

– იოსელიანის ხალხს ძვირფასეულობა მივეცით. მათი გვარებიც ვიცი, მაგრამ ახლა არ დავასახელებ… მახსოვს, სახლში ტანკებით მოგვადგნენ… სანათესაოში ძვირფასეულობა, ფული შევაგროვეთ და მივეცით…

– ეს ადამიანები რომ შეგხვდნენ, იცნობ?

– დიახ, ვიცნობ!.. მოსკოვში ცხოვრობენ… როცა მეორე ნიუნბერგის პროცესი გაიმართება, იქ ყველას დავასახელებ!

– მარი, დედაშენი, როგორც ვიცი, ერთი წლის წინ გარდაიცვალა და, ომის შემდეგ, სოხუმში პირველად მაშინ ჩახვედი. თბილისში კი, რამდენჯერმე იყავი ნამყოფი. მშობლიურ ქალაქში რატომ არ ჩადიოდი?

– ჩემთვის სოხუმი არც აფხაზეთია და არც – საქართველო! სოხუმი ჩემი მშობლიური ქალაქი, ჩემი სისხლი და ხორცია! ომი შემდეგ, სოხუმში პირველად 1994 წელს ჩავედი, მაგრამ ეს სხვა სოხუმი იყო – ცარიელი, დანგრეული, თითქოს წყალბადის ბომბი ააფეთქესო… ქუჩაში დავდიოდი, ჩემი მეგობრების დაცარიელებულ სახლებს ვუყურებდი და ვტიროდი… იმ დღეს სოხუმმა ჩემთვის არსებობა შეწყვიტა! სოხუმი, როგორც ტერიტორიული ერთეული, ისევ არის, მაგრამ სოხუმი, როგორც ჩემი ცხოვრება, აღარ არსებობს!.. აფხაზები და ქართველები ორივე მხარის დამნაშავეებმა გაგვთიშეს!

– მარი, თავს კომფორტულად სად უფრო გრძნობ – მოსკოვში თუ საქართველოში?

– 20 წლის განმავლობაში, მოსკოვში ცხოვრება ავაწყე – ქალაქის ცენტრში ბინა მაქვს, ნორმალური ბიზნესიც, მეგობრებიც მყავს, მაგრამ მერაბს საქართველო ფანატიკურად უყვარს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი ქმარია, არამედ, მართლაც, ასეა – მერაბი ხალხისთვის ცხოვრობს – როცა სხვას ეხმარება, მორალურ სიამოვებას განიცდის, თუმცა მის ამ თვისებას ძალიან ბევრი ბოროტულად იყენებს. როცა მოსკოვში ჩავდივართ, სადაც ჩემი შვილი და შვილიშვილი ცხოვრობენ, მერაბს ერთი სული აქვს, საქართველოში როდის დავბრუნდებით. ბელგიიდანაც, სადაც ნორმალურად ცხოვრობდა, საქართველოში სწორედ ამ მიზეზით დაბრუნდა!

მოკლედ, საქართველო მერაბის ცხოვრებაა და სადაც მერაბი კარგად იქნება, კომფორტულად მეც იქ ვიქნები!

– საქართველოს მომავალი რუსეთშია თუ ევროპაში?

– რუსეთთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა უნდა გქვონდეს, მაგრამ საქართველოს მომავალი დასავლეთი და აშშ-შია.

– დღეს რუსეთი საქართველოს ამცირებს?

– დიახ!

– პუტინი ცუდია?

– პუტინი, პირველ რიგში, თავისი ხალხის მტერია! რუსეთი, ჩემი აზრით, პუტინის ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფმა დაიპყრო, რომელიც თავს დაუსჯელად გრძნობს!

– მარი, როგორც აფხაზი, იმ ქართველებს, რომლებიც საქართველოს ხსნას რუსეთში ხედავენ, რას ეტყვი?

– ეს ხალხის ორი კატეგორიაა: ერთი ყველგან კარგად ცხოვრობს, მეორემ კი არ იცის, ბოლო ათწლეულში რუსეთი როგორი გახდა! ამ მეორე კატეგორიის ხალხს ჰგონია, რომ როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, 37 მანეთად ბილეთს იყიდის და მოსკოვში ჩაფრინდება, სადაც 6 ბოთლ „ხვანჭკარას“ ჩაიტანს და ყველა გზა ხსნილი ექნება, მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, უნდა იცოდეს, რომ დღეს რუსეთი სხვა ქვეყანაა, დღეს რუსები უფრო დიდი ნაციონალისტები არინა, ვიდრე ოდესმე იყვნენ და მათთვის ყველას – აფხაზებს, ქართველებს, აზერბაჯანელებს თუ სომხებს ერთი სახე გვაქვს. რუსეთის ინსტემბლიშმენტი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ რა დოზით გამოადგები, ანუ თავში მხოლოდ ბიზნესი უტრიალებს, თუმცა ინტელიგენციის პატარა ჯგუფიც არსებობს, რომელიც ასე არ ფიქრობს.

მოკლედ, ტყუილად ჰგონიათ, რუსები თუ შემოვლენ, ფულს დაგვირიგებენო. გირჩევთ, ვიზა იყიდოთ, რუსეთში წახვიდეთ, ცოტა ხანს გაჩერდეთ და ნახავთ, მილიცია გაგაჩერებთ და ფულს წაგართმევთ.

– ანუ, რუსეთში კორუფციაა?

– დიახ, რუსეთი და კორუფცია სინონიმებია! კორუფცია ბევრს აწყობს… რუსეთში დემოკრატია არაა!..

 

ვანო პავლიაშვილი

პ.ს. ინტერვიუ რამდენიმე წლის წინაა ჩაწერილი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩეჩენი ბლოგერი
მოკლულია ჩეჩენი ბლოგერი - რა მოხდა შვედეთში

მედიისა და აქტივისტების ინფორმაციით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა 1 ADAT არხი, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერ...

მსოფლიო 1670226522

ტანკერი აფეთქება
დაღუპულია 3 ადამიანი - აფეთქება რუსეთის საწვავის ტანკერზე

რუსეთში, რიაზანთან ახლოს, აეროდრომზე საწვავის ტანკერი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სამი გარდაიცვალა და 6 დაშავდა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია სასწრაფო დახმარების სამსახუ...

მსოფლიო 1670226391

მიხეილ სააკაშვილი
„აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა“ - "ვივა მედის" დირექტორი ადასტურებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამოწურა თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის რესურსი კლინიკამ, ჩხაიძე ამ კითხვას ა...

პოლიტიკა 1670224656

დროა ხოშტარია
„მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე, ახალ წელს ნუ მიფუჭებო“ - ელენე ხოშტარია უკრაინაში დაღუპულ გმირებზე

„რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანი სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას. ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდნენ იმპერიასთან ბრძოლას. 2...

პოლიტიკა 1670223936

სამედიცინო სერვისი
REDMED-ის სამედიცინო სერვისები

REDMED- ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გვაკავშირებს სასურველ ექიმს, ჩვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. ის აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს სა...

ჯანმრთელობა 1670223631

პაპუაშვილი
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ 33 ქართველი იმსხვერპლა“ - შალვა პაპუაშვილის სამძიმარი

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა. „ბოლო რამდენ...

პოლიტიკა 1670222803