ირაკლი რუხაძის 6 ტყუილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში

პოლიტიკა 1737901830

რუხაძე13

21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობისას რუხაძემ ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, რუსეთზე, ამერიკის სანქციებზე, მედიის თავისუფლებაზე სხვადასხვა სახელმწიფოებში და მოიყვანა მოლდოვის მაგალითი, სადაც, მისი თქმით, მხოლოდ ორი ტელევიზიაა. რუხაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო Freedom House-ის მიხედვით სამეზობლოში ერთადერთი მწვანე და სრულიად თავისუფალი ქვეყანაა.

 

“მითების დეტექტორმა” ირაკლი რუხაძის განცხადებები გადაამოწმა, მან ინტერვიუს დროს, სულ მცირე, 6 ყალბი ინფორმაცია გააჟღერა:

 

საქართველო Freedom House-ის ინდექსით სრულიად თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალს არ მიეკუთვნება, ის ნაწილობრივ თავისუფლად ფასდება და მწვანე ქვეყნებში არ შედის;
NDI-ის კვლევით არ დასტურდება, რომ მოქალაქეების 85%-ს რუსეთთან დიალოგი სურს. კითხვაზე, თუ ვისთან უნდა ჰქონდეს საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, რუსეთს მხოლოდ 20% ასახელებს; 
NDI-ის გამოკითხვაში არ გვხვდება კითხვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა, 79% ამბობს, რომ მისთვის ევროინტეგრაცია მისაღებია. უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი ევროკავშირი უნდა იყოს.  
მოლდოვაში არა 2, არამედ 38 აქტიური სტატუსის მქონე ტელევიზიაა;
ევროკავშირის წევრობის წინაპირობა ნატო-ში გაწევრება არ არის: მაგალითად, შვედეთი და ფინეთი ჯერ ევროკავშირში გაწევრიანდნენ, შემდეგ კი ნატო-ში, ხოლო ევროკავშირის წევრ 4 სახელმწიფოს (მალტა, ავსტრია, ირლანდია, კვიპროსი) ნატო-ში შესვლის სურვილი დღემდე არ გამოუთქვამს;
ამერიკას შეუძლია საკუთარი მოქალაქეებიც დაასანქციროს, ასეთ შემთხვევებს OFAC-ის სანქცირებული პირების/კომპანიების ელექტრონულ ბაზაში ვხვდებით.
დეზინფორმაცია N1: Freedom House-ის ინდექსით საქართველო სრულად თავისუფალი ქვეყანაა
ირაკლი რუხაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს [54:10], რომ საქართველო Freedom House-ის მიხედვით სამეზობლოში ერთადერთი მწვანე და სრულიად თავისუფალი ქვეყანაა. რეალურად, მისი მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის, Freedom House-ის ბოლო მონაცემებით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. ორგანიზაციამ მსოფლიოს თავისუფლების 2024 წლის ინდექსში ქვეყანას 100-დან 58 ქულა მიანიჭა. მსგავსი შეფასებით ქვეყანა “მწვანე ქვეყნების” რიგში არ არის მოხვედრილი და რუკაზე ის ყვითლადაა მონიშნული. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მაჩვენებელი აღემატება  აზერბაიჯანის (7), სომხეთის (54), თურქეთისა (33) და რუსეთის (13) შეფასებას. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო უსწრებს უკრაინას (49), თუმცა ჩამორჩება მოლდოვას (61). 

 

Freedom House – თავისუფლების ინდექსი 2024
ანგარიშში, სხვა პრობლემებთან ერთად, აღნიშნულია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენას ახდენს ოლიგარქიული გავლენები, ხოლო საანგარიშო წელში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმები დაფიქსირდა. ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებაში არსებობს კორუფცია, მედიის თავისუფლებას კი ძირს უთხრის ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი დაშინება. ტექსტში ასევე საუბარია სასამართლო სისტემის პრობლემებზე, მათ შორის, გამჭვირვალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე. Freedom House-ის ანგარიშში მოხვდა 2023 წლის მარტში ფართომასშტაბიანი აქციები “აგენტების კანონის” წინააღმდეგ, ასევე, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმები და ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

ბოლო წლების განმავლობაში Freedom House-ის აღნიშნული ინდექსით საქართველოს შეფასება უარესდებოდა:

 

2022 წელს – 58/100 
2021 წელს – 60/100 
2020 წელს – 61/100 
2019 წელს – 63/100 
2018 წელს – 64/100 
2017 წელს – 64/100 
დეზინფორმაცია N2: – საზოგადოების 85%-ს რუსეთთან დიალოგი სურს
რუხაძე ასევე ამტკიცებს [1:29:30], რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, 85% ამბობს, რომ უნდა, რუსეთთან დიალოგი დაიწყოს. შესაბამისად, იმედის მფლობელი ასკვნის, რომ რუსეთთან დიალოგი საზოგადოების დაკვეთაა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მსგავსი კითხვა დასმული არ არის, თუმცა, სხვა კითხვებზე გაცემული პასუხებითაც ამგვარი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია.

 

NDI-იმ დააფიქსირა, რომ იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს, შემცირებულია (37%). დამატებით 36% ამბობს, რომ კურსი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა ქვეყანამ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს. 8%-ის აზრით, უნდა იყოს პრორუსული, მაგრამ კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ევროკავშირსა და NATO-სთან, ხოლო 2%-ის აზრით, პრორუსული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა პროდასავლურ კურსს ირჩევს, რუხაძის მტკიცება ბოლო 3 პასუხის შეკრების შემთხვევაშიც (46%) კი არ გამოდის მართებული. 

 

 

ღია კითხვაზე, თუ რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, რუსეთს 20% ასახელებს. 25% ასახელებს რუსეთს ეკონომიკური თანამშრომლობის შემთხვევაში.

 

რუსეთთან დაკავშირებით კვლევაში კიდევ ერთი კითხვაა დასმული – მოქალაქეებს ჰკითხეს რუსეთთან ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობაზე. 25% ამბობს, რომ საქართველომ უფრო უნდა გააღრმავოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, 34%-ის აზრით, ისე უნდა დატოვოს, როგორც არის, 25% ურთიერთობების მეტად შეზღუდვას ემხრობა. 

 

აღსანიშნავია, რომ რუსეთთან დიალოგზე კითხვა ასევე არ არის დასმული 2023 წლის მაისში გამოქვეყნებულ კვლევაში. ნაცვლად ამისა, კვლევაში ნაჩვენებია, რომ 3 გამოკითხვაში იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ღია კითხვაზე საპასუხოდ ამბობენ, რომ რუსეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს, იკლებს. თუ 2022 წლის თებერვალში მაჩვენებელი 24% იყო, 2023 წლის მარტში 12%-ია.

 

დეზინფორმაცია N3: ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვანი მოსახლეობის მხოლოდ 7%-სთვის არის 
ამავე ინტერვიუში ირაკლი რუხაძის მტკიცებითვე, NDI-ის კვლევაში მოსახლეობის მხოლოდ 7% ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია. 

 

 

ჟურნალისტი ნასტასია არაბული [2:00:35]: “ევროკავშირში შესვლაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სანერვიულოა.

რუხაძე: მხოლოდ 7%-ისთვის, NDI-ის მიხედვით.

 

ჟურნალისტი: 80% უჭერს მხარს.

 

რუხაძე: ეს არის” მალდივებზე წასვლა გინდა?” – კი. “რამდენად მნიშვნელოვანია?” და … იძახის, რომ მინდა 80% და იძახის რომ მნიშვნელოვანია 7%. ადრე 3 იყო”.
რეალურად, NDI-ის მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების ამგვარი ინტერპრეტირება რეალობას არ ასახავს. კვლევითი ორგანიზაცია პირდაპირ უსვამს მოქალაქეებს კითხვას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – მაგალითად, ბოლოს, 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში დასმულ კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 79% ამბობს, რომ მისაღებია.

 

გარდა ამისა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე საზოგადოების აზრის შესახებ შეგვიძლია დასკვნები სხვა კითხვებზე გაცემული პასუხებითაც გამოვიტანოთ. მაგალითად, ღია კითხვაზე, თუ რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, 60% ევროკავშირს ასახელებს. ეკონომიკურ თანამშრომლობაზე  ევროკავშირი 59%-მა დაასახელა.

 

66%-ს სჯერა, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით.

 

რაც შეეხება ღია კითხვას, რომელზე გაცემულ პასუხებსაც, სავარაუდოდ, ირაკლი რუხაძე იყენებს, ის მოქალაქეებისა და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს მოიცავს. პასუხებში მოხვედრილია ისეთი პრობლემები, როგორებიც არის: ფასების ზრდა/ინფლაცია; სამუშაო ადგილები; სიღარიბე; ტერიტორიული მთლიანობა; პენსიები; ხელფასები; განათლება; ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება; ადამიანის უფლებები და ა.შ. სხვა საკითხებთან ერთად, 7-7% NATO-სა და ევროკავშირში გაერთიანებას ასახელებს. სწორედ ამ პასუხით ასკვნის რუხაძე, რომ ევროკავშირში გაერთიანება მოქალაქეების მხოლოდ 7%-ისთვის არის მნიშვნელოვანი, თუმცა, ეს კითხვა ევროკავშირის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულების განსასაზღვრად არ გამოდგება, რადგან საუბარია გამოწვევების დასახელებაზე და არა ევროკავშირის შეფასებაზე. NDI-ის გამოკითხვაში არ გვხვდება კითხვა, რომელიც რესპონდენტებისგან ითხოვს, უპასუხონ, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ევროკავშირის წევრობა.

 

დეზინფორმაცია N4: მოლდოვას მხოლოდ ორი ტელევიზია აქვს
ინტერვიუში ირაკლი რუხაძემ საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ საუბრისას არაერთხელ ახსენა, რომ მოლდოვაში მხოლოდ ორი ტელევიზია არსებობს, “სახელმწიფო ერთი, სახელმწიფო ორი.”

 

მოლდოვას აუდიოვიზუალური ეროვნული საბჭოს ვებ-საიტზე ლიცენზირებული ტელევიზიების სია საჯაროა. მოლდოვაში 55 რეგისტრირებული ტელევიზიაა. მათ შორისაა ის ორი სახელმწიფო ტელევიზია, “მოლდოვა 1” და “მოლდოვა 2”, რომელიც ირაკლი რუხაძემ რამდენჯერმე ახსენა. 38 ტელევიზიას, მათ შორის, ეროვნული თუ რეგიონული მასშტაბისას, ასევე კერძო ტელევიზიებს, აქტიური სტატუსი აქვს მინიჭებული. სამ ტელევიზიას (TV Plus, Special TV, Cotidianul TV – CTV) არააქტიური ტელევიზიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ ორი კატეგორიის გარდა, ბაზაში შეყვანილია ისეთი 14 ტელევიზია, რომელთაც მოლდოვის ეროვნული მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების ხელმისაწვდომობის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო ლიცენზია გაუქმებულია ან მაუწყებლობის გარკვეული შეზღუდვები აქვთ.

 

2022 წლიდან მოლდოვაში რამდენიმე ტელევიზიას მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა. უკრაინაში ომის დაწყევიდან მალევე, ექვსი ტელევიზიისათვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების მიზეზად მათ მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, უკრაინაში რუსეთის ომის არაზუსტი გაშუქება, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა დასახელდა. ამ ექვსი ტელევიზიიდან ოთხს სანქციები დაუწესა ევროპულმა საბჭომაც, რადგან ისინი რეგულარულად გადასცემდენენ პროგრამებს რუსული ტელევიზიიდან. რამდენიმე მოლდოვურ ტელევიზიას მომდევნო წლებშიც გაუუქმეს ლიცენზია. ეს ტელევიზიები პრორულ ოლიგარქ, ილონ შორთან და ვლადიმირ პლახატნიუკთან იყო დაკავშირებული.

 

ირაკლი რუხაძე იმასაც ამბობს, რომ რადიო თავისუფლება მოლდოვაში “ამ ფორმით ვერ იარსებებდა”. რადიო თავისუფლებას მოლდოვაშიც აქვს ბიურო, რომელიც ამჟამადაც ფუნქციონირებს.

 

დეზინფორმაცია N5: ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჯერ ნატოში გაწევრიანდნენ
ირაკლი რუხაძე ასევე ამტკიცებს, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გარეშე ევროკავშირს წევრი ქვეყნები არ მიუღია. რუხაძის თქმით 11 ქვეყანა მიიღეს ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპიდან და მათგან ყველა ჯერ ნატოში გაწევრიანდა. აქედან გამომდინარე, რუხაძე ასკვნის, რომ თუ საქართველოს ნატო უარს ეტყვის, ქვეყანას არც ევროკავშირში მიიღებენ. აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ევროკავშირის წევრობის წინაპირობას ნატო-ში გაწევრება არ წარმოადგენს, ორგანიზაციის მოთხოვნებში გაფართოების შესახებ მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება და პრაქტიკაშიც არსებობს 4 ქვეყნის შემთხვევა, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა დღემდე რჩებიან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გარეთ: მალტა, კვიპროსი, ავსტრია და ირლანდია. გარდა ამისა, გვაქვს მაგალითები (შვედეთი, ფინეთი), როდესაც ქვეყნები ჯერ ევროკავშირში, მოგვიანებით კი ნატო-ში გაწევრიანდნენ.

იმისათვის რომ ქვეყანა ევროკავშირის რიგებს შეუერთდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის პატივს სცემდეს დემოკრატიულ ღირებულებებს, ჰქონდეს სტაბილური ინსტიტუტები, რომელიც დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს, ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და შესაძლებლობა, რომ შეასრულოს ევროკავშირის წევრობის ვალდებულებები. ნატო-ში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ასევე ვალდებულია დაიცვას ადამიანი უფლებები, სამართლიანად მოეპყროს უმცირესობებს, ჰქონდეს საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, რასაც ემატება სამხედრო ელემენტი და ნატო-ს ოპერაციებში სამხედრო კონტრიბუციის მზაობა. გამომდინარე იქიდან რომ ახალი წევრების მიღებისთვის ორივე ორგანიზაციის კრიტერიუმები მეტწილად მსგავსია, მზაობის შემთხვევაში ქვეყნებს, თუ ისინი არ ამჯობინებენ სამხედრო ნეიტრალიტეტს, შესაძლებლობა აქვთ გაწევრიანდნენ როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში. მაგალითად, სლოვაკეთი, სლოვენია, ასევე ბალტიის ზღვის ქვეყნები ორივე ორგანიზაციაში 2004 წელს გაწევრიანდნენ.

გაუგებარია, რომელ 11 ქვეყანას გულისხმობს რუხაძე, რადგან აღმოსავლეთ ევროპიდან ორივე ორგანიზაციის წევრი ამჟამად რუმინეთი და ბულგარეთია. პოლიტიკური თვალსაზრისით, აღმოსავლეთ ევროპაში ასევე თვლიან ბალტიის ზღვის ქვეყნებს (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი), თუმცა ეს მაინც არ უტოლდება იმ რაოდენობას, რაც რუხაძემ დაასახელა. აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოსავლეთ ევროპის ორი ქვეყნისთვის – მოლდოვასთვის და უკრაინისთვის ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გახსნილია, თუმცა არც ერთ მათგანს არ მიუღია მიწვევა ნატო-ში, მათ შორის მოლდოვა ინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს და შესაბამისად ნატო-ში გაწევრების სურვილი მას ამ დრომდე არ გამოუხატავს.

დეზინფორმაცია N6: ამერიკა საკუთარ მოქალაქეებს არ ასანქცირებს
ირაკლი რუხაძემ ვრცლად ისაუბრა მისი შესაძლო სანქცირების შესახებ. ჟურნალისტმა მას ჰკითხა რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის შესახებ, რომელსაც “ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელს” უწოდებენ. რადიო თავისუფლების ქართულმა ბიურომ 9 იანვარს დაწერა, რომ კონგრესიდან შეერთებული შტატების ახალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გაუგზავნეს 26 ადამიანის სია, რომელებიც ბიძინა ივანიშვილის გავლენის გაძლიერებას ემსახურებიან. მათ შორისაა ირაკლი რუხაძეც.

 

რუხაძის თქმით, აშშ მას სანქციებს ვერ დაუწესებს, რადგან შტატები საკუთარ მოქალაქეებს არ ასანქცირებს.

ამერიკაში არ არსებობს რეგულაცია, რომელიც საკუთარი მოქალაქეების ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა დასანქცირებას კრძალავს. ამერიკაში რამდენიმე სასანქციო პაკეტი არსებობს და მასზე პასუხისმგებლობას სხვადასხვა უწყება ინაწილებს. ფინანსურ სანქციებს აწესებს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი და მისი საგარეო აქტივების კონტროლის სამსახური (OFAC). აღნიშნული სანქციები როგორც ინდივიდებს, ისე კომპანიებსაც უწესდებათ. OFAC-ის სანქცირებული პირების/კომპანიების ელექტრონულ ბაზაში ამერიკის მოქალაქეებიც იძებნებიან. ქვეყნის გრაფაში “შეერთებული შტატების” მითითებით, შესაძლებელი ხდება ამერიკის მოქალაქე პირებისა და ამერიკაში დაფუძნებული კომპანიების მოძებნა.

OFAC ასევე განმარტავს, რომ ამერიკის ყველა მოქალაქე ან შტატებში მოქმედი კომპანია ვალდებულია მათ მიერ დაწესებული სანქციები შეასრულოს. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სწორედ OFAC-ის სანქცირებულთა სიაშია. “რადიო თავისუფლების” მიერ მოპოვებულ წერილში კი რუხაძის სანქცირებას სწორედ ივანიშვილის მხარდაჭერისთვის ითხოვენ.

 

ამერიკის მოქალაქეს ასევე შეიძლება შეეხოს “მაგნიტსკის აქტი”. აღნიშნული აქტით ინდივიდებს, შესაძლოა, აეკრძალოთ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა, გაუუქმდეთ არსებული ვიზები, წვდომა შეეზღუდოთ აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ არსებულ ქონებაზე. ასევე, ამერიკის მოქალაქეებს აეკრძალოთ ტრანზაქციებში ჩართვა ნებისმიერ უცხოელ პირთან, რომელსაც პრეზიდენტი განსაზღვრავს და სიაში შეიყვანს. “მაგნიტსკის სიაში” ხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც, ამერიკის კვლევებით, ჩართული არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევესა და კორუფციაში. “მაგნიტსკის სიაში” შესული ინდივიდები OFAC-ის სპეციალურ სიაშიც (SDN) ხვდებიან. განმარტებაში ვკითხულობთ, რომ თუ სიაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეა, მას ქონებაზე წვდომა აღარ ექნება.

 

ამრიგად, ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი მოქალაქის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ინდივიდისთვის სანქციების დაწესება შეუძლია, თუმცა ამგვარი შემთხვევები შედარებით იშვიათია. 

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

მითების დეტექტორი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მოროშკინა
„ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?.. ის მომენტია, როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ“ - ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა: ატყობთ,რომ ჩუმად ვარ?მწერთ რას ვფიქრობ ცალკე მაკა ბოჭორიშვილზე და ცალკე ზახაროვას პასუხზე?ვფიქრობ, ის მომენტია,როდესაც ყველამ ტაიმ აუტი უნდა ავიღოთ.მესმის,რომ მინისტრის განცხადებები იმ...

სოცმედია 1776405969

პეტრე ცაავა
„პატრიარქმა უთხრა ივანიშვილს, უნდა გადავგე და 5 საკითხი მომიგვარე საპენსიო საჩუქრადო, მოაგვარებინა და აღარ გადადგა“ - მეუფე პეტრე ცაავა

"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...

საზოგადოება 1776401796

კალაძე
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს“ - კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...

პოლიტიკა 1776399699

კალაძეე
„რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...

პოლიტიკა 1776398675

კალაძე ზურაბიშვილი
„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა“ - კახა კალაძე

„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...

პოლიტიკა 1776398624

კალაძე
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს“ - კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.   ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...

პოლიტიკა 1776398354