საქართველოს ევროპული გზა გამოწვევების წინაშე: ევროკავშირის ელჩის შეფასებები და 2026 წლის ანგარიში
პოლიტიკა • 1793816160
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება კრიტიკულ ფაზაშია. ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ფართო საზოგადოებასა და მედიასთან შეხვედრებზე ვრცლად ისაუბრა იმ ძირითად შეფერხებებზე, რომელთა გამოც ქვეყნის ევროპული პერსპექტივა საფრთხეშია. ელჩის შეფასებით, მიუხედავად ქართველი ხალხის ურყევი ევროპული მისწრაფებებისა, ხელისუფლების ქმედებები და განხორციელებული პოლიტიკა ქვეყანას აშორებს ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს.
"ევროკომისიის მიერ დღეს წარდგენილი გაფართოების პაკეტი ნათლად აჩვენებს, რომ გაფართოების პროცესი წინ მიიწევს.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ახლახან ბრიუსელში განაცხადა, მიმდინარე წელს გაფართოების პროცესს უფრო მეტი შედეგი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს გასული 25 წლის განმავლობაში. ეს მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების ან მხოლოდ ევროკომისიის მიღწევა არ არის - ეს ასევე ჩვენი წევრი სახელმწიფოების მიღწევაცაა, რომლებმაც გაწევრიანების პროცესის თითოეულ ეტაპს დაუჭირეს მხარი.
გაწევრიანებისკენ წინსვლა კვლავ ობიექტური კრიტერიუმებითა და თითოეული ქვეყნის მიღწევებით განისაზღვრება, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საერთო ტემპს ფუნდამენტური პრინციპები განსაზღვრავს. 2026 წლის გაფართოების შესახებ პაკეტი ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
წინსვლა, რომელსაც წელს ვხედავთ, ასევე ხაზგასმით გვაჩვენებს ჩვენს კანდიდატ ქვეყნებს შორის არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებებს. ზოგიერთი წევრობის გზაზე არსებითად წაიწია წინ; სხვებში პროცესი ნელი იყო; ზოგიერთ შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, შემდგომი უკუსვლა ვიხილეთ. ეს განსხვავებები ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური არჩევანი.
გაფართოების პაკეტი ევროპის მომავალს ეხება. ის ასევე ეხება საქართველოს ადგილს ამ მომავალში.
გასული წლის განმავლობაში ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით არსებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველოს, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა და კვლავ ვერ იღებს სარგებელს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს.
მმართველი პარტია საქართველოში განაგრძობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმისა, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობის საშუალებით. უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამ უფრო მეტად და მკაცრად შეზღუდა სამოქალაქო სივრცე.
ხელისუფლების ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა გამოაცხადა; თუმცა ამ სწრაფვას ძირეულად ეწინააღმდეგება მისი სისტემატური მტრული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ, მანიპულაციური ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გავრცელება, ევროკავშირის ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელებაზე უარის თქმა. ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის საშუალებით საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს უქმნის საფრთხეს. როგორც ახლახან განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა, „საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ძლიერი დაპირისპირების გზაზეა“.
ამავდროულად, ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდაჭერა.
თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს კურსის შეცვლას და ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური პრინციპების - დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების - ერთგულებას დაუბრუნდება, ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შესაძლოა განახლდეს. საქართველომ თავად მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით და უნდა აჩვენოს, რომ წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ევროკომისიის თანმიმდევრული ანგარიშები გაფართოების შესახებ, ისევე როგორც დღეს გამოქვეყნებული ანგარიში, აწვდიდა საქართველოს ინფორმაციას, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.
ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
გასული წლის განმავლობაში საქართველოში ვითარება უფრო მეტად გაუარესდა: ვხედავთ დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას, კანონის უზენაესობის სწრაფ რღვევას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას.
ყოველივე ეს საქართველოს მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის შედეგია. არჩევანს მნიშვნელობა აქვს. არჩევანს შედეგები მოჰყვება.
ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის და დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების ერთგულებას დაუბრუნდება,
საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა კვლავ უცვლელია."- განაცხადა ელჩმა
ქვემოთ მოცემულია პაველ ჰერჩინსკის ძირითადი გზავნილები და ციტატები, რომლებიც ზუსტად ასახავს ევროკავშირის პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი ტენდენციები აჩვენებს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებთან. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება მის სამომავლო პერსპექტივებზე:
„საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მოაქვს რა დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ასევე, ხელს უწყობს რა სახელმწიფოს ძალაუფლების შემდგომ მითვისებას. ხელისუფლების მიერ გაცხადებული ნება, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ, ანტიევროპულ ნარატივებში, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში, რომლებიც ასუსტებს ევროპულ ღირებულებებს“
ევროკავშირის გაფართოების პაკეტი მკაფიოდ აჩვენებს განსხვავებას კანდიდატ ქვეყნებს შორის. ზოგიერთი სახელმწიფო წარმატებით მიიწინს წინ, ზოგიერთის პროგრესი კი შენელებულია ან რეგრესით ხასიათდება:
„გაფართოების პაკეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი გვაჩვენებს ძალიან მკაფიო სურათს, რომ გაფართოება წინ მიდის. [...] მიმდინარე უკუსვლა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რასაც ჩვენ აქ ვაკვირდებოდით გასული წლის განმავლობაში, ადასტურებს, რომ საქართველო, სამწუხაროდ, რჩება ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით და კვლავაც უარს ამბობს იმ უპირატესობებზე რომლებსაც იძლევა კანდიდატის სტატუსი და წინა მოლაპარაკებების ეტაპი.“
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, რომლებიც მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად, ევროპული დიპლომატიის მხრიდან უპრეცედენტო და სახიფათო ნაბიჯად ფასდება:
„არ მინდა ისეთ რამეზე სპეკულირება, რაც ჯერ არ მომხდარა. დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესს. [...] „საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძველს“. [...] ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომლებმაც საპარლამენტო ზღვარი გადალახეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, მათ შორის იმის, რომელიც პარლამენტში ზის, უპრეცედენტო იქნება ევროპის საბჭოს ისტორიაში“
ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა, თუმცა ყველაფერი თავად საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს, რომ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს:
„როგორც ეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან შეჯახების გზაზეა. ამავდროულად, ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კვლავაც მყარია. [...] თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ შეცვალოს თავისი კურსი და კვლავაც მხარი დაუჭიროს ფუნდამენტურ ღირებულებებს... საქართველოს ევროპული გზა კვლავაც აღდგება.“
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია დიალოგზე, თუმცა ბოლო წლებში მმართველი პარტიის მიერ წარმოებულმა რიტორიკამ ამ დიალოგს შინაარსი გამოაცალა:
„პრობლემა იმაშია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში მმართველმა პარტიამ ამ დიალოგს ყველანაირი შინაარსი გამოაცალა დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლით, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარით, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ყოველდღიური გაშავების კამპანიით ევროკავშირის წინააღმდეგ. რაზე ისაუბრებს ევროკავშირი, თქვენი მოლოდინით? ელით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები “დიფსთეითის” განმარტების განხილვას დაიწყებენ? ელით, რომ ჩვენ “გლობალური ომის პარტიის” შესახებ დიალოგში ჩავერთვებით? [...] ეს გაშავების კამპანია უნდა გაჩერდეს, რათა დიალოგი განახლდეს.“
ჟურნალისტებთან საუბრისას პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ უარყო რაიმე სახის მხარდაჭერა ძალადობრივი ქმედებების მიმართ და ისაუბრა შერჩევით დაკავებულ პირებზე:
„ორ წელზე მეტია, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგში ჩვენ ხაზს ვუსვამდით, თუ რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, რათა აღდგენილი იყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შერჩევით დაკავებული პირების გათავისუფლება არის ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი, ასევე ანტი-ევროპული რიტორიკა და ანტი-ევროპული პროპაგანდა... მკაფიოდ ვიმეორებ, ევროკავშირი არასდროს არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, მოლოტოვის კოქტეილების სროლას საქართველოსა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა და არასდროს მოხდება.“
ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ქვეყანას სჭირდება ევროპული და არა სხვა სტანდარტების კანონების მიღება:
„თუ საქართველოს სურს, რომ ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, რომლებიც ევროპულია - არა ამერიკული, რუსული, ჩინური ან ნებისმიერი სხვა - ევროპული კანონები. [...] ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას. [...] ყოველი მათგანი სულ უფრო და უფრო ზრდის დისტანციას ჩვენს, ევროკავშირსა, და საქართველოს შორის.“
დასასრულს, ელჩმა გამოეხმაურა თვითშეფასებებსა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებს შორის არსებულ ბუნებას:
„ეს მარტივი სიმართლეა, ეს ევროკავშირის გაფართოების საფუძველია. ევროკომისია აფასებს საქართველოს და არა პირიქით. გაწევრიანების პროცესი ნებაყოფლობით განცხადებას ეფუძნება. ევროკავშირის წევრობაზე ნებაყოფლობითი განცხადების შეტანით, ქვეყანა ეთანხმება ევროკომისიის ზედამხედველობასა და შემოწმებას. [...] ეს უკიდურესად დასანანია, მაგრამ ეს ყველა კანდიდატი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა.“
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










