თუ მართლა გიყვარს ქალაქი, პარკებს არ ყიდი - მათ იცავ. რეკრეაციულ სივრცეებს არ ამცირებ - აფართოებ. ქალაქს არ ართმევ - ქალაქს უბრუნებ - კალაძე
პოლიტიკა • 1785921000
თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს სპეკულაციად აფასებს.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის ცვლილების შესახებ.
კახა კალაძემ აქვე განაცხადა რომ სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, როგორც ეს დასაწყისშივე ითქვა და მოსახლეობას მოუწოდა, აღნიშნული სამუშაოების შესახებ სწორი ინფორმაცია მიიღონ მხოლოდ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისგან.
„ჩვენ 23 ივლისს დავიწყეთ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია. თავიდანვე ვთქვით, რომ ოთხი თვე დაგვჭირდებოდა, თუმცა გარკვეული მედიასაშუალებები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. ჩემი თხოვნა იქნება თბილისელებისთვის, არ ენდოთ თაღლითებს და ინფორმაცია მიიღეთ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისგან. ჩვენ აქტიურად გავავრცელებთ მხოლოდ სიმართლეს, რომ ხალხმა იცოდეს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები.
ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გააკეთა სიუჟეტი, თითქოს ჩვენ სამუშაოების შესრულების ვადა გადმოვწიეთ და ოქტომბერში უნდა დავასრულოთ. აქვე საუბრობდნენ, რომ სამუშაოები არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულდებოდა. არ ვიცი, რატომ უნდა გქონდეს მსგავსი დამოკიდებულება და რატომ უნდა ცდილობდე, მაყურებელი ამყოფო მუდმივად სიცრუეში, მითუმეტეს საკუთარი მაყურებელი, რაც ამ ტელეკომპანიას ჰყავს. როგორც გითხარით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, საგზაო ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სიცრუეა სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ თითქოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში მრავალწლოვანი ხეები მასიურად იჭრება და თბილისის მერია მწვანე სივრცეებს ანადგურებს.
„თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. გარდა ამისა, მიწის საფარის ნაწილის მოხსნის გამო, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე მრავალწლიან ჭადარს. გადაიბელა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ არსებული ჭადარიც. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ სამუშაოები სწორად და შეუფერხებლად წარიმართოს. აქ საუბარია იმ ხეებზე, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელების მიმდებარედ არის დარგული. იცით, რომ ჩვენ მიწისქვეშა გადასვლელებსაც რეაბილიტაციას ვუტარებთ. საჭიროა, რომ ტერიტორია მთლიანად გაიწმინდოს მიწისგან, რომ შესაბამისი სამუშაოები ჩატარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ეფუძნება სპეციალისტების დასკვნას. კერძოდ, თუ ხე დაავადებულია, გამხმარია და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ის უნდა მოიჭრას.
„რაც ყველაზე მთავარია, ყველა ასეთი გადაწყვეტილება ეფუძნება სპეციალისტების დასკვნას. თუ ხე დაავადებულია, გამხმარია და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვალდებულია, იმოქმედოს. ეს არის უსაფრთხოების საკითხი და არა პოლიტიკის. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი პოლიტიკური სპეკულაციის თემად აქციოს. ჩვენი პასუხი ყოველთვის იქნება საქმე, ფაქტები და კონკრეტული შედეგები. ქალაქის სიყვარული სიტყვებით არ იზომება. თუ მართლა გიყვარს ქალაქი, პარკებს არ ყიდი - მათ იცავ. რეკრეაციულ სივრცეებს არ ამცირებ - აფართოებ. ქალაქს არ ართმევ - ქალაქს უბრუნებ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ პოლიტიკას, რასაც მუნიციპალიტეტი 2017 წლიდან ახორციელებს, რომლის თანახმადაც, არცერთი რეკრეაციული სივრცე და სტადიონი არ სხვისდება კორპუსების ასაშენებლად. პირიქით, უკვე გასხვისებულის გამოსყიდვა ხდება.
„მინდა, საზოგადოებას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ შევახსენო: 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც თბილისის მერის პასუხისმგებლობა ავიღე, არც ერთი პარკი, არც ერთი სკვერი, არც ერთი რეკრეაციული სივრცე და არც ერთი სტადიონი არ გასხვისებულა იმისთვის, რომ იქ საცხოვრებელი კორპუსები აშენებულიყო. პირიქით, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც წლების განმავლობაში არავის გაუკეთებია - ქალაქს უკან ვუბრუნებთ იმ პარკებს, სკვერებს, რეკრეაციულ სივრცეებსა და სტადიონებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყო გასხვისებული. ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. ეს არის ორ განსხვავებულ მიდგომას შორის განსხვავება. ერთი მიდგომა იყო - გაყიდე ქალაქი, ჩვენი მიდგომაა - დაუბრუნე ქალაქი თბილისელებს. სწორედ ამიტომ ვაშენებთ ახალ პარკებს, ვქმნით ახალ რეკრეაციულ სივრცეებს, ვრგავთ ათასობით ხეს და ვაბრუნებთ იმ ტერიტორიებს, რომლებიც საზოგადოებამ წლების წინ დაკარგა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










