"მე ვხედავ ახალ ამომავალ მზეს დედამიწაზე, ტკბილ მანუგეშებელს მწუხარეთა და ტანჯულთათვის" - მართლმადიდებელი ეკლესია 19 დეკემბერს ნიკოლოზობას აღნიშნავს

რელიგია 1766119560

ნიკოლოზობა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 დეკემბერს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები, მირონიდან ბარში გადაასვენეს.

ადრეული ცხოვრება – ყრმობის სასწაულები

ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ის ქრისტეს შობიდან 257 წელს, ლუკიის ოლქის ქ. პათარში დაიბადა. მისი მშობლები – თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდეს.

წმინდა ნიკოლოზმა ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში გამოავლინა თავისი სასწაულმოქმედი ბუნება. დაიბადა თუ არა, მისი დედა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სენი ტანჯავდა, მსწრაფლ განიკურნა. ნათლობისას კი ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა. ოთხშაბათობით და პარასკევობით დედის რძეს მხოლოდ ერთხელ, საღამოობით ღებულობდა – მას შემდეგ, რაც მისი მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.

ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი. მთელ დღეს ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.

მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, რომელთაც მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მრავალ ადამიანს შეეწია. მას არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. ყოველივე ამას უჩუმრად, სხვებისაგან დამალულად აკეთებდა.

„მოულოდნელი საჩუქარი“

ერთმა თვალსაჩინო გვარის წარმომადგენელმა მთელი თავისი ქონება უბედურ გარემოებათა გამო დაკარგა და სიღატაკეში ჩავარდა. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა, სილამაზით გამორჩეულნი. მან გადაწყვიტა ქალიშვილების უბიწოება ლუკმა-პურის საშოვნელად გამოეყენებინა და უკვე მზადაც იყო ამის გასაკეთებლად, რომ შუაღამისას წმინდა ნიკოლოზმა ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა შეუგდო.

დილით კაცმა რომ სასთუმალთან ოქროთი სავსე ქისა იპოვა, ტირილი დაიწყო, ღმერთს მადლობა შესწირა, საქმეები გამოასწორა და უფროსი ქალიშვილიც კარგად გამზითვებული გაათხოვა. ეს რომ წმინდა ნიკოლოზმა შეიტყო, გახარებულმა გადაწყვიტა მეორე ქალიშვილის ბედიც ასე მოეწყო. ისევ უჩუმრად შეუგდო კაცს ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა.

დილით მოხუცმა ქისა რომ დაინახა, მუხლებზე დაემხო და ღმერთს შეჰღაღადა:

– ღმერთო, რომელმაც საკუთარი სისხლით გამოგვისყიდე, ახლა ჩემი ქალიშვილებიც შეიწყალე, მაჩვენე ის მიწიერი ანგელოზი, რომელმაც გვიხსნა ცოდვისაგან, ცუდი განზრახვისაგან.

მამამ მეორე ქალიშვილიც კარგად გაათხოვა. მერე კი მღვიძარებაში ატარებდა ღამეებს, რადგან გრძნობდა, არც მესამე ქალიშვილს დააკლებდა უცნობი მფარველი თავის წყალობას. ერთ ღამესაც, როცა ნიკოლოზმა კვლავ გააღო ფანჯარა და ქისა შეაგდო ოთახში, მოხუცი გაეკიდა, იცნო ნიკოლოზი, დაემხო მის ფეხებთან და ცრემლებით მმადლობდა. წმინდა ნიკოლოზმა წამოაყენა და მოხუცი და სთხოვა არავისთვის ეთქვა ეს ამბავი. 

„ზღვის დაწყნარება“

ერთხელ  წმინდა ნიკოლოზი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად. გემი ეგვიპტის ნაპირებს რომ მიუახლოვდა, ნიკოლოზმა აუწყა თანამგზავრებს ქარიშხლის მოახლოება. მართლაც მალე დაუბერა ძლიერმა ქარმა, ზღვა აღელდა, ცა ტყვიისფერი ღრუბლებით დაიფარა და ამოვარდა ძლიერი ქარიშხალი. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო გემის დაღუპვა. ყველა წმინდა ნიკოლოზს ევედრებოდა შველას. მაშინ დაემხო წმინდანი მუხლებზე და იწყო გულმოდგინე ვედრება. ქარი უეცრად ჩადგა, ცა განათდა და ზღვაც დაწყნარდა. ყველა განაცვიფრა ნიკოლოზის საკვირველთმოქმედმა ძალამ. მერე ყველამ ერთად მადლობა შესწირა ღმერთს.

ამ დროს მგზავრი, რომელიც შიშისაგან ანძაზე ასულიყო, ჩამოვარდა და ძირს დაენარცხა, მაგრამ წმინდა ნიკოლოზის ლოცვებით ისე აღსდგა, არანაირი ტკივილი არ უგრძვნია.

რატომ მოიაზრება წმინდა ნიკოლოზი „სანტა კლაუსად“

ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. მე-10 საუკუნეში ქალაქ კიოლნის საკათედრო ტაძარში სამრევლო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველ 6 დეკემბერს, ახალი სტილით 19 დეკემბერს- წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, ხილისა და ნამცხვრების დარიგება დაიწყეს. გადმოცემის თანახმად, წმინდა ეპისკოპოსს, რომელიც ღამღამობით სტუმრობს სახლებს, დამჯერი ბავშვებისთვის საჩუქრები მოაქვს, ხოლო ონავრებისთვის – წკეპლები, რითაც კიდევ ერთხელ ახსენებს მათ კარგი საქციელის საჭიროების შესახებ, ამიტომ ბავშვები დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე ცდილობენ, აღარ იცელქონ. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს „საეპისკოპოსო“ თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.

მე-16 საუკუნეში რეფორმაციამ ეკლესიათა ლიტურგიიდან გამორიცხა წმინდანთა თაყვანისცემა, თუმცა დამკვიდრებული ტარდიციები ვერ აღმოფხვრა. კათოლიკურ ქვეყნებში დღემდე შემორჩა წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული, რასაც აღნიშნავენ 6 დეკემბერს, ხოლო პროტესტანტულ ქვეყნებში სასწაულთმოქმედმა ეპისკოპოსმა რამდენიმე სხვა პერსონაჟის სახე მიიღო, რომელიც კვლავინდებურად ანიჭებს სიხარულს ბავშვებს.

წმინდა მღვდელმთავრის ვიზუალური სახეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. წითელი ტანისამოსი, რომელიც თანამედროვე სანტას აცვია, სინამდვილეში წმ.ნიკოლოზისთვის იყო დამახასიათებელი. ეს ეპისკოპოსის ფორმის ფერია. ოფიციალურად სანტა კლაუსის (და არა წმ.ნიკოლოზის) ვიზუალური სახე პირველად მე-17 საუკუნეში, ინგლისში გამოჩნდა.

მზადყოფნა ადამიანთა ვედრების  შესასმენად

წმინდა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და IV საუკუნის შუა წლებში მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მრავალ სნეულს ჰკურნავდა. 1087 წელს ეს უდიდესი სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს. დღესდღეობით ქალაქ ბარში რამდენიმე ათასი ქართველი ემიგრანტი  ცხოვრობს.

არსებობს ერთი ბერძნული ფრესკა, სადაც სხვა წმინდანებთან ერთად წმინდა ნიკოლოზიც არის გამოსახული. მას ხელი ყურთან აქვს მიტანილი და ოდნავ გადმოხრილია მიწისკენ. ამით ხატმწერმა გამოხატა წმინდა ნიკოლოზის მუდმივი მზადყოფნა, შეისმინოს მორწმუნეთა ვედრება და დაეხმაროს მათ.

წმინდა ნიკოლოზის სახელთან უამრავი სასწაულია დაკავშირებული. იგი იყო და არის უსამართლოდ დევნულთა და გაჭირვებულთა განსაკუთრებული მფარველი. არ დაგავიწყდეთ, რომ წმინდა ნიკოლოზი მსწრაფლშემწეა და მუდმივად ახდენს სასწაულებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355