სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე

რელიგია 1775936306

მეუფე შიო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!ქრისტე აღდგა!

დღეს ხარობს და ზეიმობს სამყარო! მხსნელი სოფლისა, დასაბამი და წყარო სიცოცხლისა, მაცხოვარი ჩვენი აღდგა მკვდრეთით და შემუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისა! აღდგა უფალი, დაიმსხვრა საკვრელნი ბოროტებისა და განქარდა ძალი ეშმაკისა!

აღდგა უფალი და მოეფინა მარადიული ნათელი ყოველსა ქვეყანასა ზედა! აღდგა უფალი ღმერთი ჩვენი და სიყვარულმა განაღო ყოველი დახშული და კაცთათვის განუხსნელნი კარნი!

დღეს განეცხადა კაცობრიობას გონებამიუწვდომელი საიდუმლო, აღდგომა მაცხოვრისა, ლოდსაკიდური ჩვენი რწმენისა, რამეთუ ბრძანებს მოციქული პავლე: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი“ (1 კორ. 15,17).

დღეს ჩვენ გამო განკაცებული, ჯვარცმული და საფლავად დადებული მაცხოვარი მკვდრეთით აღადგენს კაცობრივ ბუნებას, შემუსრავს ჯოჯოხეთის ძალაუფლებას და ცოდვის ტყვეობისგან გამოხსნილ ადამიანს კვლავ დასაბამიერ, სამოთხისეულ ნეტარებას აზიარებს.

დიდია ამ მოვლენით გამოწვეული სიხარული, ზეიმობს მოაზროვნე ქმნილება და ყველა ერთად წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებთან თანახმიერნი ვღაღადებთ: „დღეს მიეცემა ხსნა სოფელს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, თანააღდექით!.. გათავისუფლდით ცოდვის ბორკილებისგან! ჯოჯოხეთის ბჭენი განიხსნება და სიკვდილი შეიმუსრება, ძველი ადამი განიშორება და ახალი განსრულდება“ (თექვსმეტი სადღესასწაულო სიტყვა. სიტყვა XLV).

ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლადმოწყალე უფალს, ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28).

თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი...

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს... არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად, განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუძღოდა ერს, ამხნევებდა დაცემულს, აერთიანებდა განბნეულს და უფლისკენ მოაქცევდა მათ გულებს; მისი სიტყვა და ლოცვა იყო ის სვეტი, რომელმაც ერს გზა უჩვენა სულიერი ტყვეობიდან გამოსვლისას (გამოს. 13, 21).

უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი სწავლებები, მისი ღვაწლი დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში, რომელთა ღვთისკენ მიმართული გულები ერთობით ადიდებს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს... ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა და კიდევ მრავალი დაიწერება მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ალბათ ყველაზე ძვირფასი, რაც მისმა უწმინდესობამ მოიმუშაკა, არის ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი სათნოება – სიყვარული. სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და რწმენის ნაყოფია ის სასწაული, რაც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში ვიხილეთ. მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით...

ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! ვმადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა... სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება.დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება!

მაშ, განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი, რამეთუ „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთარს შევეტკბოთ… და ესრეთ ღმრთივბრწყინვალედ ღაღადვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა“ (ზატიკი).

ქრისტე აღდგა!

თბილისი

აღდგომა ქრისტესი, 2026 წელი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178