სამართალი • 1738683778
დიდი ოდენობით ნარკოდანაშაულის საქმეზე მხილებული პოლიცია
გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული პირადი ჩხრეკა
შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, თბილისში, საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.
მ.ნ. დაახლოებით დილის 11:00 საათზე შინ ბრუნდებოდა, როდესაც სადარბაზოსთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ორი პირი უკნიდან მიეპარა და ხელებით გააკავა.
სულ მალე, მასთან მივიდა კიდევ ერთი პირი და განუცხადა, რომ ისინი იყვნენ თბილისის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს თანამშრომლები და ჰქონდათ დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით მისი პირადი ჩხრეკის შესახებ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, დადგენილებას საფუძვლად პოლიციის პატაკი ედო.
დაკავებული ამ დროს მიხვდა, რომ პოლიცია მისთვის რაღაცის “ჩადებას” გეგმავდა და მოუწოდა პოლიციას, ეწარმოებინათ ვიდეოგადაღება, თუმცა, უშედეგოდ.
საქმის ადვოკატი საბა ხელაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: “დაახლოებით 11:05 საათზე პოლიციამ დაიწყო მისი პირადი ჩხრეკა და დაკავებულს ჯიბეში რომ ვერაფერი უპოვა, შორიახლოს მდგომ თეთრი ფერის “შკოდამდე” მიიყვანა და მანქანაში ჩატენა, სადაც იგი, დაახლოებით 2 საათი და 20 წუთი ჰყავდათ.”
როგორ გააყალბეს მტკიცებულებები პოლიციელებმა?
ადვოკატი აცხადებს, რომ ამ დროის განმავლობაში, მანქანაში მას ჯიბიდან ამოულაგეს ყველაფერი, მათ შორის, ლურჯი ფერის ცხვირსახოცი, რომელიც მანქანაში მსხდომმა პოლიციელებმა გარეთ მდგომ პოლიციელს მიაწოდეს. სწორედ ამ პოლიციელმა გაახვია ნარკოტიკი ცხვირსახოცში და უკან, მანქანაში, შეაწოდა იქ მსხდომთ.
პოლიციამ ნარკოტიკულ საშუალებაზე გადაიტანა დნმ-ბიოლოგიური პროფაილი და ჭურჭელზე, რომელშიც ნივთიერება იყო, - ნათითურები. ეს ჭურჭელი კვლავ გაახვიეს ცხვირსახოცში და მას ჩაუდეს ქურთუკის გარე მარჯვენა ჯიბეში.
მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარეს მოგვიანებით ბიოლოგიური და დაქტილოსკოპური ექსპერტიზა არ დაუნიშნავს.
ხელახალი ინსცენირებული ჩხრეკა და “ჩადებული” წამლის ამოღება
ამის შემდეგ, ის გადმოიყვანეს მანქანიდან, შეიყვანეს ჩიხში და დაიწყეს რიგით მეორე, ამჯერად უკვე ინსცენირებული, პირადი ჩხრეკა, ამ დროს გადაიღეს პროცედურის ამსახველი ვიდეოფაილი, რათა სასამართლოზე წარედგინათ ნეიტრალური მტკიცებულება, რომ მას ნამდვილად ამოუღეს ჯიბიდან ნივთიერება, რომელიც, შემდგომ დიდი ოდენობის ნარკოტიკი აღმოჩნდა.
პირადი ჩხრეკის ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ დაკავებულს დეტექტივმა მართლაც ამოუღო ცხვირსახოცში გახვეული ნარკოტიკული საშუალება.
პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმების გაყალბება.
ხელაშვილის თქმით, რიგით მეორე, ინსცენირებული, ჩხრეკის მიმდინარეობისას, რომელიც, სინამდვილეში, შუადღის დაახლოებით 13:20-13:40 საათზე წარმოებდა, გამომძიებელმა შეადგინა პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროდ 11:05 საათი, ხოლო, დასრულების დროდ, - 11:15 საათი მიუთითა, ანუ, ის დრო, როცა პირველად გაჩხრიკეს დაკავებული.
ამის შემდეგ, გამომძიებელი აფორმებს დაკავების ოქმს, სადაც აღნიშნულია, რომ მ.ნ. დააკავეს 11:16 საათზე, ხოლო, განყოფილებაში მიიყვანეს 12:35 საათზე, რასაც, ხელმოწერით ადასტურებს პოლიციის უფროსის მოადგილე 2 წუთის შემდეგ, 12:37 საათზე.
როგორ გაება პოლიცია საკუთარ დაგებულ მახეში?
ადვოკატი აღნიშნავს: “პირადი ჩხრეკის ვიდეო 635 წამისგან შედგებოდა და ჩიხში იყო გადაღებული, სადაც არც მოწმე და არც ვიდეოსათვალთვალო კამერაა. ირგვლივ იყო დაახლოებით 12 პოლიციელი და დაკავებული.
საქმეში არ მოიპოვებოდა არც ერთი გამამართლებელი მტკიცებულება: არც მოწმე, არც ვიდეოჩანაწერები. არამედ, არსებობდა მხოლოდ 12-მდე პოლიციელისა და რამდენიმე ექსპერტის ჩვენებები და უამრავი პირდაპირი მტკიცებულება.
გარდა ამისა, პოლიციამ ვიდეოფაილი პროგრამულ რედაქტირებაში გაატარა, რითაც განადგურდა ვიდეოს გადაღების დაწყებისა და დასრულების ფაქტობრივი დროები და მისი აღდგენა ექსპერტიზითაც შეუძლებელი გახდა.
თუმცა, მომაფიქრდა, რომ პოლიციელებს, შესაძლოა, ვიდეოში მაჯის საათები კეთებოდათ ხელზე. საათების პოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდებოდა იმის გამოთვლა და დამტკიცება, ზუსტად როდის დაიწყო პოლიციამ ვიდეოს გადაღება და როდის დაასრულა.
მოლოდინმა გაამართლა. 635-წამიან ვიდეოში, 339-ე წამზე გაიელვებს გამომძიებლის ციფრული მაჯის საათი, რომელიც აჩვენებს რეალურ დროს 13:34:40 საათის მდგომარეობით, რის შემდეგაც გამიჩნდა კიდევ ერთი მოლოდინი, რომ შესაძლოა, კვლავ გამოჩენილიყო სხვა საათი.
მოლოდინმა აქაც გაამართლა. ვიდეოს 275-ე წამზე გაიელვებს ამჯერად უკვე დეტექტივის ისრებიანი მაჯის საათი, რელიც აჩვენებს დროს 13:33:36 საათის მდგომარეობით.
ამით შესაძლებელი გახდა დადგენილიყო 2 მნიშვნელოვანი გარემოება: 1. ემთხვეოდა თუ არა ეს ორი მაჯის საათი ერთმანეთს; 2. როდის დაიწყო და დასრულდა ვიდეოს გადაღება რეალურ დროში.
ემთხვეოდა თუ არა მაჯის საათები ერთმანეთს?
გამოთვლის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 275-ე წამზე გაელვებული დეტექტივის საათი წამი წამში ემთხვეოდა 339-ე წამზე გაელვებულ გამომძიებლის მაჯის საათს. კერძოდ, 339-ე და 275-ე წამებს შორის სხვაობა 64 წამია(339-275=64), ხოლო თუ საათები სწორი იყო, პირველ საათს 13:33:36, ხოლო, მეორეს, - 13:34:40 საათი უნდა ეჩვენებინა. ეს კი ცალსახად ასე მოხდა.
როდის დაიწყო და დამთავრდა სინამდვილეში გადაღება?
ასევე, გამოთვლის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოს გადაღება პოლიციამ დაიწყო 13:24:05 საათზე და დასრულდა 13:45:15 საათზე.
“ამრიგად, უტყუარად დადასტურდა, რომ ოქმებში მითითებული დროები იყო სიცრუე, ხოლო, მტკიცებულებათა გაყალბებაში მთელი განყოფილება იღებდა მონაწილეობას.” - აცხადებს საბა ხელაშვილი.
როგორ მუშაობს მტკიცებითი ცენზი?
რამდენადაც საბა ხელაშვილისთვის ცნობილია, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პირადი ჩხრეკის ვიდეო საქმეში აღმოჩნდა პირის გამამართლებელი ერთადერთი მტკიცებულება.
რამდენადაც საზოგადოებას მოეხსენება, 2020 წლის 25 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე “გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, ცნობილი, როგორც “ბირჟა მაფიას საქმე”, არაკონსტიტუციურად ცნო საერთო სასამართლოების მთელი რიგი უკანონო პრაქტიკები, მათ შორის, ის პრაქტიკა, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე.
შედეგად, პოლიციას, სასამართლოსა და პროკურატურას, სამივეს, დაუწესდა მტკიცებითი ცენზი - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები საკმარისი არაა და საჭიროა, ბრალდებამ მოიპოვოს ნეიტრალური მტკიცებულებები, მაგალითად, ჩხრეკის ამსახველი ვიდეოფაილი.
საბა ხელაშვილი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ცენზისა, პოლიციამ იპოვა მტკიცებულებათა “ჩადების” ახალი გზები, მოსამართლეები კი პროგრესს ვერ განიცდიან - ისინი კვლავ “პრაქტიკაში ასეა-ისეათი” ასაბუთებენ გადაწყვეტილებებს მათ სასარგებლოდ.
სასამართლო პრაქტიკა - გამოგონილი ტერმინი უკანონობების დასასაბუთებლად.
საბა ხელაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ვიდეოგადაღების სავალდებულო ხასიათისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიცია ამას არ აკეთებს.
ერთი მხრივ, ამას პოლიცია იმით ხსნის, რომ მათ ჩხრეკაზე დასასწრებლად მიჰყავთ შსს-ს თანამშრომელი ნარკოლოგიური ექსპერტი, როგორც ნეიტრალური მოწმე და, ამდენად, გადაღების საჭიროება აღარ წარმოიშვება.
მეორე მხრივ, პოლიცია ხშირად არ იღებს ვიდეოფაილს და ამას ხსნის იმით, რომ ბრალდებულმა მათ ჩხრეკისას წინააღმდეგობა გაუწია და ვერ მოახერხეს ვიდეოს გადაღება.
გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც პოლიცია ჯერ უდებს ნარკოტიკულ საშუალებას ან იარაღს პირს, ხოლო შემდგომ ატარებს პირად ჩხრეკას და იღებს ვიდეოს. ამ შემთხვევაში სწორედ ეს მეთოდი გამოიყენა პოლიციამ.
"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - ამ სათაურით აქვეყნებს "აი ფაქტი" ვრცელ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ქონების გადმოზიდვისა და ქართული ეკ...
პოლიტიკა • 1739805198
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს. „[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველ...
პოლიტიკა • 1739804012
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება....
ბიზნესი & ეკონომიკა • 1739800834
„გიორგი გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ, რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" [კვერცხები], „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის.იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ლაპარაკობს... აღარ გვჯერა იმიტომ,...
პოლიტიკა • 1739800689
„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და არც არავის დააინტერესებდა“ - გურამ მაჭარაშვილი
პოლიტიკა • 1739800593
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, კავშირში არაა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იყო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1739800408
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი