თავდასხმა გიორგი ონანაშვილზე - პირადი თუ პოლიტიკური შურისძიება?!

ონანაშვილი

ხელისუფლების ცვლილებამ ქვეყანაში, კანონი და ადამიანების უფლებების დაცვა, სამართლიანობა და თავისუფალი ნება თავდაყირა დააყენა.

ახლა გიამბობთ ამბავს, რომელიც პირდაპირ მიგვითითებს ადამიანის უფლებების შელახვაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, მხოლოდ იმიტომ რომ ეს ადამიანები ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები და თანამოაზრეები იყვნენ.

რედაქციაში ანონიმური ზარი შემოვიდა, რომელიც წინა ხელისუფლების მხარდამჭერი და თავად მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრის გიორგი ონანაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხებოდა.

გარდა იმისა, რომ თავად გიორგი ონანაშვილი პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, ის ასევე არის სიღნაღის პოლიციის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ონანაშვილის შვილი.

აღნიშნულ თანამდებობას, ალექსანდრე ონანაშვილი, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იკავებდა.

ახლა კი მივყვეთ თავდასხმის დეტალებს.

"ნიუპოსტი" მოწოდებული ინფორმაციით დაინტერესდა და ფაქტის გარკვევა დაიწყო.

პირველ რიგში, რედაქცია პოლიციის მაღალ ჩინოსანს ალექსანდრე ონანაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც შვილზე თავდასხმის ფაქტი დაადასტურა, თუმცა კითხვებზე - თუ ვინ დაესხა თავს, რა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და ახლა სად იმყოფებოდა დაზარალებული - ამ დეტალებზე პოლიციის ყოფილმა უფროსმა საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ

შვილთან არც თავად უსაუბრია ჯერჯერობით .

ცემის შემდეგ გიორგი ონანაშვილი ახლობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,მე ჯერჯერობით არ მაქვს უტყუარი ინფორმაცია, თუ ვინ დაესხა თავს ჩემს შვილს, ვინ სცემა და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

რა თქმა უნდა , მე კი მაქვს ვარაუდი და ჩემი ვერსია, მაგრამ ახლა უმთავრესი გიორგის ჯანმრთელობაა. როგორც კი მომჯობინდება და საუბარს შეძლებს, ყველაფერს გავარკვევ. " - განაცხადა ,,ნიუპოსტთან" საუბარში ყოფილმა ჩინოვნიკმა ალექსანდრე ონანაშვილმა.

"ნიუპოსტი" დეტალების გარკვევას შეუდგა.

რედაქცია, გიორგი ონანაშვილის გარემოცვას - ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს დაუკავშირდა.

გაირკვა, რომ თავდასხმა სოფელ ტიბაანის გზაზე, 19 სექტემბერს ღამის საათებში, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. მომხდარის შემდეგ გიორგი თავის მეგობარს ლევან საბელაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

კერძოდ კი უთხრა, რომ მძიმედ იყო ნაცემი, ასევე მას საკუთარი ავტომობილი წაართვეს და სოფლის გზაზე დატოვეს.

ამის შემდეგ ლევან საბელაშვილმა სხვა რამდენიმე მეგობარს დაურეკა, მომხდარის შესახებ ამცნო და მეგობრები გიორგის წამოსაყვანად წავიდნენ.

ლევან საბელაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:

"გვიანი იყო, დაახლოებით ღამის 12 საათი იქნებოდა, როდესაც გიორგიმ დამირეკა. ძლივს საუბრობდა, სუნთქვა მიჭირსო მითხრა, მცემეს, მანქანაც წამართვეს და გზაზე დამაგდესო. მომაკითხეთ, რომ წამიყვანოთო. რამდენიმე მეგობარს დავურეკე და წავედით გიორგისთან.

მართლაც, ძალიან იყო დაშავებული, ცხვირ-პირი დასისხლიანებული ჰქონდა, სახე არ უჩანდა, ფეხზე ვერ ვდგებიო გვითხრა და გვერდებზე ხელს იდებდა, მტკივაო.

რომ ვკითხე, დაჭრილი ხომ არ ხარ, მითხრა არა იარაღი არ გამოუყენებიათ, მაგრამ მძიმე რაღაცებს მირტყამდნენო. სასწრაფო დახმარების გამოძახება გვინდოდა, მაგრამ თავად გიორგიმ გთხოვა დრო არ დაგვეკარგა სანამ სასწრაფო მოვიდოდა და ჩვენივე მანქანით სიღნაღის ცენტრალურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ."

ჟურნალისტის შეკითხვაზე - დაზარალებულს ხომ არ უთქვამს თუ ვინ დაესხა თავს, ლევან საბელაშვილმა გვიპასუხა, რომ გიორგის ადრეც დახვდნენ, სცემეს, მაგრამ მაშინ ასეთი მძიმე დაზიანებები არ მიუყენებიათ, ახლა კი სასტიკად გაუსწორდნენ.

"დაზუსტებით მე ვერ ვისაუბრებ, სჯობს თავად გიორგიმ გიამბოთ. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გიორგის მამას პრობლემები აქვს ახლანდელ ხელისუფლებასთან.

შარშანაც, გიორგის თავს დაესხნენ. ღამე სახლთან დახვდნენ... მაშინაც სცემეს, მაგრამ ახლა სასტიკად იყო ნაცემი. თვალის არეში და სახეზე რამდენიმე ნაკერი დაადეს, მუცლის არეში ჩალურჯებები აქვს, როგორც ექიმმა გვითხრა მძიმე საგნით დაზიანებები მიაყენეს.

ვინ არიან და რას ითხოვენ გიორგისგან, დეტალები არ ვიცი.

მე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რაც გიორგისგან ვიცი.

მამამისს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და მათთან დაახლოებულ პირებთან აქვს პრობლემა. კერძოდ, თამაზ თამაზაშვილთან. დანარჩენი დეტალები ჩემთვის უცნობია. " მეტი კონკრეტიკისგან ლევან საბაშვილმა თავი შეიკავა. ცხადია, ადგილი აქვს შიშს, დაუცველობას და ადამიანის უფლებების მკაცრ შეზღუდვას.

არც დაზარალებულებს და არც მათ ახლობლებს,

უსაფრთხოების გარანტია არ აქვთ! ვინ არის თამაზ თამაზაშვილი, სანამ ამაზე გადავალთ, მივყვეთ ჟურნალისტური გამოძიების ქრონოლოგიას.

"ნიუპოსტი" შეეცადა სიღნაღის საავადმყოფოში გაერკვია, რა ჩივილებით შემოვიდა პაციენტი გიორგი ონანაშვილი და როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 2018 წლის 19 სექტემბრის მორიგე ექიმმა თამარ ბიაშვილმა, რომელმაც ნაცემი პაციენტი მიიღო "ნიუპოსტთან" პირად საუბარში განაცხადა, რომ გიორგი ონანაშვილი თანმხლები პირებმა კლინიკაში სასტიკად ნაცემი, მთელ სხეულზე და განსაკუთრებით სახის არეში მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს.

"დიახ, გიორგი ონანაშვილი წუხელ გვიან მივიღეთ. მას მიყენებული აქვს განძრახ სხეულის დაზიანებები. განსაკუთრებით, ჭრილობები აღენიშნება თავისა და სახის არეში.

ასევე პაციენტი შემოვიდა გულ-მკერდის ტრავმით, რამაც გამოიწვია წინა ნეკნის დაზიანება.

სხეულზე აღენიშნება რამდენიმე ჩალურჯება. უჭირდა სუნთქვა. მედიკოსების მხრიდან, ჩაუტარდა საჭირო გამოკვლევები, გავუწიეთ პირველადი აუცილებელი დახმარება. ცალსახად, შეიძლება ვთქვათ, რომ დაზიანებები მიყენებული აქვს ბლაგვი საგნის გამოყენებით.

პაციენტი გიორგი ონანაშვილის მდგომარეობა დღესდღეობით სტაბილურია და ვაგრძელებთ მკურნალობას. " - აცხადებს ექიმი თამარ ბიაშვილი.

დაიწყო თუ არა გამოძიება, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე ამაზე საავადმყოფოში ვერ გვპასუხობენ, რადგან გამომძიებელი მათ არ უნახავთ.

მოგვიანებით, ჟურნალისტი კვლავ დაუკავშირდა პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ალექსანდრე ონანაშვილს და შვილის შესახებ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა. თუნდაც ის, თუ რატომ არ შეიტანეს ჯერ კიდევ საჩივარი პოლიციაში და რატომ არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული? ალექსანდრე ონანაშვილი განმარტავს, რომ მისი შვილის მიმართ ადგილი აქვს პირად ანგარიშსწორებას, რომელმაც უკვე პოლიტიკური დევნის ხასიათი მიიღო და ასეთ პირობებში ვერც გამომძიებელი და ვერც პროკურორი, ვერც მოსამართლე ვერ იმოქმედებს სამართლის ფარგლებში, რადგან მერე მათაც დასჯიან.

- რა აზრი აქვს საჩივრის დაწერას, თუ კი არ ვენდობი არც პოლიციას, არც გამომძიებელს, არც პროკურატურას და არც სასამართლოს?!

ჩემი შვილი უკვე მეორედ სცემეს, მეორედ დაესხნენ თავს. პირველად, რომ ვუჩივლეთ იმაზეც კი არ აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე, ვითომ იმ მიზეზით , რომ საკმარისი საფუძველი არ არსებობდა. - არც ახლა არსებობს?

- ახლაც იმავეს იტყვიან. ამ ხელისუფლების პირობებში, სრულიად ხარ მოკლებული სამართალს.

- პირადი მტრები გყავთ?

- ყველა "პირადი მტერია" თუ "ნაციონალური მოძრაობის" დროს თანამდებობაზე იყავი.

მე მებრძვიან იმიტომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სიღნაღის პოლიციის უფროსი გახლდით.

"ქართული ოცნება" მოვიდა თუ არა ყველამ იცის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დევნა დაიწყო.

2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ თანამდებობიდან გამათავისუფლა. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლებამ სისტემატური ხასიათი მიიღო.

მე პოლიციის მაღალჩინოსანი ვიყავი, ამიტომ მოსალოდნელი იყო ჩემი თანამდებობიდან გაშვება.

მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

ჩემი შვილი გიორგი ონანაშვილი, არც პოლიციაში მუშაობდა, არც კრიმინალებთან აქვს რამე საქმე, არც პოლიტიკასთან. მას თავისი პატარა ბიზნესი აქვს ტურიზმის სფეროში.

ვის რას უშავებს?! ნათელია, მას უსწორდებიან ჩემი პირადი მტრები, რომლებსაც პირადი მოტივები და შურისძიება ამოძრავებთ.

- ვინ არიან ისინი? - მათი სახელები და გვარების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან არ მჯერა, რომ ამ სტატიით და ჟურნალისტური გამოძიებით ჩემი შვილის დაცვას შეძლებთ.

ასე განაცხადა ჟურნალისტთან საუბარში ალექსანდრე ონანაშვილმა. ,,ნიუპოსტის" ჟურნალისტი შეეცადა ,,ცხელ კვალზე" კლინიკაშივე მოენახულებინა სასტიკად ნაცემი გიორგი ონანაშვილი და მისგან გაგვერკვია კონკრეტულად თუ ვინ სცემა, რატომ დევნიან მამის გამო და რას ითხოვენ "ხელისუფლებაში მყოფი მტრები" მისგან.

მართალია, გიორგისთან ვრცელი ინტერვიუ ამ ეტაპზე ვერ ჩავწერეთ, თუმცა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ მაინც გვიამბო.

"ჩვენი სოფლიდან ვბრუნდებოდი ჩემი მანქანით, ღამე იყო როდესაც "ოპელის" მარკის მანქანამ გზა გადამიკეტა.

სამი ადამიანი მანქანიდან გადმოხტა ხელკეტებით, არ ვიცი რა ჰქონდათ, ჯოხი, აშკარად არ იყო, უფრო მძიმე რაღაც ეჭირათ.

მათგან ორი ვიცანი, მეზობელი სოფლიდან არიან. ერთი სანდრო ელოშვილი, მეორე დათუკაშვილი გიორგი. მესამეს არ ვიცნობ... გადმომათრიეს მანქანიდან და პირდაპირ გინება და ცემა დამიწყეს... მივხვდი, ვინც იყვნენ და რატომაც მირტყამდნენ, არაფრის გარკვევას და თხოვნას აზრი არ ჰქონდა.

შარშან, გიორგი დათუკაშვილი სახლთან დამხვდა, მაშინაც ჩემთვის ვიღაც უცნობი ახლდა და მაშინაც მცემეს, თუმცა უფრო იოლად გადავრჩი. მეზობელმა დაინახა და ყვირილი რომ დაიწყო, გაიქცნენ... - რა უნდათ, რას გერჩიან, რას ითხოვენ თქვენგან?

- ჩემგანაც იმავეს ითხოვდნენ, ინფორმაციას. უნდა გამერკვია ვინ რა ქონება დააგროვა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა თუ მოდიოდნენ ჩვენთან სახლში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისთან მეგობრობდა მამაჩემი, რამე საინტერესოს ხომ არ ვეტყოდი და ა.შ. ინფორმატორობას ითხოვდნენ.

მამაჩემი სიღნაღში, პოლიციის უფროსი იყო, როდესაც თამაზ თამაზაშვილი სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიჭირეს... როდესაც ხელისუფლება შეიცვალა ახალმა მთავრობამ თამაზაშვილი საპატიმროდან გაათავისუფლა.

თამაზ თამაზაშვილის სიძე ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე დიდი გავლენებით სარგებლობდა. თავად, თამაზაშვილი კი "მეფე" იყო.

მამაჩემზე ზეწოლა კი მაშინ დაიწყო, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. თამაზაშვილმა გადაწყვიტა შურისძიება. კერძოდ, გაბრაზებული იყო და პირად საუბრებში მამაჩემს აგინებდა, რომ არ დაიცვა ის როდესაც პოლიციის უფროსი იყო. არ გამოიყენა თავისი გავლენები და თამაზაშვილის დაპატიმრებას ხელი არ შეუშალა.

ეს ხმები და საუბრები ჩვენს ოჯახამდე მოვიდა. მამაჩემს შემოუთვალეს, რომ წარსულზე პასუხს აგებინებდნენ. დაიწყეს იმით, რომ მამას იმ თანამშრომლებზე და მაღალი თანამდებობების პირებზე სთხოვდნენ ინფორმაციას, რომლებიც წინა ხელისუფლებაში მუშაობდნენ.

იყო გაფრთხილება, მუქარა, სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლა...

ეუბნებოდნენ დასაჭერი ხალხის სია გადმოგვეცით და ასევე მათი ქონების შესახებ ყველა ინფორმაცია მოგვიტანეო. თუ არადა გამოგონილი ბრალდებებით მამაჩემს ჩასვამდნენ ციხეში.

როგორც ჩანს, მამაჩემმა მათთან არ ითანამშრომლა, რადგან ეს მუქარები პერიოდულად მიდიოდა.

მოგვიანებით, 2015 წელს გაურკვეველი მიზეზით მე დამიბარეს პოლიციაში.

ამ დაბარებას არანაირი ოფიციალური და კანონიერი ფორმა არ ჰქონდა.

გამომკითხეს რას საქმიანობო, მამაშენი სად არისო, რამე ცუდი საქმეებს ხომ არ ჩადიხარო, ნარკოტიკებს ხომ არ მოიხმარო.

აშკარა იყო ცინიზმი და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდიოდა ჩემზე.

ბუნებრივია, მათ ძალიან კარგად იცოდნენ რომ არც ნარკოტიკებს მოვიხმარდი და არც უკანონობას არ ჩავდიოდი, თორემ ფაქტებით დამიჭერდნენ.

დამიბარეს და ეს კითხვები დამისვეს იმიტომ, რომ შემშინებოდა.

2017 წელს სახლთან დამხვდნენ. ახლა კი ეს თავდასხმა მოაწყვეს. ხვალ და ზეგ კიდევ რას იზამენ, არავინ იცის... "ნიუპოსტის" ჟურნალისტი არაერთგზის ეცადა დაკავშირებოდა თამაზ თამაზაშვილს. არც რედაქცია და არ თავად გამომძიებელი ჟურნალისტი არ ელოდებოდა ამ ფაქტის დადასტურებას, მაგრამ ყველა მხარის პოზიციის დაფიქსირება ჟურნალისტური ვალდებულება იყო.

თამაზაშვილთან საუბარი ჟურნალისტმა ვერ შეძლო. მიუხედავად ბევრი მცდელობისა ის კავშირზე არ გამოდის.

გიორგის ამბავი კი, სამწუხაროდ იშვიათი შემთხვევაა არ ყოფილა.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საზოგადოება ბევრს საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილის უკანონო გავლენებზე და მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის ე.წ. კლანზე.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახლდათ, მანამდე იყო პარლამენტის წევრი, ასევე იყო შს მინისტრი, მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი გახლდათ და პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე. ის დღემდე ინარჩუნებს გავლენებს და სიძის გავლენებით უსასრულო უფლებებით სარგებლობს თამაზ თამაზაშვილი.

არაერთი მსგავსი ისტორია მოუსმენია საზოგადოებას, რაც ალექსანდრე და გიორგი ონანაშვილებს გადახდა თავს.

საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს, ვინც ვერ ან არ გაიქცა სხვადასხვა არასაკმარისი ბრალდებებით ან სულაც შეთითხნილი ბრალდებებით დააკავეს და ეს ადამიანები დღეს საპატიმროში სრულიად უკანონოდ სასჯელს იხდიან.

რა ბედი ელის გიორგი ონანაშვილს, როგორ განვითარდება მოვლენები, იტყვის თუ არა გიორგის მამა - პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ალექსანდრე ონანაშვილი იმაზე მეტს, ვიდრე ახლა გვითხრა, დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები და როგორია "ქართული სამართალი", დაბრუნდება თუ არა გიორგისთვის ცხოვრება კანონის ფარგლებში - ამ ყველაფერს ჩვენი რედაქცია თვალს აუცილებლად მიადევნებს, რომ ფაქტები და მოვლენები საზოგადოებამ სრული სიცხადით მიიღოს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178