წერილი, რომელიც გაფართოებულ კრებაზე მეუფე გრიგოლმა წაიკითხა
საზოგადოება • 1778916014
ფოთისა და ხობის ეპარქია აქვეყნებს წერილს, რომელიც გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, პატრიარქობის კანდიდატმა მეუფე გრიგოლმა წაიკითხა. წერილის თანახმად, მაღალმა იერარქმა საკუთარი ხედვა გააცნო მღვდელმთავრებ,ს როგორ წარმოუდგენია ეკლესიის მომავალი და რა უნდა გააკეთონ სასულიერო პირებმა.
ეკლესიის მომავალს მეუფე გრიგოლი შემდგენაირად ხედავს - საჭიროდ მიიჩნევს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების დახვეწას, წმინდა სინოდის სხდომების ხშირად გამართვას, მღვდელმსახურთა სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებას, საღვთისმეტყველო განათლების და საქმიანობის გაძლიერებას, ახალგაზრდობის ეკლესიის ცხოვრებაში ჩართვას, დიასპორის მიმართ მეტ ყურადღებას.
"ჩვენი მოვალეობაა არ დავუსვათ ერთის მხრივ ტრადიციის უგულებელყოფა და მეორეს მხრივ მშრალი ფორმალიზმი, რომელიც აუფერულებს ეკლესიური ცხოვრების სიღრმეს"- წერია წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატის
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის სიტყვა
გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე.
მაღყოვლადუსამღვდელოესო საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრევ, მეუფე შიო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო - საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრნო, მაღალღირსნო და ღირსნო მამანო და დედანო, ძვირფასო დელეგატებო, საყვარელნო ძმანო და დანო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი სამშობლოს ღვთივკურთხეულნო შვილნო,
სიმდაბლითა და მორჩილებით ქედს ვიხრი ჩვენთა დიდებულთა წინაპართა, კათოლიკოს-პატრიარქთა და მამამთავართა წინაშე და მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით:
მიმდინარე წლის 17 მარტს დაქვრივდა საქართველოს საპატრიარქო ტახტი - ღვთივმიიცვალა ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია დადგა უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე: არჩეულ უნდა იქნას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ყოვლისა საქართველოისა და შესაბამისად, განუზომლად დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც ჩვენი დედა ეკლესიის ისტორიული წარსულის, ისე მისი მომავლისა და ქართველი ერის წინაშე.
დღევანდელ საპატრიარქო არჩევნებში ვმონაწილეობთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი 39 მღვდელმთავარი;
დღეს ჩვენ ვირჩევთ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს; ვირჩევთ უვადოდ, ვირჩევთ სიცოცხლის ბოლომდე!
დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი სამომავლოდ აისახება როგორც ჩვენი დედა ეკლესიის, ასევე ერისა და ქვეყნის ცხოვრებაზე.
პასუხისმგებლობის ესოდენ დიდი მასშტაბი თითოეულ ჩვენგანს გვავალებს, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას შევსძინოთ სულიერი და გონისმიერი სიღრმე და პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას:
არათუ ვის, არამედ რას ვაძლევთ ხმას, როგორია ჩვენი არჩევანის ღირებულებითი ღერძი.
ეკლესიის საჭეთმპყრობელობა თავისი არსით ყოველთვის იყო უმაღლესი მსახურება და ერთგვარი მოწამეობრივი მსხვერპლი. ამიტომაც, ყოველი სიტყვა, რომელიც დღეს წარმოითქმის, უნდა წარმოითქვას არა საკუთარი ნების, არამედ ეკლესიის სასიკეთოდ, რათა ყოველივე აღესრულოს სადიდებელად ღმრთისა.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არის ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძველი და ჩვენი ეროვნული ცნობიერების ისტორიული ღერძი.
საუკუნეთა განმავლობაში, როდესაც ჩვენი სამშობლო მრავალგზის იტანჯებოდა და ჩვენთა წინაპართა მოწამეობრივი სისხლით ირწყვებოდა, სწორედ ეკლესია იყო ის სალი კლდე, რომელზეც იდგა ქართველი ერი.
წმიდა მამები, მოწამენი და აღმსარებელნი გვასწავლიან, რომ ჩვენი ძალა არის ქრისტესთან ერთობაში.
დღესაც, ჩვენი დროების მრავალგვარი გამოწვევის წინაშე მდგომნი, ვხედავთ, რომ ეკლესია მოწოდებულია უპასუხოს ახალ ეპოქას უცვალებელი ჭეშმარიტებით.
ჩვენმა ეკლესიამ შორეულ წარსულში, წარმართობაში მყოფ ქართველ ერს დაანახა გზა ხსნისა და საუკუნეთა მანძილზე იგი იცავდა და ინახავდა მას ვითარცა საზეპურო ერს.
გასული საუკუნის მიწურულს, კი კათოლოკოს-პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობით, მანვე მიირქვა ეს ერი და იხსნა უღმერთობის წყვდიადისგან.
დღეს, უკვე აწმყოში, ჩვენ გვმართებს განვუმტკიცოთ ადამიანს სულიერი სისავსე, შევუნარჩუნოთ მას სიყვარულისა და თავისუფლების უნარები, რათა მომავლის ადამიანი იყოს განათლებული, რწმენაში მტკიცე და სიყვარულში შეუორგულებელი.
ჩვენი პასუხისმეგებლობაა, ვიმოქმედოთ სიბრძნით და სიყვარულით, რომ ეკლესიის გუმბათს ქვეშ, მადლისმიერ წიაღში გამთლიანდეს და განახლდეს ჩვენი ერი, იზეიმოს ქრისტესმიერი ერთობის სულმა. სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ის ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია ეკლესიის წინაშე მდგომი გამოწვევების საპასუხოდ;
ამ კრების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროგრამული ხედვის ძირითადი პრინციპების ვრცელი ვერსია, რათა ჩვენი საზოგადოებისა და მრევლის წევრთათვის ცნობილი ყოფილიყო დედა ეკლესიის მომავლის ჩვენეული ხედვა. ამჯერად მოკლედ, თეზისების სახით წარმოგიდგენთ ამ პრინციპებს:
- უპირველესად, საჭიროდ მიგვაჩნია ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების დახვეწა, რომ ის სრულ თანხმობაში იყოს როგორც წმინდა გარდამოცემასთან, სჯულის კანონთან და მამათა სწავლებასთან, ისე იმ გამოწვევებთან, რომელთა წინაშეც დგას თანამედროვე ეკლესია. ყოველივე ეს უნდა აღსრულდეს სინოდალური სიბრძნით, ერთობის დაცვითა და ცოცხალი საეკლესიო სულის გამოხატვით.
- ამავე დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ კრებსითი მმართველობის გაძლიერებას, რადგან ეკლესიის ჭეშმარიტი ცხოვრება ყოველთვის ეფუძნებოდა ერთობლივ განსჯასა და თანამონაწილეობას. წმიდა სინოდის უფრო ხშირი და საფუძვლიანად მომზადებული სხდომები განამტკიცებს ეკლესიას და შესაძლებლობას მოგვცემს, დროულად და ერთობით ვუპასუხოთ ჩვენს წინაშე მდგომ გამოწვევებს.
- ეკლესიის კეთილდღეობა შეუძლებელია მისი სამღვდელოების ღირსეული ყოფის გარეშე. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია მღვდელმსახურთა სოციალური მხარდაჭერის გაძლიერება. ეკლესიაში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი, გამჭვირვალე და სოლიდარული მხარდაჭერის სისტემა, რათა სასულიერო პირს შეეძლოს სრულად ემსახუროს ღმერთსა და სამწყსოს. ასევე, აუცილებელია სოციალური მსახურებისა და საეკლესიო სოციალური დოქტრინის განვითარება, რათა ეკლესიამ ერთიანი და მკაფიო ხმით უპასუხოს სიღარიბის, ოჯახური კრიზისის, მიგრაციის, ბიოეთიკური და ტექნოლოგიური გამოწვევების საკითხებს.
- მნიშვნელოვან ამოცანად მიგვაჩნია საღვთისმეტყველო განათლებისა და მისიონერული საქმიანობის გაძლიერება. უნდა განვითარდეს საღვთისმეტყველო სწავლება და კვლევა, უნდა წახალისდეს სასულიერო პირთა აკადემიური კვალიფიკაციის ამაღლება, ხოლო ეკლესიის ხმა უფრო მძლავრად და ცოცხლად უნდა მისწვდეს ყველა სოციალურ ჯგუფს.
- განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ახალგაზრდობის ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართვას. ახალგაზრდამ ეკლესიაში უნდა იხილოს არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ ცოცხალი ქრისტე; არა მხოლოდ წარსული, არამედ მომავალი. ამისათვის საჭიროა საგანმანათლებლო და მისიონერული საქმიანობის გაშლა, რათა ახალი თაობა ქრისტიანულ ცნობიერებაში განმტკიცდეს.
- ამასთანავე, ეკლესია ვალდებულია შეურყვნელად დაიცვას წმინდა გარდამოცემა და სამოციქულო ტრადიცია. ჩვენი მოვალეობაა არ დავუშავთ, ერთი მხრივ, ტრადიციის უგულებელყოფა, ხოლო, მეორე მხრივ, მშრალი ფორმალიზმი, რომელიც აუფერულებს ეკლესიური ცხოვრების სიღრმეს. ტრადიცია უნდა დარჩეს ცოცხალ მოწმობად, რომელიც მომავალ თაობებს სიწმიდით გადაეცემა.
- და ბოლოს, განსაკუთრებული მზრუნველობა გვმართებს ჩვენი დიასპორის მიმართ. უცხოეთში მცხოვრები ქართველები არ უნდა მოსწყდენენ დედა ეკლესიასა და ეროვნულ ფესვებს. უნდა გავაძლიეროთ საზღვარგარეთის ეპარქიები, რათა ისინი იქცნენ რწმენისა და კულტურის მტკიცე ქართულ კერებად უცხოეთში.
დღეს საქართველოს ეკლესიას სჭირდება ერთობა, სიბრძნე და ერთგული მსახურება, რათა მან განამტკიცოს და ღირსეულად გადასცეს სამოციქულო მემკვიდრეობა მომავალ თაობებს. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ წმიდა სინოდის თითოეული მღვდელმთავრის აქტიური ჩართულობით არა მხოლოდ საეპარქიო ცხოვრების მართვაში, არამედ ზოგად საეკლესიო სისავსის ცხოვრებაში, რაც უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებას კრებსითობის პრინციპით, თანახმად წმიდა სამოციქულო ტრადიციისა.
დაე, უფალმა იესო ქრისტემ, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა, წმიდისა დედისა ჩვენისა - მოციქულთასწორისა ნინოსი და საქართველოში წამებულთა, ღირსთა მამათა და დედათა და ყოველთა წმიდანთა, განამტკიცოს ჩვენი ეკლესია ერთობაში, სიწმიდესა და ჭეშმარიტებაში.
* * *
... და ბოლოს, აწ უკვე ნათქვამს დავსძენ:
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ერის ცხოვრებაში, ვღელავთ, დიდი მოლოდინია დღეს ჩვენი საზოგადოების გულში; ამიტომ, მე მინდა გითხრათ, მოგმართოთ, (რომ)
ჩვენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატები, განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, სხვა არჩევნებისგან, არ ვართ ერთმანეთთან დაპირისპირებაში, კონფრონტაციაში მყოფი ადამიანები.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო; ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა ეკლესია, ...და რაც კი რამ ჩვენს ხედვებში გაგვაჩნია, იმედი გვაქვს და გვწამს, რომ ამ არჩევნების ნებისმიერი შედეგით დასრულებისას, ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ეკლესიის გაძლიერებას, ჩვენი ხალხის შემოკრებას ეკლესიის წიაღში და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისათვის მყარი ფუნდამენტის შექმნას.
გმადლობთ!
დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!
* * *
11 მაისი, 2026 წელი - თბილისი.
ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარი.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










