ინციდენტი თელავის სასტუმროში: ქორწილზე სიძის ძმა დააკავეს, ადვოკატი კი რუსი დამსვენებლების მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს
შემთხვევა • 1784464853
თელავში, სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმრო „აგარანის მამულში“ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, სამართალდამცავებმა 30 წლის გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. ინციდენტი 2026 წლის 18 ივლისს, ქორწილის მიმდინარეობისას მოხდა და მასში სასტუმროში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს პოზიცია და თვითმხილველთა ჩვენებები
სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, დაკავება მოწმეთა ჩვენებებს ემყარება:
„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“.
ქორწილის სტუმრები და თვითმხილველები ადასტურებენ, რომ ღონისძიება ჩაიშალა. მათი თქმით, დამსვენებლები, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ, აივნიდან იგინებოდნენ, ხალხსა და ტექნიკას სხვადასხვა სითხეს ასხამდნენ. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებამდე მათ სიტუაციის განსამუხტავად სასტუმროს ადმინისტრაციასაც მიმართეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
ადვოკატის ვერსია: „რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია“
დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი ლაშა კაპანაძე იცავს. მისი განმარტებით, გიორგი ჭიღლაძე (რომელიც სიძის ძმაა) რუსი დამსვენებლების მხრიდან აგრესიისა და პროვოკაციის მსხვერპლია. ადვოკატის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მე-3 სართულზე მყოფმა პირებმა ვერანდაზე მიმდინარე ქართული ქორწილის მისამართით რუსულად „გორკას“ ძახილი დაიწყეს, თუმცა ქორწილზე შეკრებილი საზოგადოების მხრიდან იგნორის გამო ფურთხება დაიწყეს, აივნიდან სითხე გადაასხეს და მუსიკალური აპარატურა მწყობრიდან გამოიყვანეს.
ლაშა კაპანაძის განცხადებით, რუსულენოვანმა დამსვენებლებმა სტუმრებს დედა აგინეს და უთხრეს, რომ „ვართ პაპუასების ქვეყანა“. მას შემდეგ, რაც ხარვეზის აღმოფხვრის მიუხედავად, სითხეების დასხმა კვლავ განმეორდა და მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა შეურაცხმყოფელი პირობების გამო იქაურობა დატოვა, გიორგი ჭიღლაძე მათ ნომერში ავიდა. ადვოკატი იხსენებს ოთახის კართან განვითარებულ მოვლენებს:
„კარის გაღების შემდეგ გიორგი ჭიღლაძე დადგა კარის ზღურბლთან, შეიძლება ოდნავ შიგნითაც და ქართულად მიმართა იქ მყოფ ქალს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი. აღნიშნულზე სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ინგლისურად უპასუხა, რომ იმყოფებოდა მის ოთახში და მოითხოვა მასთან რუსულად ლაპარაკი. აღნიშნულზე გიორგი ჭიღლაძემ ინგლისურად უპასუხა, რომ ეს ქალი იმყოფებოდა გიორგი ჭიღლაძის ქვეყანაში ანუ საქართველოში და მოსთხოვა ესაუბრა ქართულად ან საუბარი გაეგრძელებინა ინგლისურად, რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking whore (შე ბოზო)“.
კაპანაძის თქმით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა, რა დროსაც ქალმა გიორგის გულ-მკერდის არეში ორჯერ ჩაარტყა ხელი. ამის შემდეგ „გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა“. კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ჭიღლაძემ ტერიტორია დატოვა. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ დაკავებულს თავადაც აღენიშნება დაზიანებები ყელის არეში, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დააფიქსირა და მოითხოვენ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას. ჭიღლაძე ამჟამად გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
სასტუმროს პოზიცია
სასტუმრო „AGARANI ESTATE“ მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ძალადობასა და დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს კონფლიქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ:
„როგორც კი ჩვენმა გუნდმა შენიშნა, რომ მონაწილე პირებს შორის სიტუაცია იძაბებოდა, სამართალდამცავი ორგანოები დაუყოვნებლივ გამოიძახა, მანამდე, სანამ ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა. ინციდენტის შემდეგ ასევე დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ჩვენი გუნდი დაეხმარა მონაწილე პირებს, უზრუნველყო ყველა შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება და სრულად აგრძელებს თანამშრომლობას უფლებამოსილ ორგანოებთან“.
სასტუმროში ჩატარებული შიდა მოკვლევით დგინდება, რომ მათ არცერთ თანამშრომელს არ გაუმჟღავნებია სტუმრის ოთახის ნომერი და არც ფიზიკურ დაპირისპირებაში მიუღია მონაწილეობა. „აგარანი ესტეიტი“ საზოგადოებას მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე დაეყრდნონ მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებს და დასძენს, რომ ცრუ განცხადებების მიერ ბიზნესის რეპუტაციის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










