როგორ შექმნა იტალიელმა მოქანდაკემ მსოფლიო ჩემპიონატის თასის იკონური დიზაინი — და რატომ არ რჩებათ ის ჩემპიონებს სამუდამოდ
სპორტი • 1784531238
19 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ესპანეთმა მიიღო, ფინალში მათ არგენტინა 1:0 დაამარცხეს. როგორ შექმნა იტალიელმა მოქანდაკემ მსოფლიო ჩემპიონატის თასის იკონური დიზაინი — და რატომ არ რჩებათ ის ჩემპიონებს სამუდამოდ - ამის შესახებ გთავაზობთ ევრონიუსის მიხედვით მომზადებულ სტატიას.
იტალიელ მოქანდაკეს, რომელმაც ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის თასის დიზაინი შექმნა, სურდა, რომ ერთ სპირალურ ფორმაში სპორტული ემოციების მთელი ტრიადა აესახა: ათლეტის ბრძოლა, გულშემატკივრის აღტაცება და გამარჯვების მომენტი.
მსოფლიო ჩემპიონატის თასი მილანში შეიქმნა
როდესაც ბრაზილიამ 1970 წელს მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და წესების თანახმად, პირვანდელი თასი სამუდამოდ საკუთრებაში დარჩა, ფიფამ ახალ დიზაინზე ღია კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებული მილანელი 50 წლის მოქანდაკე გახდა.
სილვიო გაზანიგამ გამარჯვებული პროექტი მილანში, ბრერას უბანში მდებარე თავის სტუდიაში შექმნა. მის მიერ შექმნილ დიზაინზე, რომელიც დღეს ფეხბურთის თაობებისთვისაა ნაცნობი, გამოსახულია ორი ფიგურა, რომლებიც მაღლა მიისწრაფვიან და მათზე დაყრდნობილი გლობუსი.
„როდესაც თასის დიზაინზე მუშაობა დაიწყო, უამრავი ჩანახატი გააკეთა. საბოლოოდ მივიდა იდეამდე, შეექმნა დედამიწის გლობუსი და დნმ-ის ორმაგი სპირალის მსგავსი სიმბოლო, რომელიც მაღლა მიემართება“, — იხსენებს დიზაინერის შვილი, ჯორჯო გაზანიგა, რომელიც იმ დროს მოზარდი იყო.
უფროსი გაზანიგა, რომელიც 2016 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, მილანის ბრერას ნატიფი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, რის შემდეგაც კომპანია G.D.E. Bertoni-ს შეუერთდა. მოგვიანებით მან ფეხბურთის ისეთი ცნობილი თასების დიზაინი შექმნა, როგორებიცაა უეფას თასი, უეფას სუპერთასი და ინტერკონტინენტური თასი.
გაზანიგამდე იყო ჟიულ რიმე
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი თასი, რომელიც 1930 წლის სადებიუტო ტურნირისთვის შეიქმნა, გამარჯვების ბერძენ ქალღმერთ ნიკეს გამოსახავდა. მოგვიანებით მას ფიფას პრეზიდენტ ჟიულ რიმეს სახელი ეწოდა, რომელმაც დააარსა კიდეც ეს ტურნირი.
ფრანგი მოქანდაკის, აბელ ლაფლერის მიერ შექმნილი ჯილდო მოოქროვილი ვერცხლისგან დამზადდა და ლაზურიტის სადგამზე იდგა.
პირვანდელი წესებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს სამჯერ მოიგებდა, თასს სამუდამოდ ინარჩუნებდა. ბრაზილიამ ეს 1970 წელს შეძლო, რამაც ფიფას აიძულა, გაზანიგასთვის ახალი თასის შექმნა შეეკვეთა.
ჟიულ რიმეს თასი ორჯერ მოიპარეს. პირველი ქურდობა 1966 წელს ინგლისში მოხდა, სადაც ის საჯაროდ იყო გამოფენილი. ფიფას ცნობით, ძაღლმა, სახელად პიკლსმა, ის ლონდონის სამხრეთით, ბუჩქნარში იპოვა.
მეორედ თასი 1983 წელს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის შტაბ-ბინიდან მოიპარეს. მას შემდეგ ჯილდო აღარავის უნახავს; გავრცელებული ვერსიით, ის გადაადნეს.
გამარჯვებისთვის ბრძოლის ასახვა
გაზანიგას დიზაინმა 25 ქვეყნის ხელოვანის მიერ წარდგენილ 50-ზე მეტ პროექტს აჯობა.
მისი შვილის თქმით, უბრალო ჩანახატების წარდგენის ნაცვლად, მან ჟიურის თასის სრულმასშტაბიანი თაბაშირის პროტოტიპი წარუდგინა, რამაც მათ საშუალება მისცა, ნამუშევარი დასრულებული სახით შეეფასებინათ.
„აქ არის სამყარო, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას; არის ათლეტის დაძაბულობა, მოძრაობა ლითონში. ათლეტის სხეული უხეში და რელიეფურია, რადგან მან გაიარა ტანჯვა, ბრძოლა და წინააღმდეგობა გამარჯვებისთვის. ეს გამარჯვება გამოხატულია ხელებით, რომლებიც გამარჯვების ფრთებს წააგავს — ის ასახავს არა მხოლოდ ათლეტის ტრიუმფს, არამედ გულშემატკივრის აღტაცებასაც“, — ამბობს უმცროსი გაზანიგა.
გაზანიგას ოჯახმა მოქანდაკის კაბინეტი პირვანდელი სახით შეინახა მილანის გარეუბანში, პიოლტელოში. იქ ინახება ნახაზები, ფიფასთვის წარდგენილი ორიგინალი პროტოტიპი და ცვილის ყალიბი.
წელს მილანის ხელისუფლებამ მემორიალური დაფა გახსნა გაზანიგას ყოფილი სტუდიის ფასადზე (ვოლტას ქუჩა #7), სადაც მან ეს იკონური თასი შექმნა.
რატომ არ რჩებათ ჩემპიონებს თასი სამუდამოდ
მსოფლიო ჩემპიონატის თასი, რომელსაც გამარჯვებული გუნდი ფინალის ბოლოს აღმართავს, 36 სანტიმეტრის სიმაღლისაა და 18-კარატიანი ოქროსგანაა ჩამოსხმული. მისი ფუძე მალაქიტის ორ მწვანე რგოლს ეყრდნობა, რაც საფეხბურთო მოედანს ასახავს.
გამარჯვებულთა საუბედუროდ, ტურნირის დასრულების შემდეგ თასი ფიფას უბრუნდება.
ორგანიზაცია ორიგინალ თასს შვეიცარიაში მდებარე შტაბ-ბინაში ინახავს, ჩემპიონ გუნდს კი მოოქროვილი ასლი გადაეცემა. გარდა ამისა, ფიფა აღარც სამგზის ჩემპიონებს აძლევს უფლებას, ორიგინალი სამუდამოდ დაიტოვონ.
გაზანიგას დიზაინით შექმნილი თასი პირველად დასავლეთ გერმანიის ნაკრების კაპიტანმა, ფრანც ბეკენბაუერმა 1974 წლის ფინალის შემდეგ აღმართა. მას შემდეგ ის ფეხბურთის მთავარ ჯილდოდ რჩება.
უმცროს გაზანიგას დღემდე ახსოვს, როგორ უყურებდა იმ მატჩს ოჯახთან ერთად სახლში, როდესაც გერმანია ნიდერლანდებს ეთამაშებოდა.
„სიხარულის ნამდვილი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გერმანიის ნაკრებმა თასი მიუნხენში აღმართა და მთელი სტადიონი ემოციით აივსო“, — თქვა მან. „ეს იყო მომენტი, როდესაც ნივთი იკონად იქცა“.
გაზანიგას მემკვიდრეობა ცოცხლობს
სილვიო გაზანიგა 2016 წლის 31 ოქტომბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი შემოქმედება იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ დღემდე დაფასებულია.
2003 წელს მილანმა გაზანიგას ქალაქის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო (Ambrogino d’Oro) მიანიჭა ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. რვა წლის შემდეგ მან ნუმიზმატთა და მედალიერთა საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო მიიღო.
ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ კი მსოფლიო ჩემპიონატი გაზანიგასთვის თითქოს ერთგვარი სამუდამო აღიარების ჯილდოა.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










